ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი შექმნილია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით საქართველოს ეროვნული ბანკისათვის განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად. კომიტეტის მთავარი ამოცანაა შეაფასოს და გააანალიზოს ფინანსური სტაბილურობის რისკები და შეიმუშაოს შესაბამისი პოლიტიკა მათ აღმოსაფხვრელად ან შესამცირებლად. პოლიტიკის შემუშავებისას კომიტეტი ასევე ითვალისწინებს აღნიშნული პოლიტიკის გავლენას მონეტარული პოლიტიკის ისეთ მიზნებზე, როგორიცაა ფასების სტაბილურობა და ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობა.
კომიტეტის შემადგენლობაში შედიან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები, შესაბამისი დეპარტამენტებისა და განყოფილებების ხელმძღვანელები. კომიტეტს ხელმძღვანელობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი იკრიბება კვარტალში ერთხელ წინასწარ დადგენილი კალენდრის შესაბამისად. განსაკუთრებულ შემთხვევებში შეიძლება მოწვეულ იქნას რიგგარეშე სხდომა.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტი რეგულარულად აფასებს და აანალიზებს სისტემურ რისკებს, ფინანსური სექტორის ციკლურ პოზიციას და იღებს გადაწყვეტილებებს კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის შესახებ. აგრეთვე, ადგენს მაკროპრუდენციულ პოლიტიკის სხვა ინსტრუმენტებს, როგორიცაა: სესხის მომსახურების და უზრუნველყოფის კოეფიციენტების ლიმიტები; სექტორზე დამოკიდებული რისკის წონები; კაპიტალის დამატებითი მოთხოვნა სისტემური მნიშვნელობის ფინანსურ ინსტიტუტებზე; და სხვა.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ყოველი სხდომის ჩატარების შემდეგ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ქვეყნდება კომიტეტის გადაწყვეტილები, რომელშიც განმარტებულია გადაწყვეტილების მიზეზები და განმსაზღვრელი ფაქტორები.