Twinning



ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტი პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყებასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის

 

 

პროექტის აღწერა

 

პროექტის დასახელება: საქართველოს ეროვნული ბანკის შესაძლებლობების გაძლიერება საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროში ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად
კონტრაქტორი: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
პარტნიორი ევროკავშირის მხრიდან: პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება (UKNF)
ბენეფიციარი: საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ)
პროექტის განხორციელების პერიოდი: 01.03.2019 - 31.05.2021 (27 თვე)
პროექტის ბიუჯეტი: 1,750,000.00 EUR



დაძმობილების პროექტის შედეგები


დაძმობილების პროექტის მიზანია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მექანიზმების გაუმჯობესება ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით.


დაგეგმილია შემდეგი შედეგების მიღწევა:


საბანკო კანონმდებლობა გადასინჯული და დანერგილია CRD IV პაკეტის შესაბამისად, რომელიც მოიცავს კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნებს, ინსტიტუტების ადმინისტრატორების და მნიშვნელოვანი წილის მფლობელების შესაბამისობის კრიტერიუმებს, ლევერიჯის კოეფიციენტს, წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტს, მსხვილი რისკის პოზიციების ხარისხს, კორპორაციულ მართვას, მნიშნველოვანი წილის გადაცემასა და ლიცენზირებას, შიდა კაპიტალის შეფასებას და  ინფორმაციის გამჟღავნების მოთხოვნებს.

საგადახდო მომსახურების სამართლებრივი და აღსრულებადობის ჩარჩო გადასინჯულია ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისად და მომზადებულია შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებები, შემუშავებულია პრუდენციული ზედამხედველობის ჩარჩო, გადახდის ოპერაციების შესრულების წესები განახლებულია და მოქმედია, საგადახდო მომსახურების სისტემის ოპერატორების რეგისტრაციისა და რეგისტრაციის გაუქმების წესში შესატანი ცვლილებები მომზადებულია, კლიენტის აუთენტიფიკაციის მოთხოვნები და კომუნიკაციის უსაფრთხო ღია სტანდარტები შემუშავებულია.

საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებს გავლილი აქვთ სწავლება და შეუძლიათ ახალი წესებისა და რეგულაციების გამოყენება.

 


პროექტის პარტნიორები

 

პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება (UKNF)


პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება ფუნქციონირებს 2006 წლის სექტემბრიდან. 2008 წლის იანვრიდან იგი იქცა სრულად ინტეგრირებულ უწყებად, რომელიც პოლონეთში პასუხისმგებელია ფინანსური ბაზრის ყველა სექტორზე. 2006 წელს უწყებას გადაეცა დაზღვევისა და საპენსიო ფონდების ზედამხედველობის კომისიის უფლებამოსილებები, ხოლო 2008 წლის 1 იანვარს საბანკო ზედამხედველობის კომისიის უფლებამოსილება. UKNF-ის თავმჯდომარეს ნიშნავს პრემიერ-მინისტრი 5 წლის ვადით. 

პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება ახორციელებს ფინანსური ბაზრის ზედამხედველობას, მათ შორის შედის საბანკო ზედამხედველობა, კაპიტალის ბაზრის ზედამხედველობა, სადაზღვევო ზედამხედველობა, საპენსიო სქემის ზედამხედველობა, ფინანსური კონგლომერატების დამატებითი ზედამხედველობა, ელექტრონული ფულის დაწესებულებების, საგადახდო დაწესებულებებისა და საგადახდო მომსახურების ბიუროების ზედამხედველობა. ფინანსური ბაზრის ზედამხედველობის მიზანს ბაზრის ნორმალური ფუნქციონირება, მისი სტაბილურობა, უსაფრთხოება და გამჭვირვალობა, ფინანსური ბაზრის მიმართ ნდობა და ასევე ბაზრის მონაწილეების ინტერესების დაცვა წარმოადგენს.
 

საქართველოს ეროვნული ბანკი


საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა. იგი დღევანდელი სახით, როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს.

საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის, სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორს.  


ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას. 


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ინიშნება საქართველოს პარლამენტის მიერ 7 წლის ვადით.


ეროვნული ბანკი საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის პირდაპირ ბენეფიციარს წარმოადგენს და უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პროექტის ყველა კომპონენტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობის განხორციელებაში. 

 


პროექტის ფარგლები


Twinning-ის მიმდინარე ორწლიანი პროექტი გულისხმობს 61 მოკლევადიანი საექსპერტო მისიის მომზადებასა და ჩატარებას ბენეფიციარის ქვეყანაში - თბილისში (საქართველოში), და დისტანციურად, ონლაინ საკომუნიკაციო პლატფორმების გამოყენებით. პროექტში ჩართულ ექსპერტებს გააჩნიათ შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც აუცილებელია პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული საქმიანობისთვის.

პროექტის აქტივობები მოიცავს ექსპერტების ერთობლივ კონსულტაციებს, ინტერაქტიულ სამუშაო შეხვედრებს, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული ან მომზადებული რეგულაციების სამართლებრივ გადასინჯვას და ხარვეზების ანალიზს, ასევე კანონმდებლობის ან მეთოდოლოგიის შემუშავებაში დახმარების გაწევას. აღნიშნული აქტივობები ორიენტირებული იქნება ცოდნის, გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებაზე. შემუშავებული იქნება და ქართველ კოლეგებს მიეწოდებათ კანონში ცვლილებების წინადადებები, მიმოხილვები, სახელმძღვანელოები, სამუშაო შეხვედრების და ტრენინგების მასალები.

 


პროექტის აქტივობები განხორციელდება ქვემოთ მოცემული ორი ძირითადი მიმართულებით:


1. საბანკო სექტორში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მისი დანერგვა დანერგვა, CRD IV პაკეტის შესაბამისად;


2. საგადახდო მომსახურების სამართლებრივი და აღსრულებადობის ჩარჩოს გადასინჯვის გზით, საგადახდო მომსახურების სექტორში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის კანონმდებლობასთან და მისი დანერგვა,  ევროკავშირის დირექტივებისა და რეგულაციების შესაბამისად.


პროექტის ორ წელიწადზე მეტი პერიოდის განმავლობაში, ევროკავშირის მხარდაჭერით, პოლონელი და ქართველი პარტნიორების ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს შემდეგი შედეგების მიღწევას:


ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივად დაახლოვებული რეგულატორული, საზედამხედველო და აღსრულებადობის ჩარჩო, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების შესაბამისად;

საქართველოს ეროვნული ბანკის გაძლიერებული საზედამხედველო ფუნქცია საბანკო და საგადახდო მომსახურების ბაზრის დარეგულირების კუთხით, ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად;

საბანკო და საგადახდო მომსახურების სექტორის ბენეფიციარების გაუმჯობესებული დაცვა საქართველოში ზედამხედველობის მექანიზმების ეფექტურობის გაძლიერების და ფინანსური ბაზრის განვითარების ხელშეწყობის გზით.
 

ეს მოკლე ინფორმაცია პროექტის შესახებ შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის უწყება (UKNF) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.