მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტები

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტისთვის საოპერაციო ორიენტირს მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთი წარმოადგენს, რომლის მიღწევაც  აუცილებელია ფასების სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ოპერაციული ორიენტირის მისაღწევად სებ-ი საოპერაციო ჩარჩოს იყენებს, რომელიც ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებისა და პროცედურებისაგან შედგება. საოპერაციო ჩარჩო განსაზღვრავს თუ როგორ შეიძლება არსებული ინსტრუმენტებით ფულად ბაზარზე სასურველი საპროცენტო განაკვეთის მიღწევა. ეს ეროვნული ბანკის მიერ საბანკო სექტორის მოკლევადიანი ლიკვიდობის ეფექტიანი მართვით მიიღწევა. მოკლევადიან პერიოდში საბანკო ლიკვიდობა დიდი მერყეობით ხასიათდება. იმისათვის, რომ ეს საპროცენტო განაკვეთების რყევებში არ გადაიზარდოს, ლიკვიდობაზე მოკლევადიანი მიწოდება და მოთხოვნა ერთმანეთს უნდა შეესაბამებოდეს. საქართველოს ეროვნულ ბანკს როგორც ლიკვიდობის მიწოდების, ასევე ლიკვიდობის ამოღების ინსტრუმენტები აქვს. საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი - ლიკვიდობის მიწოდების ინსტრუმენტის სახით - რეფინანსირების სესხებია. საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხებით ბაზარს იმდენ ლიკვიდობას აწვდის, რამდენზეც არის ბაზრის მოთხოვნა მოცემული საპროცენტო განაკვეთის პირობებში. რეფინანსირების სესხები შესაბამისი გირაოს (მთავრობის ფასიანი ქაღალდები და სხვა) სანაცვლოდ გაიცემა. ეს არის ბანკების ლიკვიდური სახსრები, რომელიც მათ ლიკვიდურ აქტივებში წინა პერიოდებში განათავსეს და აღნიშნულ აქტივებს საჭიროების დროს ლიკვიდობის მისაღებად იყენებენ. 

     

    სებ-ის საოპერაციო ჩარჩო შემდეგი ინსტრუმენტებისაგან შედგება: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი, სადეპოზიტო სერტიფიკატების აუქციონები, სახაზინო ობლიგაციების აუქციონები, ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

     

     

    მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების განაკვეთები

     

     

    ძალაშია 2024 წლის 22 მაისიდან ვადიანობა განაკვეთი (%)
    რეფინანსირების სესხი 7 დღე   განისაზღვრება აუქციონით (მინიმალური 8 %)
    ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტრუმენტი   28 დღე   განისაზღვრება აუქციონით (მინიმალური 8 %)
    ერთდღიანი დეპოზიტები 1 დღე  (8 -1.75) %
    ერთდღიანი სესხები 1 დღე (8 +0.75) %
    სადეპოზიტო სერტიფიკატები 3 თვე განისაზღვრება აუქციონით
    სახაზინო ფასიანი ქაღალდები 1/2/5/10 წელი განისაზღვრება აუქციონით

     

     

     

     

      ეროვნული ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის უცხოური ვალუტით მოზიდული სახსრებისთვის
    სარეზერვო მოთხოვნა* 5.0% 10%-20%

     

     

    * ნარჩენი ვადიანობების მიხედვით ეროვნული ვალუტით 1 წელზე მეტი ვადიანობის და უცხოური ვალუტით 2 წელზე მეტი ვადიანობის ნასესხები სახსრები გათავისუფლებულია სარეზერვო მოთხოვნებისაგან, ხოლო უცხოური ვალუტით 1-დან 2 წლამდე ვადიანობის ნასესხები სახსრებისათვის სარეზერვო ნორმა შეადგენს 10%-15%.