gm-bg-mobile

რეპროდუცირება

საქართველოს ტერიტორიაზე ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება დასაშვებია მხოლოდ ეროვნული ბანკის საბჭოს 18/03/2011 N2 დადგენილებით დამტკიცებული "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირების წესით" განსაზღვრული მოთხოვნების მიხედვით.

დაუშვებელია ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება ისეთი საგნების საილუსტრაციოდ ან/და რეკლამირებისათვის, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა იქონიონ ლარის ღირსებასა და მნიშვნელობაზე, ან რაიმე ფორმით წაახალისოს ლარის ბანკნოტებისა და მონეტების გაყალბება.

 

ლარის ბანკნოტების მატერიალური ფორმით რეპროდუცირება დასაშვებია შემდეგი პირობებით:

  • რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის ერთი მხარე და მისი ზომა შეადგენს შესაბამისი ორიგინალი ლარის ბანკნოტის ზომის მინიმუმ 125%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში ან მაქსიმუმ 75%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში;  
  • რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის ორივე მხარე და მისი ზომა შეადგენს შესაბამისი ორიგინალი ლარის ბანკნოტის ზომის მინიმუმ 200%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში ან მაქსიმუმ 50%-ს როგორც სიგრძეში, ისე სიგანეში;
  • რეპროდუცირებულია ლარის ბანკნოტის დიზაინის ინდივიდუალური ელემენტები რაიმე საგნის ან სურათის ილუსტრირებისათვის და ასეთი ელემენტები გამოსახულია ფონზე, რომელიც ფერითა და დიზაინით არ ჰგავს ნამდვილ ბანკნოტს;
  • რეპროდუქცია დამზადებულია ისეთი მასალისაგან, რომელიც შესამჩნევად განსხვავდება ქაღალდისაგან და ბანკნოტებისათვის გამოყენებული მასალისაგან (რეპროდუქციის ძვირფასი ლითონის გამოყენებით დამზადების შემთხვევაში, მასზე თვალსაჩინოდ უნდა იყოს მითითებული რეპროდუქციის გამომშვები პირის დასახელება).

 

ლარის ბანკნოტების არამატერიალური ფორმით რეპროდუცირება დასაშვებია შემდეგი პირობებით:

  • რეპროდუქციის დიაგონალზე დაბეჭდილია სიტყვა "ნიმუში" და ამ სიტყვის სიგრძე რეპროდუქციის სიგრძის სულ მცირე 75%-ს, ხოლო მისი სიმაღლე რეპროდუქციის სიგანის სულ მცირე 15%-ს შეადგენს, ამასთან არ არის გამჭვირვალე და კონტრასტულია შესაბამისი ნომინალის ბანკნოტის ძირითადი ფერისა;
  • ელექტრონული რეპროდუქციის საწყისი ზომის გარჩევადობა არ აღემატება 72 dpi-ს (სურათის გარჩევადობის საერთაშორისო საზომი გამოხატული წერტილების რაოდენობაში ერთ წრფივ დიუმზე).

 

ლარის მონეტების  რეპროდუცირება დასაშვებია შემდეგი პირობებით:

  • რეპროდუქცია დამზადებულია ბრტყელ ზედაპირზე (მაგ: სურათზე, ნახატზე ან რაიმე გამოსახულებაზე) ან ისინი რეპროდუცირებულია არამატერიალური ფორმით;
  • რეპროდუქცია დამზადებულია ლითონისაგან განსხვავებული მასალით, რომელიც არ ჰგავს ლითონს;
  • რეპროდუქცია დამზადებულია ლითონისაგან ნომინალის მითითების გარეშე, მისი ზომა არანაკლებ 50%-ით მეტია ან არანაკლებ 50%-ით ნაკლებია შესაბამისი ნამდვილი მონეტის ზომაზე და მისი პარამეტრები (ზომა, წონა, სისქე) განსხვავდება სხვა ნომინალის მონეტების პარამეტრებისგანაც.



ნებისმიერ სხვა შემთხვევაში ლარის ბანკნოტებისა და მონეტების რეპროდუცირება ითვლება არაკანონიერად და მათ კონფისკაციასთან ერთად გამოიწვევს დაჯარიმებას - ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში - 3000 ლარის ოდენობით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1535 მუხლი).


ანგარიშსწორების პროცესში რეპროდუცირებული ლარის ბანკნოტების ან მონეტების გამოვლენის შემთხვევაში მათზე რეაგირება ხორციელდება ყალბი ფულის ნიშნების გამოვლენასთან დაკავშირებით დადგენილი წესების შესაბამისად.

საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდი იყენებს Cookie ფაილებს თქვენი გამოცდილების გაუმჯობესების, და უკეთესი ნავიგაციის მიზნით.

თუ აგრძელებთ ჩვენი საიტის გამოყენებას, ამით თანხმობას აცხადებთ Cookie ფაილების გამოყენებაზე.

Cookie-ფაილების წესები და პირობები

წარმატებით განახლდა