gm-bg-mobile

გაყალბებასთან ბრძოლა

ზოგადი მიმოხილვა

ფულის ნიშნების გაყალბება აკრძალულია და ისჯება კანონით.

ყალბი ფულის ნიშნები მიმოქცევიდან ამოიღება და არ ანაზღაურდება.


საქართველოს ეროვნული ბანკი მთავარი ექსპერტია ეროვნული ვალუტის, ხოლო საქართველოს ტერიტორიაზე - ექსპერტი უცხოური ვალუტის ფულის ნიშნების ნამდვილობის დადგენის საქმეში.


საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემატურად მუშაობს ეროვნული ვალუტის მიმართ მოსახლეობის ნდობის ამაღლების მიმართებით და შესაბამისად, ატარებს ღონისძიებებს საქართველოს ტერიტორიაზე ყალბი ფულის მიმოქცევაში გავრცელების აღკვეთისა და მისი არსებითად შეზღუდვის მიზნით, მათ შორის:


საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი რეგულაციებით, ნაღდი ფულის ოპერაციების განმახორციელებელი საფინანსო სექტორი (კომერციული ბანკები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირები და კვალიფიციური საკრედიტო ინსტიტუტები) ვალდებულია უზრუნველყოს სიყალბეზე საეჭვო ფულის ნიშნების მიმოქცევიდან ამოღება და შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაბარება.


ეროვნული ბანკის სისტემასა და მის საზედამხედველო სფეროში გამოვლენილი ყალბი ფულის ნიშნებზე შესაბამისი რეაგირების მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შორის 2005 წელს გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენის ფაქტებზე რეაგირების წესებს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოვლენილი ნებისმიერი ყალბი ფულის შესახებ ინფორმაცია შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, ასევე, ყოველი ახალი სახეობის ყალბი ბანკნოტის ან მონეტის გამოვლენის შემთხვევაში, გაყალბების მეთოდის აღწერილობა და გამოვლენილი ახალი სახეობის ყალბი ფულადი ნიშნის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ფინანსთა სამინისტროს. გარდა ამისა, განსაკუთრებულ შემთხვევებში, ანალიზისა და დაკვირვების საფუძველზე, ხდება დამატებითი ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი რეაგირებისათვის.


აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ძალისხმევით, საქართველო 2000 წლიდან არის "ყალბი ფულის მოჭრის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ჟენევის 1929 წლის 20 აპრილის კონვენციის" წევრი ქვეყანა. ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის ექსპერტიზის სამსახური 2007 წლიდან  ჩართულია ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის - "United States Secret Service" - ის სპეციალურ საიდუმლო პროგრამაში. პროგრამის ეფექტურად ფუნქციონირების, ასევე სიახლეებისა და ინფორმაციების გაცვლის მიზნით, საქართველოს ეროვნულ ბანკში პერიოდულად ხდება შეხვედრა ამერიკის საიდუმლო სამსახურის კრიმინალ-ანალიტიკოსებთან.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია "ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მიღება-გამოცვლის წესი", რომლის მიზანია, მიმოქცევაში ლარის ბანკნოტების/მონეტების ხარისხის ამაღლება და მიმოქცევის არხების გადასახდელად უვარგისი ფულის ნიშნებისაგან გაწმენდა, რაც თავის მხრივ მნიშვნელოვნად ამცირებს ყალბი ფულის გავრცელების ალბათობას.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ემიტირებული ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუქციების ნამდვილ ბანკნოტებსა და მონეტებში არევის რისკის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესი";

საქართველოს ეროვნულ ბანკში ფულის ნიშნების დამუშავება-დახარისხება ხორციელდება მაღალი ტექნოლოგიის მანქანა-დანადგარებით, ასევე ექსპერტიზის სამსახური აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების შესაბამისი დანადგარებით და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექსპერტებით.

ფულის სათვლელი და დამხარისხებელი აგრეგატების, ბანკომატებისა და სწრაფი გადახდის სისტემის აპარატების გამართულად და ეფექტურად ფუნქციონირებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი მჭიდროდ თანამშრომლობს ნებისმიერ მსურველთან და მონაწილეობს აღნიშნული ტექნიკური მოწყობილობების ყალბი ფულის ნიშნებზე ტესტირების პროცესში; 


ქვეყანაში ყალბი ფულის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივი ბაზისა და საფუძვლების, ასევე ფულის ნიშნების ნამდვილობის და გადახდისუნარიანობის დადგენის მეთოდებისა და ამ საქმეში ნაღდი ფულადი ოპერაციების განმხორციელებელ პირთა  მოვალეობების გაცნობის მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამსახურის მიერ სისტემატურად ტარდება სწავლებები, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამ კუთხით კვალიფიკაციის ამაღლება ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე.

 

რეპროდუცირება

საქართველოს ტერიტორიაზე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება დასაშვებია მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს 18/03/2011 N2 დადგენილებით დამტკიცებული "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესით" განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით.

დაუშვებელია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება ისეთი საგნების საილუსტრაციოდ ან/და რეკლამირებისათვის, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ ლარის ღირსებასა და მნიშვნელობაზე, ან რაიმე ფორმით წაახალისოს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გაყალბება.

 

ლარის ბანკნოტების მატერიალური ფორმით რეპროდუცირება დასაშვებია შემდეგი პირობებით:

  • რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის ერთი მხარე და მისი ზომა შეადგენს შესაბამისი ორიგინალი ლარის ბანკნოტის ზომის მინიმუმ 125%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში ან მაქსიმუმ 75%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში;  
  • რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის ორივე მხარე და მისი ზომა შეადგენს შესაბამისი ორიგინალი ლარის ბანკნოტის ზომის მინიმუმ 200%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში ან მაქსიმუმ 50%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში;
  • რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის დიზაინის ინდივიდუალური ელემენტები რაიმე საგნის ან სურათის ილუსტრირებისათვის და ასეთი ელემენტები გამოსახულია ფონზე, რომელიც ფერითა და დიზაინით არ ჰგავს ნამდვილ ბანკნოტს;
  • რეპროდუქცია დამზადებულია ისეთი მასალისაგან, რომელიც შესამჩნევად განსხვავდება ქაღალდისაგან და ბანკნოტებისათვის გამოყენებული მასალისაგან (რეპროდუქციის ძვირფასი ლითონის გამოყენებით დამზადების შემთხვევაში, მასზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს მითითებული რეპროდუქციის გამომშვები პირის დასახელება).

 

ლარის ბანკნოტების არამატერიალური ფორმით რეპროდუცირება დასაშვებია შემდეგი პირობებით:

  • რეპროდუქციის დიაგონალზე დაბეჭდილია სიტყვა "ნიმუში" და ამ სიტყვის სიგრძე რეპროდუქციის სიგრძის სულ მცირე 75%-ს, ხოლო მისი სიმაღლე რეპროდუქციის სიგანის სულ მცირე 15%-ს შეადგენს, ამასთან არ არის გამჭვირვალე და კონტრასტულია შესაბამისი ნომინალის ბანკნოტის ძირითადი ფერისა;
  • ელექტრონული რეპროდუქციის საწყისი ზომის გარჩევადობა არ აღემატება 72 dpi-ს (სურათის გარჩევადობის საერთაშორისო საზომი გამოხატული წერტილების რაოდენობაში ერთ წრფივ დიუმზე).

 

ლარის მონეტების  რეპროდუცირება დასაშვებია შემდეგი პირობებით:

  • რეპროდუქცია დამზადებულია ბრტყელ ზედაპირზე (მაგ: სურათზე, ნახატზე ან რაიმე გამოსახულებაზე) ან ისინი რეპროდუცირებულია არამატერიალური ფორმით;
  • რეპროდუქცია დამზადებულია ლითონისაგან განსხვავებული მასალით, რომელიც არ ჰგავს ლითონს;
  • რეპროდუქცია დამზადებულია ლითონისაგან ნომინალის მითითების გარეშე, მისი ზომა არანაკლებ 50%-ით მეტია ან არანაკლებ 50%-ით ნაკლებია შესაბამისი ნამდვილი მონეტის ზომაზე და მისი პარამეტრები (ზომა, წონა, სისქე) განსხვავდება სხვა ნომინალის მონეტების პარამეტრებისგანაც.



ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება ითვლება არაკანონიერად და მათ კონფისკაციასთან ერთად გამოიწვევს დაჯარიმებას - ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1535 მუხლი).


ანგარიშსწორების პროცესში რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტების ან მონეტების გამოვლენის შემთხვევაში მათზე რეაგირება ხორციელდება ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენასთან დაკავშირებით დადგენილი წესების შესაბამისად.

საგანმანათლებლო მოდული

მიიღეთ ცოდნა ბანკნოტების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.

თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.

Cookie-ფაილების წესები და პირობები

წარმატებით განახლდა