ინფრასტრუქტურა და შუამავლები

    ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა


    ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა ფასიანი ქაღალდების კლირინგის, ანგარიშსწორებისა და ვაჭრობის სისტემებს მოიცავს და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებულ შემდეგ სუბიექტებს აერთიანებს: 

     

    • საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდების ორგანიზებულ ბაზარია, რომელიც უზრუნველყოფს ფასიანი ქაღალდებისა და ფინანსური ინსტრუმენტების ყიდვა-გაყიდვის შესახებ წინადადებების შეგროვებას, ვაჭრობის ორგანიზებას დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად და ავრცელებს დადებულ გარიგებათა შესახებ და ფასებთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას. 
    • ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი (ცენტრალური დეპოზიტარი) ახორციელებს ფასიანი ქაღალდებით დადებული გარიგებების კლირინგსა და ანგარიშსწორებას, რისთვისაც, იგი ხსნის ფასიანი ქაღალდების ანგარიშებს, ინახავს და აღრიცხავს მისი მონაწილეების მფლობელობაში (როგორც საკუთარ, ისე ნომინალურ მფლობელობაში)  არსებულ ფასიან ქაღალდებს და ეწევა კანონმდებლობით განსაზღვრულ დამხმარე საქმიანობას. 
    • ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი აწარმოებს ემიტენტის ფასიანი ქაღალდების რეესტრს, რომელშიც აღნიშნულია ფასიანი ქაღალდების რეგისტრირებული მფლობელებისა და მათ მფლობელობაში არსებული ფასიანი ქაღალდების შესახებ ინფორმაცია.

     

     ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლები

     

    ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლები მხარეთა დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენენ ფასიანი ქაღალდებით სხვადასხვა ოპერაციის განხორციელების დროს. საქართველოში  ფასიანი ქაღალდების ბაზრის შუამავლის ფუნქციების განხორციელების უფლებამოსილება აქვთ ლიცენზირებულ საბროკერო კომპანიებსა და ლიცენზირებულ კომერციულ ბანკებს. 

     

    • საბროკერო კომპანია არის იურიდიული პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს საბროკერო საქმიანობის ლიცენზია და ამ ლიცენზიის ფარგლებში აქვს უფლება განახორციელოს კაპიტალში წილის, აქციების, ობლიგაციების, სერტიფიკატების, თამასუქების, ჩეკებისა და სხვა ფასიანი ქაღალდების მიმოქცევასთან დაკავშირებული ოპერაციები და მათი მომსახურება. საბროკერო კომპანიის საქმიანობათა ჩამონათვალი დადგენილია „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით. 

     

    საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარის, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორებისა და საბროკერო კომპანიების ლიცენზირებასა და ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბანკი ფასიანი ქაღალდების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.