ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები

     

    ერთდღიანი სესხები და ერთდღიანი დეპოზიტები წარმოადგენს ეროვნული ბანკის მუდმივმოქმედ ინსტრუმენტებს, რომელთა შეთავაზება ხდება კომერციული ბანკებისთვის და მიკრობანკებისთვის მათი მოთხოვნის საფუძველზე.

     

    ერთდღიანი სესხი გაიცემა კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე შესაბამისი უზრუნველყოფის საფუძველზე. სესხის უზრუნველყოფად შეიძლება გამოყენებულ იქნეს "საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური გირავნობის მართვის დებულებით" განსაზღვრული უზრუნველყოფის საშუალებები. სესხისა და მასზე დარიცხული პროცენტის დაფარვა ხდება საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე. ერთდღიან სესხზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს პლუს 0.75 პროცენტული პუნქტი. 


    ერთდღიანი დეპოზიტის ეროვნულ ბანკში განთავსება კომერციულ ბანკს და მიკრობანკს შეუძლია წინასწარი შეტყობინების გარეშე ყოველ სამუშაო საბანკო დღეს, საანგარიშსწორებო დღის დახურვამდე. მომდევნო სამუშაო საბანკო დღეს, საოპერაციო დღის გახსნისთანავე, ერთდღიანი დეპოზიტის ძირითად თანხას და მასზე დარიცხულ პროცენტს ეროვნული ბანკი ჩარიცხავს ბანკის საკორესპოდენტო ანგარიშზე. ერთდღიან დეპოზიტზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრება როგორც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს მინუს 1.75 პროცენტული პუნქტი.