„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა ეროვნული ბანკის საბჭო, რომელიც შედგება ცხრა წევრისაგან. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები შესაძლებელია იყვნენ საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეები, პროფესიონალები ეკონომიკის, ფინანსების ან სხვა შესაბამის დარგში და გამორჩეულნი პატიოსნებით. ამასთანავე, ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში სხვა შესაბამისი დარგის (გარდა ეკონომიკისა და ფინანსებისა) პროფესიონალთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ორს. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, 2 ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრთაგან ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლების შემთხვევაში - ეროვნული ბანკის საბჭოს არანაკლებ 2 წევრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ეროვნული ბანკის საბჭო. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, გარდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტებისა, არ არის საჯარო მოსამსახურე.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი | პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი, ვიცე-პრეზიდენტი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი