მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების ძირითადი მიზანია საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, ასევე, საფინანსო სექტორისადმი საზოგადოების ნდობის ამაღლების, მომხმარებელთა ინტერესების მაქსიმალურად დაცვისა და ბაზარზე არსებული საფინანსო პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც მომხმარებლის მიერ ახალი საფინანსო პროდუქტების აქტიურ გამოყენებას, ასევე, მათთან დაკავშირებული სხვადასხვა რისკის შემცირებას. აღნიშნულის მისაღწევად, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებულია „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომელმაც ჩაანაცვლა მანამდე არსებული წესები. აღნიშნული წესის შესრულების უზრუნველყოფის გარდა, განყოფილების ერთ-ერთი ფუნქციაა მომხმარებლებისაგან პრეტენზიების მიღება, განხილვა და საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე რეაგირება.
ამ წესით განსაზღვრული ნორმების შესრულება სავალდებულოა საქართველოში მოქმედი და ლიცენზირებული ყველა კომერციული ბანკისთვის, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისთვის - საკრედიტო კავშირებისთვის და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.
აღნიშნული წესი ადგენს ფინანსური ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლისთვის, ასევე, თავდებისა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეისთვის ხელშეკრულების გაფორმებამდე, გაფორმებისას, მათ შორის დისტანციურად, და შემდგომში ინფორმაციის მიწოდების სტანდარტს. წესი ადგენს ხელშეკრულების ფორმას, აწესებს მოთხოვნებს რეკლამირება-შეთავაზებასთან დაკავშირებით, ასევე, განსაზღვრავს მომხმარებელთა პრეტენზიების მიღება-აღრიცხვის პროცესებსა და პროცედურებს. წესი სხვადასხვა მომსახურებაზე გარკვეულ შემთხვევებში ადგენს საკომისიოს მაქსიმალურ ზღვარს, მათ შორის ამონაწერის გაცემასთან, არააქტიურ პროდუქტებთან, სესხის წინსწრებით დაფარვასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ფინანსურ ორგანიზაციას აღნიშნული წესი ავალდებულებს მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვას ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების აღიარებული ნორმები და სესხის ამოღების პროცესის მიზნებისთვის შეიმუშაოს ეთიკის კოდექსი.
წესის გარკვეული მოთხოვნები ვრცელდება ფინანსური ორგანიზაციების მიერ გაწეულ ნებისმიერ მომსახურებასა და პროდუქტზე. ამასთან, ხელშეკრულებების გაფორმებასა და სახელშეკრულებო ურთიერთობებთან დაკავშირებული სტანდარტები ძირითადად 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარამდე ან ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში მოცულობის სესხებსა და დეპოზიტებს ეხება.
ხელშეკრულების ბათილობის საფუძვლებს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ფინანსური ორგანიზაციის მიერ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 9 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების დარღვევა ვერ იქნება ფინანსურ ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი, თუ აღნიშნული გარემოება ამავდროულად არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ხელშეკრულების ბათილობის კრიტერიუმებს.
2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედებული წესის გარკვეული მოთხოვნები, როგორიცაა, მაგალითად, მომხმარებლის ინფორმირებისთვის დადგენილი ვადები, მომხმარებლის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების გადაცემის ფორმა და სიხშირე და ა. შ., ვრცელდება მათ შორის წესის ამოქმედებამდე დადებულ ხელშეკრულებებზეც. ამასთან, რიგი მოთხოვნები მოწესრიგებულია 2021 წლის 1 აპრილამდე მოქმედი წესით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ 2021 წლის 1 აპრილამდე გაფორმებული ხელშეკრულების პირობების ცვლილების შემთხვევაში, როცა ამავდროულად ფორმდება ცვლილების ხელშეკრულება, მოქმედებს ახალი წესის მოთოვნები.
კრედიტის წინსწრებით დაფარვისთვის დაკისრებული საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და ის ნარჩენი ძირი თანხის 2%-ს შეადგენს. ამასთან, ზემოხსენებული წესის მოქმედების ფარგლებში წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დამოკიდებულია სესხის/კრედიტის საპროცენტო განაკვეთის ტიპსა (ფიქსირებული, ცვლადი, ინდექსირებული) და სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის მომენტიდან სესხის/კრედიტის დასრულებამდე დარჩენილ ვადაზე.მაგალითად, თუ სესხი/კრედიტი ცვლადგანაკვეთიანია და სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის მომენტში სესხის/კრედიტის დარჩენილი ვადა 25 თვეს შეადგენს, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა წინსწრებით დაფარვის მომენტში დარჩენილი ძირი თანხის 1%-ს არ უნდა აღემატებოდეს (საკომისიოების ოდენობების შესახებ მეტი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე.
ამასთან, 2021 წლის 1 აპრილამდე დადებულ ხელშეკრულებებზე, რომლებზეც არ მომხდარა ცვლილება, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა დამოკიდებულია სესხის/კრედიტის დაფარვის მომენტიდან სესხის/კრედიტის დასრულებმადე დარჩენილ ვადაზე. მაგალითად, თუ სესხი გაცემულია 2018 წლის მაისში და ის წინსწრებით იფარება 2021 წლის სექტემბერში, ხოლო გრაფიკის მიხედვით სესხის/კრედიტის დარჩენილი ვადა შეადგენს 10 თვეს, წინსწრებით დაფარვის საკომისიოს მაქსიმალური ოდენობა წინსწრებით დაფარვის მომენტში სესხის/კრედიტის ნარჩენი ძირი თანხის 0.5%-ს არ უნდა აღემატებიდეს (მეტი ინფორმაცია 2021 წლის 1 აპრილამდე დადებული ხელშეკრულებების წინსწრებით დაფარვის საკომისიოების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
თუ ფიზიკური პირის მიერ კომერციულ ბანკში აღებული ლარის სესხის მიზნობრიობა იმავე, ან სხვა კომერციულ ბანკში უცხოური ვალუტით აღებული სესხის რეფინანსირებაა (ანუ ადგილი აქვს ფიზიკური პირის სესხის კონვერსიას ლარში), კომერციულ ბანკს ეკრძალება ფიზიკურ პირს დააკისროს სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო.
მომხმარებლის მიერ მომსახურების ნებისმიერ არხში (როგორც ფილიალში, ასევე, დისტანციურ არხში მომხმარებლის დადგენილი წესით იდენტიფიკაციის შემდეგ) სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის ნებისმიერი ფორმით, მათ შორის, ზეპირსიტყვიერად მოთხოვნის შემთხვევაში, რაც ადასტურებს მომხმარებლის ნების გამოვლენას, მომხმარებლის ანგარიშზე საკმარისი სახსრების არსებობისას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია კრედიტის წინსწრებით დაფარვა განახორციელოს იმავე დღეს. თუ ტექნიკური ან სხვა მიზეზით კრედიტის დაფარვა საჭიროებს განსაზღვრულ ვადას, ორგანიზაციას შეუძლია ისარგებლოს ამ ვადით, მაგრამ მოცემულ პერიოდზე არ უნდა განხორციელდეს პროცენტის დარიცხვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ თუ სესხის/კრედიტის თანხა აღემატება 2,000,000 (ორი მილიონი) ლარს, ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია მომხმარებელს მოთხოვოს წინსწრებით დაფარვის შესახებ მისი ინფორმირების 14 დღიანი ვადა, თუმცა, აღნიშნული გაწერილი უნდა იყოს მხარეებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში.
ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საკრედიტო ან სადეპოზიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, მომხმარებლის მიერ ამ ხარჯების გაწევის პერიოდის გათვალისწინებით. შესაბამისად, ის ასახავს იმ რეალურ საპროცენტო განაკვეთს, რომელსაც მომხმარებელი იხდის/იღებს ამათუიმ პროდუქტით სარგებლობისას. ეფექტური საპროცენტო განაკვეთების შედარება მომხმარებელს სხვადასხვა შემოთავაზებებს შორის არჩევანის გაკეთების კარგ საშუალებას აძლევს (ეფექტური საპროცენტო განაკვეთის კალკულატორი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე
თუ მომხარებელს სურს კომერციულ ბანკში პერიოდულ შენატანზე მეტი თანხის წინსწრებით სრულად/ნაწილობრივ დაფარვა, გარდა ანგარიშზე თანხის შეტანისა, მან ასევე უნდა განაცხადოს კრედიტის წინსწრებით დაფარვის სურვილის შესახებ. მხოლოდ ამის შემდეგ კომერიცული ბანკი ვალდებული იქნება მოახდინოს კრედიტის ძირითადი თანხის სრული/ნაწილობრივი დაფარვა. ხოლო, სხვა ფინანსური ორგანიზაციები (მიკროსაფინანსო ორგანიზაცია და სესხის გამცემი სუბიექტი), თუ მომხმარებლის მიერ ანგარიშზე განთავსებული თანხა აღემატება გრაფიკით განსაზღვრულ პერიოდულ შენატანს, სხვაობის თანხას მიმართავს ძირი თანხის შესამცირებლად მიუხედავად იმისა, მომხმარებელი დააფიქსირებს თუ არა აღნიშნულ მოთხოვნას.
ფინანსური ხარჯი არის მომხმარებლის მიერ საკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობისთვის გასაწევი აუცილებელი ხარჯი, მაგალითად: საპროცენტო ხარჯი/შენატანები, მომსახურებაზე ფინანსური ორგანიზაციის მიერ დაწესებული გადასახდელები, აუცილებელი დაზღვევის ხარჯი, ქონების ღირებულების შეფასების ხარჯი, სანოტარო ხარჯი და სხვა.
ხოლო ის ხარჯები, რომელიც მომხმარებელს ისედაც უნდა გაეწია, მიუხედავად იმისა, ისარგებლებდა თუ არა სესხით/კრედიტით, არ მიეკუთვნება ფინანსურ ხარჯებს და არ გაითვალისწინება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებისას. მაგალითისთვის, ფინანსურ ხარჯად არ მიიჩნევა პირადობის დამადასტურებელი ვადაგასული მოწმობის განახლების ხარჯი, რამდენადაც მისი განახლება უშუალოდ სესხით.კრედიტით სარგებლობასთან პირდაპირ კავშირში არ არის.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების დადების მომენტში მომხმარებელს შეუთანხმდეს იმ არხსა და პერიოდულობაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება ინდექსის ცვლილების შემთხვევაში მომხმარებლის ინფორმირება. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ შეიცვლება მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდექსი, აღნიშნულის შესახებ ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა აცნობოს ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრული ფორმით.
ხელშეკრულების თავსართი არის ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი, რომელიც წინ უსწრებს ხელშეკრულების ყველა სხვა ნაწილს. თავსართში მოცემული ინფორმაცია წარმოადგენს ხელშეკრულების მნიშვნელოვან პირობებს და მოიცავს მათ შორის ნომინალურ და ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებს, პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ხარჯებს, პირგასამტეხლოების ოდენობასა და სხვა მნიშვნელოვან სახელშეკრულებო ინფორმაციას. თავსართში, ასევე, მითითებულია უკმაყოფილების შემთხვევაში რა ფორმით შეუძლია მომხმარებელს დააფიქსიროს თავისი პრეტენზია. თავსართი მომხმარებელს ეხმარება გაიგოს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია შემოთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით და მიიღოს სწორი გადაწყვეტილება სასესხო/სადეპოზიტო პროდუქტით სარგებლობასთან დაკავშირებით, რამდენადაც მასში მოკლედ და გასაგები ენითაა გადმოცემული ხელშეკრულების ძირითადი პირობები.
მომხმარებლის მიერ კრედიტის ვადაგადაცილების შემთხვევაში ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მომხმარებელს, ასევე, თანამსესხებელს, და/ან თავდებს და/ან სოლიდარულ თავდებს დაუყოვნებლივ, შესაძლებლობის ფარგლებში, მაგრამ არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა. ფინანსური ორგანიზაცია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობაზე, თუ მომხმარებელთან და/ან თავდებთან და/ან სოლიდარულ თავდებთან დაკავშირება ვერ ხერხდება ამ უკანასკნელების მიერ საკონტაქტო ინფორმაციის შეცვლის გამო, რის შესახებაც ფინანსურ ორგანიზაციას არ აქვს ინფორმაცია.
მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მიაწოდოს მას ხელშეკრულების ნიმუში მატერიალური ან ელექტრონული ფორმით, რომელშიც სრულად იქნება მითითებული ხელშეკრულების ყველა მუხლი და წინასწარ ცნობილი პარამეტრი. მომხმარებლის მიერ სპეციალური საფინანსო პროდუქტის მიღებასთან დაკავშირებული განაცხადის გაკეთების შემდეგ კი მომხმარებელს შეუძლია მიიღოს ხელშეკრულების ნიმუში მისთვის შესათავაზებელი კონკრეტული პირობების მითითებით.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია შეწყვიტოს არააქტიურ საფინანსო პროდუქტზე საკომისიოს დარიცხვა, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ მომხმარებელი აღნიშნულის გარდა სარგებლობს სხვა აქტიური არასაკრედიტო/სადეპოზიტო პროდუქტებითაც. არააქტიურად ითვლება პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს არ გამოუყენებია ბოლო 12 თვის განმავლობაში, გარდა საკრედიტო პროდუქტებისა, ასევე, იმ მიმდინარე და სადეპოზიტო ანგარიშებისა, რომელზეც არის დადებითი ნაშთი.
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი ვალდებულების უზრუნველსაყოფად გამოყენებულია ერთზე მეტი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, კრედიტორი თავად არის უფლებამოსილი განსაზღვროს მათი რეალიზაციის რიგითობა ვალდებულების მოცულობიდან, დაგირავებული ან იპოთეკით დატვირთული ნივთის ღირებულებიდან, ნივთის ლიკვიდურობიდან ან სხვა ინტერესებიდან გამომდინარე.
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ. ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს და საყურადღებო კურსის (ასეთების არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომით განთავსება. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ტრანზაქციის შესრულებიდან ნახევარი საათის განმავლობაში მიმართავს ვალუტის გადამცვლელ პუნქტს აღნიშნული ტრანზაქციის გაუქმების მოთხოვნით და წარადგენს ტრანზაქციის შესაბამის ქვითარს, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია გააუქმოს შესრულებული ტრანზაქცია.
იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს სესხს ან დეპოზიტს ფინანსური ორგანიზაციის ნაცვლად შუამავალი თავაზობს, რომელიც არ არის ბანკის თანამშრომელი, მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაც ამავე შუამავლს ეკისრება.
რისკის დაზღვევის მოთხოვნა დამოკიდებულია ფინანსური ორგანიზაციის გადაწყვეტილებაზე და აღნიშნული კანონმდებლობით სავალდებულო არ არის. მაგალითად, თუ სესხის/კრედიტის მიღებისთვის ფინანსურმა ორგანიზაციამ მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა მოითხოვა, აღნიშნული უშუალოდ ფინანსური ორგანიზაციის მიერ დადგენილი პირობაა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნას არ წარმოადგენს.
თუ სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის მისაღებად ფინანსური ორგანიზაცია ითხოვს ან/და მომხმარებელს სთავაზობს რისკის დაზღვევას, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს წარუდგინოს არანაკლებ სამი სხვადასხვა სადაზღვევო ორგანიზაციის პროდუქტის ალტერნატივა. ასევე, მიაწოდოს ინფორმაცია თითოეული სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების პირობებზე, მათ შორის, გადასცეს ე. წ. „საინფორმაციო ფურცელი“, სადაც მოცემული უნდა იყოს დაზღვევასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი პირობა.
დიახ, მომხმარებელი უფლებამოსილია თავად წარადგინოს მისთვის სასურველი სადაზღვევო კომპანიიდან შესაბამისი სადაზღვევო პოლისი. ამასთან, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებელს უნდა მიაწოდოს ის პირობები და კრიტერიუმები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მომხმარებლის მიერ წარდგენილი სადაზღვევო პოლისი, ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის მიერ წარდგენილი პოლისი მისაღები არ იქნება ფინანსური ორგანიზაციისთვის, მან უარის მიზეზი წერილობით უნდა დაასაბუთოს.
ფინანსურ ორგანიზაციას ეკრძალება სპეციფიკური საფინანსო პროდუქტის ხელშეკრულებაში ცალმხრივი ცვლილების შეტანა ან/და აღნიშნულზე წინასწარ შეთანხმება, თუ ცვლილება:
ა) ეხება პროდუქტის ვალუტას;
ბ) განპირობებულია ფინანსური ორგანიზაციის მიერ კრედიტის გაცემის მომენტში მომხმარებლის გადახდისუნარიანობის არასწორი შეფასებით და აღნიშნულის მიზეზი არ არის მომხმარებლის მიერ განზრახ არასწორი ან არასრული მონაცემების მიწოდება;
გ) განპირობებულია ინფლაციის ზრდით, ეკონომიკური ვარდნით და/ან საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ცვლილებით არაუმეტეს 5 პროცენტული პუნქტისა.
ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის მიხედვით განსაზღვრულია სამი ტიპის საპროცენტო განაკვეთი: 1. ფიქსირებული, 2. ცვლადი და 3. ინდექსირებული. ამასთან, ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან მომხმარებელთან დადებულ 1,000,000 (ერთი მილიონი) ლარამდე ან ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში სასესხო და სადეპოზიტო ხელშეკრულებებში მიუთითონ შესაბამისი ტიპის საპროცენტო განაკვეთი.
ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით გაცემულ სესხზე ან დეპოზიტზე ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროდუქტის ფასის ცვლილება დაუშვებელია, თუ აღნიშნული არ არის გამოწვეული მომხმარებლის ქმედებით. ცვლადგანაკვეთიანი პროდუქტის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შესაძლებელია პროდუქტის ფასის ცვლილება, თუმცა, აღნიშნულის შესახებ, ცვლილებისთვის საჭირო კონკრეტული გარემოებების მითითებით აღნიშნული უნდა იყოს ხელშეკრულებაში. ხოლო, ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი ისეთი ტიპის საპროცენტო განაკვეთია, რომელიც მიბმულია კონკრეტულ საჯარო ინდექსზე და მისი ცვლილება ხდება ინდექსის ცვლილების შესაბამისად. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ სხვადასხვა ტიპის საპროცენტო განაკვეთიანი სესხებისთვის დადგენილია სესხის/კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიოს განსხვავებული ოდენობები.
ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი არის ისეთი ტიპის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რომელიმე საჯარო ინდექსზე და მისი ცვლილებაც აღნიშნული ინდექსის ცვლილების შესაბამისად ხდება. საჯარო ინდექსი არის ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ფინანსური ორგანიზაცია ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. მაგალითად, დეპოზიტის ან სესხის/კრედიტის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა მიბმული იყოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, ლონდონის ბანკთაშორის განაკვეთზე, ნავთობის ან ოქროს ფასზე და ა.შ. ამასთან, თუ იცვლება ინდექსი, მომხმარებელსა და ფინანსურ ორგანიზაციას შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთიც იმავე ოდენობით შეიცვლება. ასევე, ინდექსირებულ საპროცენტო განაკვეთიანი სესხის/კრედიტის გაცემისას ფინანსურ ორგანიზაციებს ეკისრებათ ვალდებულება მომხმარებლებს გაუმჟღავნონ ის რისკები, რაც დაკავშირებულია აღნიშნული ინდექსის ცვლილებასთან.
გენერალური ხელშეკრულება გულისხმობს ისეთ ხელშეკრულებას, რომლის ფარგლებშიც ფორმდება კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებები იმ ლიმიტისა და ვადის გათვალისწინებით, რაც დადგენილია გენერალური ხელშეკრულებით. ასევე, თუ კრედიტი უზრუნველყოფილია თავდებობით და/ან მსესხებელი და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრე სხვადასხვა პირია, გენერალური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ლიმიტის და ვადის ფარგლებში ახალი კრედიტის გაცემისას და/ან საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანისას, საჭირო აღარ არის თავდების და/ან უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის დამატებითი თანხმობა.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია გენერალური ხელშეკრულების მონაწილე ყველა მსესხებელს, უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეს და/ან თავდებს/სოლიდარულ თავდებს შეატყობინოს კრედიტის გაცემის და/ან საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე კრედიტის გაცემის შემდეგ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანამდე არანაკლებ 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე.
ერთზე მეტი მიმდინარე ვადამოსული ვალდებულების არსებობის შემთხვევაში, როდესაც მომხმარებლის ანგარიშზე განთავსებული თანხა არ არის საკმარისი ერთზე მეტი და/ან ყველა ვალდებულების დასაფარად, მომხმარებელს უფლება აქვს თავად აირჩიოს ის ვალდებულება, რომლის დაფარვაც პირველ რიგში სურს. ამასთან, არჩევანი უნდა გაკეთდეს უშუალოდ ასეთი შემთხვევის დადგომისას და მისი წინასწარ ხელშეკრულებით განსაზღვრა არ არის დასაშვები. აქვე, გასათვალისწინებელია, რომ ფინანსურ ორგანიზაციას შეუძლია მომხმარებელს წინასწარ შეუთანხმდეს კონკრეტულ არხზე, რომლითაც მომხმარებელს საშუალება ექნება დააფიქსიროს მსგავსი ნების გამოვლენა. ეს მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ 1,000,000 ლარამდე ან ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში სასესხო/საკრედიტო პროდუქტებზე.
ვალდებულება უნდა დაიფაროს პირველ რიგში იმ ვალუტის ანგარიშიდან, რომელ ვალუტაშიც განსაზღვრულია გადახდები (თუ მსესხებელი სხვა დავალებას არ აძლევს ფინანსურ ორგანიზაციას უშუალოდ დაფარვის განხორციელებამდე). ამასთან, მიმდინარე ვალდებულების დაფარვისას, დაუშვებელია ფინანსური ორგანიზაციის მიერ ცალმხრივად, მომხმარებელთან შეთანხმების გარეშე (დაუშვებელია წინასწარი შეთანხმება) ანგარიშებისა და კონვერტაციის პრიორიტეტის შეცვლა.
ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებლის მიერ ვალდებულების შესრულება აღრიცხოს მომხმარებლის მიერ ანგარიშზე თანხის განთავსების ფაქტობრივი დროის მიხედვით (24:00 საათამდე). იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული შეუძლებელია ტექნიკური ან სხვა მიზეზით, ფინანსურმა ორგანიზაციამ მომხმარებლის მიერ ანგარიშზე თანხის განთავსების ფაქტობრივი დროიდან შესრულების აღრიცხვამდე პერიოდზე არ უნდა განახორციელოს ნებისმიერი სახის ფინანსური სანქციის ან/და საკომისიოს დაკისრება.
თუ ვალდებულების დაფარვის თარიღი ემთხვევა ორგანიზაციის არასამუშაო დღეს ან კანონმდებლობით განსაზღვრულ ოფიციალურ დასვენების დღეს, ფინანსურმა ორგანიზაციამ გადახდა უნდა მიიღოს მომდევნო სამუშაო დღეს და, ამასთან, ასეთ შემთხვევაში, მას ეკრძალება უქმე დღეებზე თანხის გადაუხდელობისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება.
ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის თავისუფლებას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, რის საფუძველზეც, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, საფინანსო მომსახურების პირობების მხარეთა შორის შეთანხმების საგანია. ამასთან, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი არ არის უფლებამოსილი რომელიმე ფინანსურ ორგანიზაციას მოსთხოვოს სესხზე/კრედიტზე შეღავათიანი პირობების დაწესება, მათ შორის რესტრუქტურიზაცია/გადავადება. შესაბამისად, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავად ფინანსური ორგანიზაციები იღებენ.
დიახ, შესაძლებელია, რომ ფინანსურმა ორგანიზაციამ სასესხო, სადეპოზიტო და მიმდინარე ანგარიშებში მოცემული ინფორმაციის ოფიციალურ ბლანკზე განთავსების შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტის გაცემისთვის საფასური დააწესოს. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, მომხმარებელს უნდა შესთავაზოს აღნიშნული ინფორმაციის უფასოდ მიღების ალტერნატივა.
თუ მომხმარებლის მიერ ხდება დავალიანების არსებობის ან არარსებობის შესახებ ცნობის ოფიციალურ ბლანკზე მოთხოვნა, აღნიშნული დოკუმენტის გაცემაზე ფინანსურ ორგანიზაციას შიდა პოლიტიკა-პროცედურებით შესაძლოა გარკვეული ვადა ჰქონდეს დადგენილი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული ინფორმაციის ამონაწერის სახით გაცემა უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, ტექნიკური მოწყობის ფარგლებში.
დიახ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით განსაზღვრულია როგორც სესხზე დასარიცხი ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, ასევე, პირგასამტეხლოებისა და ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯამურად დასაკისრებელი ხარჯების მაქსიმალური ოდენობები.
დიახ, თუ მომხმარებელი ზეპირსიტყვიერად გამოხატავს უკმაყოფილებას ან დაუთანხმებლობას ამა თუ იმ საკითხზე, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს შესთავაზოს პრეტენზიის წერილობით დაფიქსირება. ამასთან, თუ მომხმარებელი პრეტენზიას წერილობით, ტელეფონით ან ელექტრონულად დააფიქსირებს, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს ერთი თვის ვადაში დაუბრონოს პასუხი და, სადაც შესაძლებელია, მოკვლევის შედეგები.
ვალდებულების მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი მოწესრიგებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის სამართლებრივი შეფასების უფლებამოსილებაც საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ „საქართველოს ორგანული კანონით“ განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკს არ გააჩნია. შესაბამისად, თუ ფინანსური ორგანიზაცია ითხოვს ისეთი ვალდებულების შესრულებას, რომლის მოთხოვნასაც მომხმარებელი ხანდაზმულად მიიჩნევს, მომხმარებელმა უნდა მიმართოს საქართველოს საერთო სასამართლოებს ან დავის განმხილველ შესაბამის ორგანოებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.
თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.