სებსტატის რესურსები
სებსტატი წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიან ინფორმაციულ სისტემას, რომელიც მიზნად ისახავს ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების ავტომატიზაციას. მისი საშუალებით მთლიანად იცვლება სტატისტიკური სამუშაოების წარმოების ბიზნეს-პროცესი საქართველოს ეროვნულ ბანკში. ეს ნიშნავს, რომ სტატისტიკური ანგარიშგების ტრადიციული კითხვარები იცვლება ერთგვაროვან მონაცემთა ოჯახებით, რომლებშიც მაჩვენებლები აღწერილია სპეციალური უნიკალური გასაღებებით. ამდენად, ეროვნული ბანკის სტატისტიკური მოთხოვნები რესპონდენტი ბანკების მიმართ წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მაიდენტიფიცირებელი გასაღებების სიას, აქამდე არსებული ექსელის კითხვარების ნაცვლად. სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვების, ხარისხის კონტროლისა და დამუშავების ეს გზა მნიშვნელოვნად ამცირებს საანგარიშგებო ტვირთს და ამაღლებს სტატისტიკური ინფორმაციის ხარისხს.
სებსტატი უზრუნველყოფილია სათანადო მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ინსტრუმენტებით (სებსტატის სახელმძღვანელო, გზამკვლევი კომერციული ბანკებისათვის და ა.შ.), რაც უადვილებს ბანკებს სტატისტიკური ინფორმაციის მომზადებისა და ეროვნულ ბანკში წარდგენის პროცესებს.
სასარგებლო ბმულები