ღია ბანკინგი
ღია ბანკინგი წარმოადგენს ციფრული ფინანსების განვითარების ახალ ეტაპს -მოდელს, რომელიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, თავად განსაზღვროს, ვის, როდის და რა მოცულობით გაუზიაროს საკუთარი ფინანსური მონაცემები.
ღია ბანკინგი ეფუძნება ელექტრონულ ტექნოლოგიებს და უზრუნველყოფს ფინანსური ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლას ფინანსურ ინსტიტუტებსა და უფლებამოსილ პროვაიდერებს შორის. მონაცემთა გაზიარება და შესაბამისი ოპერაციების განხორციელება ხდება სტანდარტიზებული არხებით, API-ების (Application Programming Interface) გამოყენებით.

ღია ბანკინგი საქართველოს ეროვნული ბანკის ციფრული ფინანსური ეკოსისტემის ტრანსფორმაციის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ელემენტია და ქმნის საფუძველს ქვეყნის ფინტექ სექტორის მდგრადი განვითარებისათვის. ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორი და ფინტექ კომპანიები თანამშრომლობენ სტანდარტიზებული, უსაფრთხო და მომხმარებელზე ორიენტირებული ფინანსური გარემოს ჩამოსაყალიბებლად.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვასთან დაკავშირებით კონსულტაციები და სამუშაო ჯგუფის რეგულარული შეხვედრები 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაო ჯგუფი აერთიანებს საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებს.
საქართველოს საბანკო ასოციაციის ფარგლებში ჩამოყალიბდა ღია ბანკინგის კომიტეტი, რომლის მიზანია სტანდარტების შემუშავება, პროექტის პროგრესის მხარდაჭერა და მონაწილე მხარეებს შორის კოორდინაციის გაძლიერება. საქართველოს საბანკო ასოციაციის, კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკის ჩართულობით, 2020 წლის სექტემბერში შეიქმნა ღია ბანკინგის დანერგვის (იმპლემენტაციის) ჩარჩოს პირველი ვერსია.
მიმდინარე ეტაპზე აღნიშნული დოკუმენტი განსაზღვრავს იმ სავალდებულო API სერვისებს (ანგარიშზე არსებული ინფორმაციის გაზიარება და გადახდის ინიციირება), რომელთა უსაფრთხო არხებით ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაც ევალებათ ფინანსურ ინსტიტუტებს. ღია ბანკინგის ჩარჩო არ შემოიფარგლება მხოლოდ სავალდებულო მინიმუმით, იგი ასევე მოიცავს დამატებითი API სერვისებს, რაც მონაწილე მხარეებს საბაზისო (PSD2-ის) მოთხოვნებზე უფრო ფართო შესაძლებლობებს სთავაზობს. გარდა ამისა, პროცესი დინამიურია და ჩარჩო ითვალისწინებს, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სამომავლოდ ახალი API სერვისების ეტაპობრივი დამატების შესაძლებლობას.
ღია ბანკინგის სამართლებრივი ჩარჩო განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №80/04 ბრძანებით - „ღია ბანკინგში ჩართვის წესის დამტკიცების შესახებ“.
ბრძანების მიზანია ღია ბანკინგში ჩართვის პროცესის მოწესრიგება და ჩართული სუბიექტების მიერ მიწოდებული მომსახურების გამართულობის, სანდოობისა და დაცულობის უზრუნველყოფა.
ღია ბანკინგის ეკოსისტემა ეფუძნება ერთიან წესებსა და სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს მონაწილე სუბიექტების ჩართვის პირობებს, ტექნიკურ ურთიერთქმედებას, მონაცემთა დაცვის პრინციპებსა და ოპერაციული მდგრადობის მოთხოვნებს. აღნიშნული ჩარჩო ქმნის პროგნოზირებად და უსაფრთხო გარემოს და ხელს უწყობს მონაწილე მხარეებს შორის ეფექტურ თანამშრომლობას.
ეკოსისტემა ქმნის საფუძველს ღია ფინანსების (Open Finance) შემდგომი განვითარებისათვის, რაც მომავალში გააფართოებს მონაცემთა გაზიარების შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს მომხმარებელზე მორგებული ფინანსური მომსახურების განვითარებას.
ღია ბანკინგთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დასაკავშირებლად, გთხოვთ, ისარგებლოთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციით: