ღია ბანკინგი
ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციას შორის, მომხმარებლის ინიციატივით, ფინანსურ ინსტიტუტებში არსებული ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცვლას გულისხმობს.
მნიშვნელოვანია, რომ ღია ბანკინგს დადებითი შედეგების მოტანა შეუძლია როგორც მომხმარებლებისთვის, ისე მთელი საფინანსო სექტორისთვის. ღია ბანკინგი ქმნის ნაყოფიერ ნიადაგს ახალი ტექნოლოგიების შესაძლებლობის ეფექტურად გამოყენებისათვის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ჯანსაღ კონკურენციას და მონაცემებზე დაფუძნებული ფინტეკ ბიზნესს მოდელების განვითარების საფუძველია.
ღია ბანკინგის ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ისეთ ქვეყნებში როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, ავსტრალია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის საგადახდო სერვისების განახლებული PSD2 რეგულაციის ფარგლებში მსგავსი არხებით მომხმარებლის მონაცემების გაზიარება სავალდებულოა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინიცირებით, საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვასთან დაკავშირებით საბანკო სექტორთან კონსულტაციები და სამუშაო ჯგუფის რეგულარული შეხვედრები ჯერ კიდევ 2019 წლის ზაფხულში დაიწყო. ღია ბანკინგის სამუშაო ჯგუფი შედგება საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საბანკო ასოციაციისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებისგან. მოგვიანებით, საბანკო ასოციაციის ფარგლებში ასევე შეიქმნა ღია ბანკინგის კომიტეტი, რომლის მიზანია საქართველოში ღია ბანკინგის დანერგვისთვის საჭირო სტანდარტების შემუშავება და პროექტის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
საქართველოს საბანკო ასოციაციის მონაწილეობით, ასევე კომერციული ბანკების და საქართველოს ეროვნული ბანკის ჩართულობით, 2020 წლის სექტემბერში ღია ბანკინგის კომიტეტმა შეიმუშავა ღია ბანკინგის იმპლემენტაციის ჩარჩოს პირველი ვერსია. აღნიშნული ჩარჩო დოკუმენტი განსაზღვრავს იმ წესებს და სტანდარტებს, რომელთა დაცვით და გამოყენებითაც კომერციულმა ბანკებმა პირველ ეტაპზე ერთმანეთს უნდა გაუზიარონ მათი მომხმარებლების შესახებ ისეთი მონაცემები, როგორიცაა საბანკო ანგარიშებზე არსებული ნაშთები და ინფორმაცია ტრანზაქციების შესახებ. აღნიშნული მონაცემების გაცვლა უნდა განხორციელდეს ღია აპლიკაციის ინტერფეისების (API) გამოყენებით ონლაინ რეჟიმში და რა თქმა უნდა, მომხმარებლის სურვილის/თანხმობის შემთხვევაში.
ღია ბანკინგის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის მოთხოვნების განხორციელებისთვის კომერციულ ბანკებს განსაზღვრული აქვთ ვადა 2021 წლის 31 მარტამდე. პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ ეტაპობრივად იგეგმება ღია ბანკინგის გამოყენების გაფართოება როგორც მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში გასაზიარებელი მონაცემების რაოდენობის, ასევე ღია ბანკინგის გამოყენებით საბანკო ტრანზაქციების ინიცირების შესაძლებლობის დამატების მიმართულებით. ღია ბანკინგის იმპლემენტაციის შემდეგ ეტაპებზე ასევე განიხილება სისტემაში კომერციულ ბანკებთან ერთად საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლების და ფინტეკ კომპანიების ჩართვა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის და საბანკო მომსახურებების მრავალფეროვნების გაზრდას.
ღია ბანკინგთან დაკავშირებულ საკითხებზე საქართველოს ეროვნულ ბანკთან დასაკავშირებლად, გთხოვთ ისარგებლოთ შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციით:
სასარგებლო ბმულები