საქართველოს გადახდების ეკოსისტემა

     

    საგადახდო სისტემები, საგადახდო არხები, საგადახდო ინსტრუმენტები, საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, საგადახდო სისტემის ოპერატორები, ფინტექ კომპანიები და მომხმარებლები ქმნიან საქართველოს გადახდების ეკოსისტემას, რომელიც მუშაობს საერთო წესებისა და სტანდარტული პროცედურების მიხედვით და უზრუნველყოფს  ეკონომიკაში ფულადი სახსრების მიმოქცევას.

     

     

    მნიშვნელოვანი ფაქტები

     

    1997 წელი - საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის დაიწყო ელექტრონული ანგარიშსწორება. დაინერგა ერთიანი ფორმატები და სტანდარტები.

     

    1997 წელი - კომერციული ბანკები გაწევრიანდნენ SWIFT-ში.

     

    1997 წელი - დაარსდა პირველი კერძო კომპანია - საბარათე საპროცესინგო ცენტრი სს "ჯორჯიან ქარდი"

     

    1997 წელი - გამოშვებულ იქნა პირველი ლოკალური საგადახდო ბარათი

     

    1998 წელი - გამოშვებულ იქნა პირველი საერთაშორისო VISA ბარათი

     

    1999 წელი - გამოშვებულ იქნა პირველი საერთაშორისო Mastercard ბარათი

     

    2000 წელი - დაინერგა პირველი ბანკი-კლიენტის პროგრამული უზრუნველყოფა

     

    2001 წელი - საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (სავალუტო ფონდისა და USAD-ის) მხარდაჭერით განხორციელდა პირველი ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის) დანერგვა.

     

    2001 წელი - დაარსდა საბარათე საპროცესინგო ცენტრი სს „გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია“

     

    2001 წელი - დაინერგა პირველი SMS-ზე დაფუძნებული დისტანციური მომსახურება

     

    2002 წელი - დაინერგა პირველი ინტერნეტ-ბანკი

     

    2003 წელი - ამ წლიდან RTGS სისტემის მონაწილეთა (ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს) შორის ინფორმაციის გაცვლა ხორციელდება მხოლოდ ელექტრონული სახით.

     

    2004 წელი - ამ წლიდან ეტაპობრივად დაიწყო ყველა სოციალური დახმარების (პენსიები, დევნილთა დახმარებები და სხვა) და საჯარო მოხელეების ხელფასების გაცემა საბანკო და სხვა საკრედიტო დაწესებულებების არხების საშუალებით. ბანკებმა აღნიშნული დახმარებების/ხელფასების გაცემის მიზნით, მომხმარებლებს დაუმზადეს საგადახდო ბარათი, რის შედეგადაც მათ აღარ სჭირდებათ კონკრეტული მომსახურების ცენტრში მისვლა, არამედ შეუძლიათ თავანთი თანხა გამოიტანონ ბანკომატიდან (სერვის ცენტრიდან) ან განახორციელონ გადახდა ბარათის მომსახურების ნებისმიერ ობიექტში. აღნიშნულმა ფაქტმა დიდად შეუწყო ხელი უნაღდო გადახდების, კერძოდ საბარათე გადახდების განვითარებას.

     

    2005 წელი - დაინერგა სატელეფონი დისტანციური მომსახურების სერვისი.

     

    2007 წელი - ამ წლის აპრილიდან ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური RTGS სისტემაში ჩაერთო როგორც პირდაპირი მონაწილე.

     

    2008 წელი - დაინერგა პირველი მობილური აპლიკაცია.

     

    2009 წელი - გამოშვებულ იქნა პირველი უკონტაქტო ბარათი.

     

    2010 წელი - 3 დეკემბერს ექსპლუატაციაში შევიდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) ახალი სისტემა, რომელმაც ჩაანაცვლა 9 წლის წინ დანერგილი სისტემა. ახალი სისტემის დანერგვის პროცესი მიმდინარეობდა მსოფლიო ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით. წინა სისტემასთან შედარებით მონაწილეებისათვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გადარიცხვების დამუშავების პროცესი, ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები, უსაფრთხოება და რეპორტინგი. დაინერგა შეტყობინებების დამუშავების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები. მთლიანად საგადახდო სისტემაში გაუმჯობესდა სისტემური რისკებისა და საოპერაციო დღის მართვა. ასევე მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სისტემის წარმადობა გადარიცხვების დამუშავების კუთხით.


    2010 წელი
    - 17 დეკემბერს დაინერგა სახელმწიფო ფასიანი ქაღლდების ანგარიშსწორების პირველი სისტემა (CSD სისტემა), რომელიც მჭიდროდ იყო ინტეგრირებული RTGS სისტემასთან. რაც ერთი მხრივ უზრუნველყოფდა ფასიანი ქაღლდების და ფულადი სახსრების ერთდროულ  ანგარიშსწორებას (DvP), ხოლო მეორე მხრივ RTGS სისტემისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას.

     

    2012 წელი - მიღებულ იქნა პირველი კანონი "საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ", რომელიც შემუშავდა 4 ევროდირექტივის (ანგარიშსწორების საბოლოობის, საგადახდო მომსახურების, ელექტრონული ფულის და ფინანსური გირაოს დერექტივების) საფუძველზე.

     

    2012 წელი - საქართველოს ეროვნულ ბანკში განხორციელდა პირველი არასაბანკო  საგადახდო მომსახურების პროვაიდერის რეგისტრაცია.