ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებები

     

    • ი/მ ევგენია მერებაშვილის 2025 წლის 14 ივლისის საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ | ბრძანება

     

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა ი/მ ევგენია მერებაშვილის 2025 წლის 14 ივლისის საჩივარი, სს „ოპპას“ (ს/ნ 248429598) მხრიდან „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის თაობაზე.  


    მომჩივანი მიუთითებდა, რომ ფლობს სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომელთა ფუნქციონირებისთვის აუცილებელ პროგრამულ უზრუნველყოფას, შუამავალი კომპანიის - შპს „კიბერ ფეის“ გავლით, იღებდა სს „ოპპასგან“. ი/მ ევგენია მერებაშვილი აღნიშნავდა, რომ მოპასუხემ შეტყობინების გარეშე შეუწყვიტა პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდება მომჩივანის აპარატებს, რაც წარმოადგენდა დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას.


    საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ სს „ოპპასთვის“ უცნობი იყო მომჩივანსა და შპს „კიბერ ფეის“ შორის არსებული ურთიერთობის შესახებ და მოპასუხეს არ გაუცია თანხმობა ი/მ ევგენია მერებაშვილის მიერ სს „ოპპას“ სახელით საგადახდო მომსახურების მიწოდების თაობაზე.


    იმის გათვალისწინებით, რომ საგადახდო მომსახურების პროვაიდერის სახელით საგადახდო მომსახურების გამწევი სუბიექტების ქმედებათა გამო მესამე პირებისა და ეროვნული ბანკის წინაშე ანგარიშვალდებულია სს „ოპპა“, ეროვნულმა ბანკმა მიიჩნია, რომ მას უნდა ჰქონოდა შესაძლებლობა, ობიექტურ და არადისკრიმინაციულ საწყისებზე დაყრდნობით თავად განესაზღვრა მისი აგენტის/ქვეაგენტის ვინაობა.


    ამდენად, ეროვნულმა ბანკმა დაადგინა, რომ სს „ოპპა“ მოქმედებდა კანონმდებლობით პროვაიდერისთვის დადგენილი მოთხოვნების უზრუნველსაყოფად და მის ქმედებაში არ იკვეთებოდა კონკურენციის შეზღუდვის ნიშნები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ.



    • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 30 ივლისის ბრძანება „სს ,,თიბისი ბანკის“ საჩივრის დასაშვებად ცნობის, საქმის მოკვლევის დაწყებისა და მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2024 წლის 20 მარტის №67/04 ბრძანების საფუძველზე დაწყებული მოკვლევის შეწყვეტის შესახებ | ბრძანება

     
    სს „თიბისი ბანკის“ საჩივრის საფუძველზე საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარეობდა საქმის მოკვლევა სს ,,საქართველოს ბანკისა“ და „American Express”-ის მიერ ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის შემზღუდველი შეთანხმება) შესაძლო დარღვევის ფაქტის შესწავლის მიზნით. დავის საგანს წარმოადგენდა სს „საქართველოს ბანკსა“ და „American Express”-ს შორის გაფორმებული ექსკლუზიური დათქმების მქონე ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც, სს „საქართველოს ბანკს“ „American Express”-ის მიერ მინიჭებული ჰქონდა, ქვეყნის მასშტაბით, „American Express”-ის ბრენდირებული საგადახდო ბარათების გამოშვებისა და ექვაირინგის ექსკლუზიური უფლებამოსილება.


    2025 წლის 25 ივლისს, მომჩივანმა წარმოადგინა განცხადება და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, მოპასუხეებმა შეწყვიტეს მათ შორის არსებული ექსკლუზიური თანამშრომლობა და განცხადების წარმოდგენის დროისათვის, ექსკლუზიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე ექსკლუზიურობის ჩანაწერი აღარ ზღუდავდა „American Express”-ის სისტემაზე წვდომას. შესაბამისად, სს „თიბისი ბანკმა“ ისარგებლა კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებით და გაიხმო წარმოდგენილი საჩივარი.


    ამასთან, 2025 წლის 24 ივლისს „American Express”-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის განცხადება: „ამერიკან ექსპრესმა გაავრცელა სიახლე საქართველოში მისი ქსელის პარტნიორებთან დაკავშირებულ სტრატეგიაზე. კომპანიას განზრახული აქვს ითანამშრომლოს იმ ბანკებთან, რომლებიც გამოთქვამენ ინტერესს ამერიკან ექსპრესის გლობალურ ქსელის ბარათების ემისიაზე და ექვაირინგზე საქართველოში. სიამოვნებით მოგაწვდით განახლებებს, როგორც კი ახალი ინფორმაცია გვექნება.“


    მომჩივანის ზემოაღნიშნული განცხადების გათვალისწინებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2025 წლის 30 ივლისის №182/04 ბრძანებით, შეწყდა სს „თიბისი ბანკის“ საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა.  

     

    • საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტის 2025 წლის 1-ლი აგვისტოს გადაწყვეტილება სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ | განკარგულება | გადაწყვეტილება

    საქართველოს ეროვნულ ბანკში 2025 წლის 8 ივლისს წარმოდგენილ იქნა შეტყობინება სს „ბაზისბანკსა“ და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის დაგეგმილი კონცენტრაციის თაობაზე.

    წარმოდგენილი შეტყობინების თანახმად, კონცენტრაციის ფარგლებში, სს „ბაზისბანკი“ გეგმავს სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების 95.99%-ის შეძენას. აქციების შეძენის შემდგომ პერიოდში, სს „ლიბერთი ბანკი“ გააგრძელებს საქმიანობას არსებული ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმით, როგორც სს „ბაზისბანკის“ შვილობილი კომპანია, შემდგომი პერიოდი - ტრანზაქციის განხორციელებიდან 9-12 თვე გამოყენებული იქნება სს „ლიბერთი ბანკის“ სს „ბაზისბანკთან“ საბოლოო შერწყმის უზრუნველსაყოფად.

    ეროვნულმა ბანკმა განიხილა სს „ბაზისბანკის“ მიერ სს „ლიბერთი ბანკის“ აქციების შეძენის გზით განსახორციელებელი კონცენტრაციის საკითხი და დაადგინა, რომ კონცენტრაცია არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას შესაბამის ბაზარზე და იგი თავსებადია კონკურენტულ გარემოსთან.

    წარმოდგენილი შეტყობინების განხილვის ფარგლებში, ეროვნულმა ბანკმა შესაბამის ბაზრად განსაზღვრა სასესხო პროდუქტების ბაზარი, რამდენადაც ორივე ბანკის შემთხვევაში, მიღებული შემოსავლის ძირითად ნაწილს შეადგენს სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლები. შესაბამის ბაზარზე სს „ბაზისბანკის“ წილმა შეადგინა 4,51 %, ხოლო სს „ლიბერთი ბანკის“ წილმა - 5,6 %. ამდენად, დადგინდა, რომ კონცენტრაციის შედეგად მიღებულ საერთო საბაზრო წილი შეადგენს 10,11 %-ს.

    ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილების მიღების პროცესში გაითვალისწინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანებით დამტკიცებული „ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის“ მე-20 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი სამართლებრივი რეგულირება, რომლის მიხედვითაც, თუ კონცენტრაციის შედეგად შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ აგენტთა ერთობლივი საბაზრო წილი არ აღემატება 15%-ს, ასეთი კონცენტრაცია ივარაუდება, რომ არსებითად არ ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის დონის მაჩვენებელი (ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი) კონცენტრაციის შედეგად იზრდება მხოლოდ 50.49 ერთეულით, რაც არსებული სამართლებრივი რეგულირების გათვალისწინებით, დასაშვებ ცვლილებად ითვლება.

     

    • საქართველოს ეროვნული ბანკის 2024 წლის 15 მაისის ბრძანება შპს "ი ჯი თი ექსპრეს ჯორჯიას" საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ | დოკუმენტი


    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა შპს "ი ჯი თი ექსპრეს ჯორჯიას" 2024 წლის 8 თებერვლის საჩივარი სს ,"თიბისი ბანკის" მხრიდან ,"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. მომჩივანი, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო კომპანიას, მიუთითებდა, რომ სს "თიბისი ბანკი“ მას დაბრკოლებებს უქმნის გადარიცხვის ოპერაციების განხორციელების ნაწილში და სხვა სატრანსპორტო კომპანიებთან მიმართებაში აყენებს არაკონკურენტულ და დისკრიმინაციულ მდგომარეობაში.


    საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა მიიჩნია, რომ "თიბისი ბანკი" მოქმედებდა ფულის გათეთრების აღკვეთის ხელშეწყობის კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და მის ქმედებაში არ იკვეთებოდა კონკურენციის შეზღუდვის ნიშნები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ. ამასთანავე, სს "თიბისი ბანკის" მიმართ გაცემულ იქნა განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია.



    • საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 29 დეკემბრის განკარგულებით დამტკიცებული გადაწყვეტილება | დოკუმენტი

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის 6 ივლისის ბრძანებით დაწყებულ იქნა მოკვლევა - თბილისის, ქუთაისისა და გორის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდის, ტრანსპორტის მართვისა და კონტროლის სისტემის შექმნის პროცესში სს "საქართველოს ბანკისა" და სს "თიბისი ბანკის" მიერ დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენების თაობაზე.


    საქართველოს ეროვნული ბანკის ძირითადი შესწავლის საგანს წარმოადგენდა - ქ. თბილისში, სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის უფასო/შეღავათიანი მგზავრობის საფასურის გადახდისთვის განკუთვნილი სატრანსპორტო საგადახდო ბარათის სს "საქართველოს ბანკის" საბანკო საგადახდო ბარათთან მხოლოდ დაკავშირებულად/გაერთიანებულად შეთავაზებით ადგილი ჰქონდა თუ არა ბანკის მიერ, სხვადასხვა პროდუქტის მიბმის გზით, კონკურენციის შეზღუდვას.

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის კონკურენციის კომიტეტის მიერ 2023 წლის 27 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად არ დადასტურდა სს "საქართველოს ბანკისა" და სს "თიბისი ბანკის" მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის დარღვევის ფაქტი და შეწყდა შესაბამისი საქმის წარმოება.



    • საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს "ოპპას" საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (მოპასუხე - შპს "მისო რიკო ექსპრესი") | დოკუმენტი


    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა 2021 წლის 2 ივლისს სს "ოპპას" მიერ წარმოდგენილი საჩივარი შპს "მისო რიკო ექსპრესის" მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის შესახებ. საჩივარი შეეხებოდა მომჩივანისთვის საგადახდო მომსახურების სფეროში მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დაწესებას მოპასუხის მხრიდან.


    საჩივრის შესწავლისა და შესაბამისი ბაზრის ანალიზის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა მიიჩნია, რომ შპს "მისო რიკო ექსპრესს" არ ეკავა შესაბამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მისი მხრიდან ხსენებული ნორმის დარღვევის სამართლებრივ შესაძლებლობას. ამდენად, საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და მომჩივანს უარი ეთქვა საქმის მოკვლევის დაწყებაზე.



    • საქართველოს ეროვნული ბანკის  2021 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილება სს "ოპპას" საჩივრის საფუძველზე საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ (მოპასუხე - შპს "გოა კრედიტი") | დოკუმენტი


    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა 2021 წლის 2 ივლისს სს "ოპპას" მიერ წარმოდგენილი საჩივარი შპს "გოა კრედიტის" მხრიდან "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) სავარაუდო დარღვევის შესახებ. საჩივარი შეეხებოდა მომჩივანისთვის საგადახდო მომსახურების სფეროში მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებით განსხვავებული პირობების დაწესებას მოპასუხის მხრიდან.


    საჩივრის შესწავლისა და შესაბამისი ბაზრის ანალიზის შედეგად, ეროვნულმა ბანკმა მიიჩნია, რომ შპს "გოა კრედიტს" არ ეკავა შესაბამის ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავდა მისი მხრიდან ხსენებული ნორმის დარღვევის სამართლებრივ შესაძლებლობას. ამდენად, საჩივარი ცნობილ იქნა დაუშვებლად და მომჩივანს უარი ეთქვა საქმის მოკვლევის დაწყებაზე.



    • საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება სს "კრედო ბანკისა" და სს "ფინკა ბანკი საქართველოს" შორის განსახორციელებელი კონცენტრაციის კონკურენტულ გარემოსთან თავსებადობის შესახებ | დოკუმენტი

     

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განიხილა 2021 წლის 31 მაისს წარმოდგენილი შეტყობინება სს "კრედო ბანკის" მიერ სს "ფინკა ბანკი საქართველოს" აქციების 100%-იანი წილის შეძენის თაობაზე. აღნიშნული კონცენტრაცია "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და "ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2021 წლის 28 მაისის №68/04 ბრძანების შესაბამისად, ექვემდებარებოდა ეროვნულ ბანკთან წინასწარ წერილობით შეტყობინებას.


    საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონმდებლობის შესაბამისად განხილულ იქნა 100,000 ლარამდე სასესხო პროდუქტების ბაზარი და 100,000 ლარზე მეტი მოცულობის სასესხო პროდუქტების ბაზარი. შედეგად, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, აღნიშნული კონცენტრაცია მიჩნეულ იქნა კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად და 2021 წლის 29 ივნისს მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილება.