მიმოქცევიდან ამოღებული 50 თეთრის ნომინალის მონეტა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1995 წელს მიმოქცევაში გაშვებული ე.წ. ყვითელი 50 თეთრის ნომინალის მონეტები მიმოქცევიდან ამოღებულ იქნა 2018 წლის პირველი იანვრიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2015 წლის 2 ნოემბრის N3 დადგენილებით.
აღნიშნული მონეტების გამოცვლა ამჟამად ხორციელდება მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ბანკში.
50 თეთრი
ავერსზე მთავარ კომპოზიციას წარმოდგენს გრიფონის ბარელიეფი, სამთავისის კათედრალიდან (XI ს), ხოლო რევერსზე - ბორჯღალი (უძველესი მარადისობისა და მზის სიმბოლო შვიდი ქიმითა და სიცოცხლის ხით).
შემადგენლობა: სპილენძი, ალუმინი, ნიკელი 2%, წონა: 2,5 გრ, დიამეტრი: 19 მმ, სისქე: 1,4 მმ, წიბო: გლუვი
მიმოქცევიდან ამოღებული 1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები
1 და 2 თეთრის ნომინალის მონეტები მიმოქცევიდან ამოღებულ იქნა 2021 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2018 წლის 5 ოქტომბრის N8 დადგენილებით. 2021 წლის ბოლომდე მათი გამოცვლა განხორციელდება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით, ხოლო 2022 წლის 1 იანვრიდან - მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის მეშვეობით.
1 თეთრი
მონეტის ავერსზე მთავარ კომპოზიციას წარმოადგენს ვაზის ბარელიეფი სვეტიცხოვლის კათედრალიდან (XI ს), ხოლო რევერსზე - ბორჯღალი (უძველესი მარადისობისა და მზის სიმბოლო შვიდი ქიმითა და სიცოცხლის ხით).
შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი-ვერცხლისფერი; წონა: 1,38 გრ; დიამეტრი: 15 მმ; სისქე: 1,25 მმ; წიბო: გლუვი
2 თეთრი
ავერსი: მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ფარშევანგის ბარელიეფი სვეტიცხოვლის კათედრალიდან (XI ს) მის ქვეშ წარწერა - "თეთრი" და ციფრი "2". კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.
რევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (უძველესი მარადისობისა და მზის სიმბოლო შვიდი ქიმითა და სიცოცხლის ხით) და მონეტის მოჭრის თარიღი - 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ ენებზე - "საქართველოს რესპუბლიკა", "REPUBLIC OF GEORGIA".
შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი - ვერცხლისფერი, წონა: 1,9 გრ, დიამეტრი: 17,5 მმ, სისქე: 1,25 მმ, წიბო: გლუვი
მიმოქცევიდან ამოღებული 1995-1999 წლის ემისიის ბანკნოტები
1995-1999 წლის ემისიის ლარის ბანკნოტები მიმოქცევიდან ამოღებულ იქნა 2022 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2017 წლის 4 ოქტომბრის N4 დადგენილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი. 2022 წლის 1 იანვრიდან მათი გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში.
1 ლარი
წინა მხარე:
ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის (ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით: „ფიროსმანი 1862-1918“. ვაზის გამოსახულებიანი ბარელიეფები.
უკანა მხარე:
ქალაქ თბილისის პანორამა და შველი ფიროსმანის ნახატიდან.
2 ლარი
წინა მხარე:
ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი წარწერით „ზაქარია ფალიაშვილი 1871-1933“, მის მიერ შექმნილი ოპერის „აბესალომ და ეთერი“ უვერტიურის პირველი სანოტო პწკარედი.
უკანა მხარე:
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერით „თბილისის ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887წ.“
5 ლარი (1995 და 1999 წლის ემისია)
წინა მხარე:
ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876-1940“; ბარელიეფი სვეტიცხოვლის კათედრალიდან (XI ს).
უკანა მხარე:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველიდან (ძვ.წ. III ათასწლეული), გადაშლილი წიგნი, მცენარეული დეკორი, საქართველოს სიტუაციური რუკა.
10 ლარი (1995 და 1999 წლის ემისია)
წინა მხარე:
ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის პორტრეტი წარწერით „აკაკი წერეთელი 1840-1915“, აყვავებული რტო და მერცხალი.
უკანა მხარე:
ქართველი მხატვრის, დავით კაკაბაძის ფერწერული ტილო წარწერით „დედაჩემი იმერეთი“, ბარელიეფი ვაზის გამოსახულებით.
20 ლარი (1995 და 1999 წლის ემისია)
წინა მხარე:
ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837-1907“, ილიას მიერ გამოცემული ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ , გაზეთი „ივერია“, ილიას პირადი ნივთები - ლუპა, საათი, სამელნე და კალამი.
უკანა მხარე:
ძველი თბილისის პანორამა; ვახტანგ გორგასლის ქანდაკება, ვახუშტი ბატონიშვილის მიერ 1735 წელს შესრულებული XVIII საუკუნის თბილისის გეგმა.
50 ლარი (1995 და 1999 წლის ემისია)
წინა მხარე:
ქართველი მეფის თამარის პორტრეტი წარწერით „თამარ მეფე XII ს“, გრიფონის ბარელიეფი სამთავისის კათედრალის (XI ს) ფასადის მორთულობიდან.
უკანა მხარე:
ზოდიაქოს ნიშნის მშვილდოსნის მინიატურა ხელნაწერთა კრებულიდან (XII ს)
100 ლარი (1995 და 1999 წლის ემისია)
წინა მხარე:
ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის პორტრეტი წარწერით „რუსთაველი. XII ს. ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების ბარელიეფი.
უკანა მხარე:
წარმოდგენილია ბიბლიური სიუჟეტის ბარელიეფი მარტვილის ეკლესიიდან - „დანიელი ლომთა ხაროში“. წარწერა „მარტვილი. VII საუკუნე“.