gm-bg-mobile
gm-bg-mobile

gm-bg-mobile

1991 წელი

ეროვნული ვალუტის შექმნისათვის მზადება

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, 1991 წლის 2 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ", რომლითაც ქვეყანაში ფულის ნიშნების დამზადებისა და მიმოქცევაში გაშვების ორგანიზების ექსკლუზიური უფლება მიენიჭა საქართველოს ეროვნულ ბანკს. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს უზენაესმა საბჭომ, საქართველოს ეროვნულ ბანკთან ერთად დაიწყო ეროვნული ვალუტის შექმნისათვის მუშაობა, რაც ძირითადად წარიმართებოდა ფულის ნიშნების საჭირო ოდენობისა და ნომინალების განსაზღვრის, მისი შინაარსისა და დიზაინის შემუშავების კუთხით. ამ უკანასკნელ პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი მხატვარ-დიზაინერები - ელგუჯა ამაშუკელი, გია ბუღაძე, მამუკა გონგაძე, ნოდარ და ბაჩა მალაზონიები.

1992 წელი

ეროვნული ვალუტის სახელწოდება "ლარი"

ეროვნული ვალუტის სახელთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა განხილვები, მოიაზრებოდა სხვადასხვა სახელი: "მანეთი", "ქართული მანეთი", "მარჩილი", "ქართი", "რვალი" და "ლარი", ხურდა ფულის სახელწოდებად კი განიხილებოდა სახელწოდებები: "ეგრი", "კოლხა", "თეთრა", "კერმა" და "თეთრი".

ქართული ფულის გამოშვების სამთავრობო კომისიის 1992 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილებით ქართულ ეროვნულ ვალუტას დაერქვა - "ლარი", მოგვიანებით კი, დადგინდა ხურდა ფულის სახელწოდებაც - "თეთრი". სიტყვა "ლარი" ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს სიმდიდრეს, განძს. ხოლო "თეთრი" შუა საუკუნეებში გამოყენებული ქართული სამონეტო ტერმინია. 

1993 წელი

ქართული ფულის ნიშნების დიზაინის შექმნა

1993 წელს შეიქმნა ლარის ბანკნოტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალებისთვის და ასევე, მონეტების დიზაინის ესკიზები 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის ნომინალებისთვის.

ბანკნოტებზე გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების პორტრეტები, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ხელოვნების ნიმუშები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. ბანკნოტების დიზაინი მოამზადა ნოდარ მალაზონიამ.

მონეტებზე გამოსახულია ქართული კულტურული მემკვიდრეობის ფრაგმენტები, ბორჯღალი (უძველესი მზის სიმბოლო), სხვადასხვა წარწერები და ფულის ნიშნების მახასიათებელი რეკვიზიტები. მონეტების დიზაინის ესკიზები მოამზადეს ელგუჯა ამაშუკელმა (ნომინალის მხარე), ნოდარ და ბაჩა მალაზონიებმა (ბორჯღალის მხარე).

1995 წელი

ლარის მიმოქცევაში შემოღება

1995 წელს მიმოქცევაში შემოღებულ იქნა საქართველოს ეროვნული ვალუტა "ლარი" - 1995 წლის 25 სექტემბერს მიმოქცევაში გავიდა 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები (საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ნ.ჯავახიშვილისა და ფინანსთა მინისტრის დ.იაკობაშვილის ხელმოწერებით) და 1, 2, 5, 10, 20 და 50 თეთრის მონეტები. 1995 წლის 2 ოქტომბრიდან ლარი საქართველოს ტერიტორიაზე ერთადერთ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა.

1999 წელი

ლარის ბანკნოტების პირველი მოდიფიცირება

1999 წლის 10 დეკემბრიდან მიმოქცევაში გავიდა მცირედ მოდიფიცირებული 1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, რომლებზეც, 1995 წლის გამოშვების ბანკნოტებისაგან განსხვავებით, დატანილ იქნა სიტყვა "საქართველო" წარწერის "საქართველოს რესპუბლიკა" ნაცვლად (კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით), საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ი.მანაგაძისა და ფინანსთა მინისტრის დ.ონოფრიშვილის ხელმოწერები, ასევე ცვლილება განიცადა ულტრაიისფერმა დამცავმა ნიშანმა.

2000 წელი

ქრისტეშობის 2000 წელი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი

2000 წლის 28 ივლისიდან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში გამოუშვა ქრისტეშობის 2000 წლისა და საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ბიმეტალური მონეტები ლიმიტირებული ოდენობით. აღნიშნული მონეტები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიაზე საგადამხდელო საშუალებას ნომინალური ღირებულებით.

აღნიშნულის პარალელურად, საკოლქციო დანიშნულებით იდენტური დიზაინით გამოშვებულ იქნა, ასევე, 10 ლარის ნომინალის ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტები.

2002 წელი

1, 2, 5, 10 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მეორე მოდიფიცირება

2002 წელს განხორციელდა 1, 2, 5, 10 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების მოდიფიცირება რეკვიზიტების მცირედი კორექტირებისა და დამცავი მექანიზმების სრულყოფის კუთხით. მათ შორის მოხდა 1999 წლის გამოშვების ბანკნოტებზე არსებული დამცავი ნიშნების დახვეწა, რამოდენიმე ახალი ნიშნის დამატება დიზაინის გარკვეული ელემენტების  მცირედი მოდიფიცირების ხარჯზე და დატანილ იქნა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ი.მანაგაძისა და ფინანსთა მინისტრის ზ.ნოღაიდელის ხელმოწერები. მათი მიმოქცევაში გაშვება განხორციელდა 2002 წლის 5 აგვისტოდან.