IBAN ფორმატის ანგარიშები

     

    საერთაშორისო საბანკო ანგარიშის ნომერი – IBAN


    IBAN არის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად წარმოდგენილი საბანკო ანგარიში. IBAN ანგარიშების გამოყენების შემთხვევაში მცირდება ანგარიშის ნომრის შეცდომით მითითების ალბათობა და სახსრების მიმღების ანგარიშზე ასახვის ხანგრძლივობა.

     

    საბანკო ანგარიშების ნომრების IBAN სტანდარტი შეიმუშავა „საბანკო სტანდარტების ევროპის კომიტეტმა“, ხოლო მოგვიანებით, აღიარებულ იქნა საეთაშორისო სტანდარტების ორგანიზაციის ISO 13616:1997 მიერ და ამჟამად რეგულირდება ISO 13616-1:2007 სტანდარტის შესაბამისად. 

     

    ISO 13616-2:2007-ის მიხედვით IBAN ანგარიშების ფორმატების რეგისტრაციას აწარმოებს საერთაშორისო ბანკთაშორისი ფინანსური ტელეკომუნიკაციების საზოგადოება (SWIFT).

     

    თავდაპირველად IBAN ანგარიში შეიქმნა ევროკავშირში გადახდების გაადვილების მიზნით, მაგრამ მისი ფორმა იმდენად მოქნილია, რომ უკვე თითქმის მთელ მსოფლიოში გამოიყენება. ევროკავშირში IBAN არის საერთაშორისო გადახდების მონაცემთა ავტომატური დამუშავების ერთ-ერთი ძირითადი პირობა.

     

    IBAN ანგარიშებში გამოყენებულია ქვეყნის კოდები ISO 3166-1 სტანდარტის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს 2 ალფაბეტურ სიმბოლოს.

     

    IBAN ანგარიშის საკონტროლო გასაღების გამოთვლა იწარმოება ISO/IEC 7064 (MOD 97-10) სტანდარტის შესაბამისად და წარმოადგენს რიცხვს (2 ციფრი), რომელიც გამოითვლება ყველა სხვა დანარჩენი სიმბოლოების მიხედვით. 

     

    IBAN ანგარიშის სიმბოლოების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 34-ს. სიმბოლოების რაოდენობა ქვეყნის მიხედვით სხვადასხვაა, თუმცა ყველა ანგარიშს ქვეყანაში უნდა ჰქონდეს ერთი და იგივე სიმბოლოების რაოდენობა.

     

    IBAN საქართველოში

    2009 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მუშაობა დაიწყო საბანკო სექტორში ანგარიშების ნომრების სტანდარტიზაციისათვის. არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, მოქმედ კომერციულ ბანკებთან ერთად, საქართველოს ბანკების ასოციაციის მხარდაჭერით, ერთიანი საერთაშორისო საბანკო ანგარიშების ნომრების (IBAN) შემოღების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის თაობაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კომერციულ ბანკებს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის თანახმად, 2010 წლის 3 მაისიდან ბანკებმა ანგარიშების გახსნა დაიწყეს IBAN ფორმატში. IBAN ანგარიშების გამოყენება საქართველოში სავალდებულო გახდა 2013 წლის 1 იანვრიდან.

     

    IBAN ანგარიშები საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 22 სიმბოლოთი. 

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის IBAN ანგარიშების ნომრის ფორმატის მაგალითი:

     

     

    GE - ქვეყნის კოდი (2 სიმბოლო);
    29 - საკონტროლო გასაღები (2 ციფრი), რომელიც გამოითვლება ყველა სხვა დანარჩენი სიმბოლოების მიხედვით;
    NB - ბანკის IBAN კოდი. დადგენილია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ თითოეული ბანკისათვის (იხ. ბანკების კოდები);
    0000000101904917  -  ბანკის მიერ განსაზღვრული ანგარიშის იდენტიფიკატორი (16 ციფრი).

     

    საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საბანკო ანგარიშების აღნიშნული სტანდარტების შესაბამისი IBAN ანგარიშის ნომრის შემოწმება შესაძლებელია შემდეგი ვალიდატორის მეშვეობით