საგადახდო მომსახურებების შესახებ დირექტივა (PSD2)

    ევროპულმა პარლამენტმა და ევროპულმა საბჭომ 2015 წლის 25 ნოემბერს მიიღო 2015/2366/EU დირექტივა (PSD2) საგადახდო მომსახურების შესახებ. დირექტივა განსაზღვრავს საგადახდო მომსახურებებს და აწესრიგებს მომსახურების განხორციელების პროცესში ჩართული პირების მიმართ მოთხოვნებს.  დირექტივის მიზანია ელექტრონული გადახდების უსაფრთხოების გაზრდა, მომხმარებლების მეტად დაცვა, ინოვაციების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი გარემოს წახალისება. 


    აღსანიშნავია, რომ "ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების" ფარგლებში საქართველოს აღებული აქვს დირექტივასთან დინამიური აპროქსიმაციის ვალდებულება.

    PSD2 - ში გათვალისწინებულია საგადახდო მომსახურების განმახორციელებელი პირების - საგადახდო მომსახურების პროვაიდერების (პროვაიდერი) მიმართ მოთხოვნები, რაც, მათ შორის, მოიცავს იმ ვალდებულებებს, რომლებიც შესაბამისი ორგანოსგან საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისთვის დაინტერესებულმა პირმა უნდა დააკმაყოფილოს. აღნიშნული მოიცავს გარკვეულ კრიტერიუმებს და მოთხოვნებს, მათ შორის, პრუდენციული ზედამხედველობის ნაწილში. 

    დირექტივა განსაზღვრავს საგადახდო მომსახურებების ჩამონათვალს და მიუთითებს იმ მომსახურებებზეც, რომლებიც დირექტივის მოქმედების სფეროში არ ექცევა. აღსანიშნავია, რომ PSD2 პირველ დირექტივასთან (Directive 2007/64/EC) შედარებით  მოიცავს განახლებულ საკითხებს, მათ შორის, ორ ახალ მომსახურებას და შესაბამის პროვაიდერებს:

    გადახდის ინიციირების მომსახურება - მას ახორციელებს პროვაიდერი, რომელიც დგას გადამხდელსა და მის ანგარიშის მომსახურე პროვაიდერს (მაგალითად, ბანკს) შორის. ის მომხმარებლის დავალებით და მისი თანხმობით უზრუნველყოფს შესაბამისი ანგარიშიდან გადახდის ოპერაციის ინიციირებას. მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, გადახდის ინიციირების მომსახურების პროვაიდერის მფლობელობაში მომხმარებლის თანხა არ ექცევა. ის მხოლოდ მომხმარებლის დავალებას გადაამისამართებს შესაბამის პროვაიდერთან/პროვაიდერებთან, სადაც გახსნილია ამ მომხმარებლის ანგარიში/ანგარიშები.
     

    ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის მომსახურება - ამ მომსახურებას ახორციელებს ანგარიშის ინფორმაციაზე წვდომის პროვაიდერი და ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, წვდომა იქონიოს ერთ ან მეტ ბანკში გახსნილ თავის ანგარიშზე/ანგარიშებზე ერთ სივრცეში და მიიღოს მისთვის საჭირო აგრეგირებული ინფორმაცია ამავე სივრცეში.

     

    ზემოაღნიშნული მომსახურებების დანერგვისთვის და ხელშეწყობისთვის, ანგარიშების მომსახურების პროვაიდერები ვალდებული არიან დანერგონ ღია ინტერფეისები, რომელიც საშუალებას მისცემს ახალი ტიპის პროვაიდერებს მოახდინონ ბანკების სისტემებთან ინტეგრირება.

     

    დირექტივაში ასევე  არის წარმოდგენილი საგადახდო მომსახურების განხორცილებისას პროვაიდერის ზედამხედველობის პრინციპები, დეტალურად არის გაწერილი საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებული პროვაიდერისა და მომხმარებლის უფლებები და ვალდებულებებსი. დირექტივა უფლება-ვალდებულებებთან ერთად განსაზღვრავს ოპერაციის შესრულებაში ჩართული პირების მიერ მათ მიმართ დაწესებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობას. მოწესრიგებულია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხიც, როგორიცაა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება და გამჭვირვალობა, რაც რელევანტურია ერთჯერადი საგადახდო მომსახურების, ასევე, საგადახდო მომსახურების ჩარჩო-ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელებისას.

     

    აღსანიშნავია, რომ კერძო სამართლებრივი დავების შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლოსთვის მიმართვა, თუმცა დირექტივა მოიცავს საგადახდო მომსახურების ფარგლებში წარმოშობილი დავების გადაწყვეტის უფრო მარტივ და დროში ეფექტურ ალტერნატიულ მექანიზმს, რომელსაც მომხმარებელი უფლებამოსილია მიმართოს პროვაიდერისგან არადამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში.