პილარ 2-ის ბუფერები

     

    ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციულ ინსტუმენტებს წარმოადგენს ასევე ბაზელ III-ის ფარგლებში დანერგილი კაპიტალის დამატებითი ბუფერები. საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში,  საქართველოს ეროვნული ბანკი განიხილავს კომერციული ბანკების მიერ დანერგილი ღონისძიებების, სტრატეგიების, პროცესებსა და მექანიზმებს და აფასებს კომერციული ბანკების რისკებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №32/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის მოქმედების წესის“ ფარგლებში. საზედამხედველო განხილვისა და შეფასების პროცესში გამოვლენილ რისკებზე საპასუხოდ, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკს სთხოვს სათანადო ზომების მიღებას. კერძოდ, აღნიშნული მიზნებისათვის ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ავალდებულებს კაპიტალის მინიმალურ დონეზე მეტი საზედამხედველო კაპიტალის ფლობას პილარ 2-ის ფარგლებში. აღნიშნული ბუფერებია: საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის ბუფერი, სტრეს-ტესტებზე დაყრდნობით განსაზღვრული ბუფერი, არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი და რისკების შეფასების საერთო პროგრამის - GRAPE (General Risk Assessment Program) ფარგლებში დაწესებული ბუფერი. 



    კონცენტრაციის რისკის ბუფერი   
              


    სექტორული და სახელობითი კონცენტრაციის რისკის ბუფერი გამოიყენება კონკრეტულ  მსესხებელთა ჯგუფში ან სექტორში დაგროვილი რისკების შესამცირებლად. კაპიტალის კონტრციკლური ბუფერისგან განსხვავებით, რომელიც მთლიან საკრედიტო პორტფელზე მოქმედებს, კონცენტრაციის რისკების ბუფერი მიზნობრივად ახდენს ცალკეული სექტორიდან/მსესხებლიდან წარმოშობილი სისტემური რისკების იდენტიფიცირებას და შერბილებას.

    კონცენტრაციის რისკის ბუფერი ინდივიდუალურად დგინდება თითოეული კომერციული ბანკისთვის, პორტფელში ცალკეული სექტორის ან მსესხებლის ხვედრითი წილის მიხედვით.

    სტრეს-ტესტების ბუფერი              


    სტრეს-ტესტების ბუფერი პილარ 2 ჩარჩოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის მიზანია სტრეს-სცენარებისა და მაკროეკონომიკური რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის უზრუნველყოფა. სტრესის სცენარები იცვლება კონტრციკლურად, რაც მას დამატებით მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტად აქცევს. მაკროეკონომიკურ პარამეტრებთან ერთად, სცენარები მოიცავს შოკების განაწილებას ეკონომიკური სექტორების მიხედვით, რაც მსესხებლების ფინანსური მდგრადობის ეფექტიანად ანალიზის საშუალებას იძლევა. სტრეს სცენარების გამოყენება მაკროპრუდენციულ პოლიტიკას მომავალზე ორიენტირებულს ხდის, ამცირებს დამოკიდებულებას ისტორიულ მონაცემებზე და აუმჯობესებს ბანკებს შორის შესადარისობას. სტრეს-ტესტების ბუფერი განისაზღვრება თითოეული კომერციული ბანკისთვის ინდივიდუალურად საზედამხედველო სტრეს-ტესტის შედეგების საფუძველზე.

    სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი

     

    სავალუტო საკრედიტო რისკის (CICR – Currency Induced Credit Risk) ბუფერი მაკროპრუდენციული ბუფერია, რომლის მიზანია დოლარიზაციით გამოწვეული სისტემური რისკის შემცირება. აღნიშნული ბუფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეროვნული ბანკის პოლიტიკას, ეტაპობრივად შეამციროს საბანკო სისტემის დოლარიზაცია, რათა უზრუნველყოს ფინანსური სტაბილურობა და ხელი შეუწყოს ეკონომიკის მოქნილობას საგარეო შოკების დროს.  სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი იქმნება იმ რისკის პოზიციებისათვის, რომლებიც დენომინირებულია რისკის პოზიციის დაფარვის წყაროს ვალუტისგან განსხვავებულ ვალუტაში. აღნიშნული ბუფერის გამოთვლის მიზნებისათვის, სავალუტო კურსის ცვლილებით გამოწვეული საკრედიტო რისკის პოზიციები უნდა გამრავლდეს რისკის წონაზე და შემდეგ საზედამხედველო კაპიტალის მინიმალურ მოთხოვნებზე. თავის მხრივ, რისკის პოზიციების წონის მოთხოვნა სესხების დოლარიზაციის მიხედვით განისაზღვრება. თუ დოლარიზაციის დონე 40 პროცენტია ან მასზე ნაკლები, რისკის წონა 40 პროცენტის ტოლი იქნება და ყოველი ერთი პროცენტული პუნქტით დოლარიზაციის ზრდა რისკის წონას სამი პროცენტული პუნქტით, მაქსიმუმ 100 პროცენტამდე, გაზრდის.

    საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერი


    2023 წლის 1-ლი იანვრიდან საბანკო სისტემა ადგილობრივი აღრიცხვის სტანდარტებიდან ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებზე (ფასს) გადავიდა. ეროვნული ბანკის განცხადებული პრინციპით, ფასს-ზე გადასვლისას, სხვა თანაბარ პირობებში, მაქსიმალურად უნდა შენარჩუნებულიყო საზედამხედველო კაპიტალის ხარჯის მიმართ ნეიტრალური მიდგომა. ამ მიზნით, კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში შევიდა ცვლილებები. კერძოდ, "პილარ 2-ის ფარგლებში კომერციული ბანკებისათვის კაპიტალის ბუფერების განსაზღვრის წესს" დაემატა საკრედიტო რისკის კორექტირების (CRA) ბუფერი და მისი დათვლის განახლებული წესი. საკრედიტო რისკის კორექტირების ბუფერის დაწესების მიზანია აქტივებისათვის შექმნილი არასაკმარისი მოსალოდნელი საკრედიტო ზარალით გამოწვეული საკრედიტო რისკის შემცირება და კაპიტალის ადეკვატური ბუფერის განსაზღვრა.


    რისკების შეფასების საერთო პროგრამა


    რისკების შეფასების საერთო პროგრამის GRAPE-ის (General Risk Assessment Program) ფარგლებში, შესაძლოა, ბანკებს დაუწესდეთ კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა იმ რისკებისათვის, რომლებსაც არ მოიცავს ან არასათანადოდ ასახავს პილარ 2-ის ფარგლებში განსაზღვრული კაპიტალის სხვა ბუფერები.  

     

    კაპიტალის პილარ 2-ის მოთხოვნები  

     

    2023 წლიდან მოცემულია IFRS მონაცემები

    2024 წლიდან ინტერვალის რიცხვები არ მოიცავს პირობითი ლიცენზიის მქონე კომერციულ ბანკებს

    ძირითადი პირველადი კაპიტალის პილარ 2-ის მოთხოვნები
    2024
    I კვ.
    II კვ.
    III კვ.
    IV კვ.
    კონსოლიდირებული
    5.01%
    4.99%
    ინტერვალი
    2.88% - 14.03%
    3.02 % - 14.09%
    პირველადი კაპიტალის პილარ 2-ის მოთხოვნები
    2024
    I კვ.
    II კვ.
    III კვ.
    IV კვ.
    კონსოლიდირებული
    5.85%
    5.83%
    ინტერვალი
    3.62% - 15.5%
    3.77% - 15.57%
    საზედამხედველო კაპიტალის პილარ 2-ის მოთხოვნები
    2024
    I კვ.
    II კვ.
    III კვ.
    IV კვ.
    კონსოლიდირებული
    6.95%
    6.93%
    ინტერვალი
    4.6% -17.44%
    4.75% - 17.52%