დაგროვებითი საპენსიო სქემა

    საქართველოში 2018 წელს განხორციელებული საპენსიო რეფორმის შედეგად, შეიქმნა საპენსიო სააგენტო, რომელმაც 2019 წლის პირველი იანვრიდან დაიწყო სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება. დაგროვებითი საპენსიო სქემა ეფუძნება დაგროვების 2%+2%+2% პრინციპს. დამსაქმებელი დასაქმებულის სახელით დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხავს მისი ხელფასის დაუბეგრავი მოცულობის 2%-ს. ამავე მოცულობით ახორციელებს დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანს დამსაქმებელი საკუთარი სახელით. დასაქმებულის ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით (მაგრამ არა უმეტეს დაუბეგრავი ხელფასის 2%-ისა) დასაქმებულის სასარგებლოდ შენატანს ახორციელებს აგრეთვე სახელმწიფო.

     

    საპენსიო დანაზოგების (საპენსიო აქტივების) ინვესტირებას ახორციელებს საპენსიო სააგენტო ან/და საპენსიო სააგენტოს მიერ შერჩეული აქტივების მმართველი კომპანია საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც წარმოადგენს საპენსიო აქტივების მართვისა და ინვესტირების ჩარჩოს და განსაზღვრავს აქტივების განთავსების გრძელვადიან სტრატეგიას. საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს ამტკიცებს და საპენსიო აქტივების ინვესტირებასთან დაკავშირებული საქმიანობის მონიტორინგს ახორციელებს საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული ხუთი წევრისგან. საინვესტიციო საბჭო აგრეთვე პასუხისმგებელია დაგროვებითი საპენსიო სქემის სპეციალიზებული დეპოზიტარისა და აქტივების მმართველი კომპანიის/კომპანიების შერჩევაზე. ეროვნული ბანკი ახორციელებს საპენსიო სააგენტოს მხოლოდ საინვესტიციო (და არა - ადმინისტრაციული) საქმიანობის რეგულირებასა და ზედამხედველობას. ეროვნული ბანკი აგრეთვე ახორციელებს აქტივების მმართველი კომპანიისა და სპეციალიზებული დეპოზიტარის ავტორიზაციას/აღიარებას და ზედამხედველობას უწევს მათ საქმიანობას.

     

    2019 წლიდან ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველობის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრია (Governing Member of The International Organization of Pension Supervisions, IOPS). IOPS-ის წევრობა ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას აძლევს გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების გამოცდილება საპენსიო ფონდების რეგულირების სფეროში. 


    სასარგებლო ბმულები