gm-bg-mobile
gm-bg-mobile

დაზიანებული ფულის ნიშნების გამოცვლა

ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის კრიტერიუმები და მათი მიღება-გამოცვლის წესები განისაზღვრება  საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 27/06/2011 N4 დადგენილებით დამტკიცებული "ლარის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებითა და მათი მიღება-გამოცვლის წესებით“.

დაზიანებული ან დაბინძურებული ლარის ბანკნოტების და მონეტების გამოცვლა, თუ ის აკმაყოფილებს გადასახდელად ვარგისობის კრიტერიუმებს, შესაძლებელია საქართველოს ეროვნულ ბანკსა და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ კომერციულ ბანკში, სადაც მათი ანაზღაურება ხდება ნომინალური ღირებულებით ყოველგვარი საკომისიო დანამატის გარეშე.

 

მეწარმე სუბიექტი (გარდა კომერციული ბანკისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ვალდებულია ანგარიშსწორების პროცესში შეუფერხებლად მიიღონ:

დაზიანებული ბანკნოტი, თუ მათზე არსებითად არ არის შეცვლილი ბანკნოტის რეკვიზიტები, ან მარტივადაა შესაძლებელი ბანკნოტის დამცავი ნიშნების, ასევე, ნომინალის იდენტიფიცირება და შენარჩუნებულია ბანკნოტის ორიგინალური ზომა; ხოლო მონეტის შემთხვევაში - დაზიანების მიუხედავად მთლიანობაში არ არის შეცვლილი მონეტის გამოსახულება, ზომა, ფერი და შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება.

 

კომერციული ბანკი ვალდებულია, ანგარიშსწორების ან გამოცვლის მიზნით, ყოველგვარი საზღაურის გარეშე, შეუფერხებლად მიიღონ ნებისმიერი დაზიანების მქონე ლარის ბანკნოტი/მონეტა, თუ დაზიანების მიუხედავად, შენარჩუნებულია ორიგინალი ბანკნოტის/მონეტის 50%-ზე მეტი და შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება.

დაუშვებელია კომერციული ბანკის მიერ დაზიანებული ლარის ბანკნოტის/მონეტის მიმოქცევაში დაბრუნება.