კომერციული ბანკების ზედამხედველობა

    "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის  მიხედვით, კომერციული ბანკი არის ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული იურიდიული პირი, რომელიც იღებს დეპოზიტებს და მათი გამოყენებით თავისი სახელით ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საბანკო საქმიანობას.

    საქართველოში ლიცენზირებული კომერციული ბანკებისთვის ნებადართულ საქმიანობათა ჩამონათვალს განსაზღვრავს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლი, რომლის საფუძველზეც, კომერციული ბანკი უფლებამოსილია, მათ შორის, მოიზიდოს პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტები (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის) და სხვა დაბრუნებადი გადახდის საშუალებები, გასცეს სესხები, სამომხმარებლო, საიპოთეკო, არაუზრუნველყოფილი და სხვა კრედიტების ჩათვლით და ა.შ.

    კომერციული ბანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, საბანკო საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.

    კომერციულ ბანკების ზედამხედველობასთან და რეგულირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.