ეროვნული ბანკის საზედამხედველო რეფორმები



    ეროვნული ბანკის მიერ 2017-2021 წლებში გატარებული საზედამხედველო რეფორმების მიზანი საფინანსო სისტემის სტაბილური, ეფექტიანი ფუნქციონირების ხელშეწყობა, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება და რისკების შემცირებაა. გატარებული რეფორმების შედეგად, უფრო მეტადაა დაცული მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებები, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობა და გამჭვირვალობა.


    რეფორმების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად დანერგვის მიზნით, ეროვნულ ბანკს ბაზრის მონაწილეებთან, დაინტერესებულ მხარეებთან მუდმივი და აქტიური კომუნიკაცია აქვს. ამასთან, ეროვნული ბანკი მომდევნო წლებში განაგრძობს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვასა და საზედამხედველო პოლიტიკის გაუმჯობესებას.

     

    საზედამხედველო რეფორმა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

     

    • საბანკო ზედამხედველობა
    • არასაბანკო ზედამხედველობა
    • ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიები (FinTechs)
    • საკრედიტო ბიუროს ზედამხედველობა
    • ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა
    • ფულის გათეთრების ინსპექტირება და ზედამხედველობა

     

    საბანკო ზედამხედველობა

     


    ცვლილებები საკანონმდებლო აქტებში


    2017 წლის დეკემბერში, საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი დაამტკიცა, რომელიც "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონსა და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მოიცავდა. 

     

    • განისაზღვრა სებ-ის უფლებამოსილებები საბანკო ჯგუფების კონსოლიდირებულ ზედამხედველობის კუთხით;
    • განისაზღვრა სებ-ის უფლებამოსილება ზედამხედველობა განახორციელოს რისკებზე დაფუძნებული ზედამხედველობის პრინციპზე დაყრდნობით;
    • დაიხვეწა კომერციული ბანკების ლიცენზირებისა და მნიშვნელოვანი წილის შეძენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცედურული საკითხები;
    • სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს  აღმასრულებელი ფუნქციების განხორციელების შესაძლებლობა შეეზღუდათ.
    • ბანკებს აეკრძალათ პირდაპირ ან არაპირდაპირ ნებისმიერი ოდენობით ფლობდნენ წილს იმ იურიდიული პირის კაპიტალში, რომელიც არ არის საფინასო ინსტიტუტი ან მისი საქმიანობა არ არის დაკავშირებული საბანკო საქმიანობასთან ან ბანკის სოციალურ პროექტებთან;
     
    ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში:

     

    • 2017 წელს ეფექტური საპროცენტო განაკვეთების და ჯარიმების ზედა ლიმიტები დაწესდა, რომლებიც წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთისთვის  100%-ს, ხოლო წლიური განაკვეთისთვის 150%-ს უდრის.
    • 2018 წლიდან ამოქმედდება სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილებები და წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრად 50% განისაზღვრა. გარდა ამისა, პირგასამტეხლოს და ნებისმიერი სხვა ფინანსური სანქციის ზედა დღიურ განაკვეთად  0,27% განისაზღვრა და ვადაგადაცილებული სესხებისთვის ჯამური ჯარიმების ოდენობა ნარჩენი სესხის 1.5-ზე მეტს არ უნდა აღემატებოდეს. 

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და ფინანსური ხარჯები განსაზღვრა და დაამტკიცა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოთვლის წესი. სხვა დარღვევებთან დაკავშირებულ სანქციებთან ერთად, შემოღებულ იქნა სპეციალური სანქციები "საფინანსო ინსტიტუტების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის" შესახებ წესით გათვალისწინებული დარღვევებისთვის.

     

    • 2019 წლის განმავლობაში, ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) ექსპერტების დახმარებით, კომერციული ბანკის გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო შეიმუშავა. ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქციაც დაემატა | პრესრელიზი

     

     

    ცვლილებები რეგულაციებში

     

    • 2017 წელს დამტკიცდა და ამოქმედდა ბაზელ III-ის ჩარჩოზე დაფუძნებული "კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესი", რომელიც კომერციული ბანკებს ავალდებულებს ყოველკვარტალურად და წლიურად გამოაქვეყნონ რეგულაციით განსაზღვრული რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინფორმაცია კაპიტალის ელემენტებთან, რისკის მიხედვით შეწონილ აქტივებთან, უმაღლესი მენეჯმენტის ანაზღაურებასთან და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით | პრესრელიზი 

     

    • 2017 წელს სებ-მა დაასრულა ბაზელ III-ზე დაფუძნებული კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოს პილარ 2-ის ელემენტების ფორმალიზების პროცესი. ამასთან, კაპიტალის ადეკვატურობის ჩარჩოში, ცვლილებები განხორციელდა  საზედამხედველო კაპიტალის ხარისხის ზრდისა და ბაზელ III-თან შესაბამისობის გაუმჯობესების მიზნით:

      • დაწესდა კაპიტალის განახლებული მინიმალური მოთხოვნები, კერძოდ, აღნიშნული მოთხოვნები შეადგენს 4.5%-ს, 6%-სა და 8%-ს ძირითადი პირველადი კაპიტალის, პირველადი კაპიტალისა და მთლიანი საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების შესაბამისად;
      • ძირითადი პირველადი კაპიტალის მეშვეობით, ბანკებს მოეთხოვებათ კაპიტალის დამატებითი ე.წ. კომბინირებული ბუფერების დაცვა, რაც მოიცავს კონსერვაციის, კონტრციკლურობის და სისტემურობის ბუფერს.
      • დაწესდა კონტრციკლურობის ბუფერი, რომელიც კვარტალურად განიხილება ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მიერ;
      • განისაზღვრა პილარ 2-ის ბუფერები: არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი, საკრედიტო პორტფელის კონცენტრაციის რისკის ბუფერი,  წმინდა სტრეს-ტესტების, წმინდა რისკების შეფასების საერთო პროგრამა (GRAPE) ბუფერი | პრესრელიზი

     

    • გამოქვეყნდა "რისკების შეფასების საერთო პროგრამის" (GRAPE)-ის სახელმძღვანელო | პრესრელიზი
    • გაიზარდა მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნა არსებული ბანკებისთვის და ლიცენზირების მსურველი პირებისთვის 12 მლნ ლარიდან 50 მლნ ლარამდე | პრესრელიზი
    • პრუდენციული ზედამხედველობის პროცესის გაუმჯობესების მიზნით, 2017 წელს დამტკიცდა "კომერციული ბანკების ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტის შესახებ დებულება". ლიკვიდობის გადაფარვის კოეფიციენტი (LCR) წარმოადგენს თანამედროვე და ეფექტურ მიდგომას მოკლევადიანი ლიკვიდობის მართვისათვის (30 დღემდე) და უზრუნველყოფს რისკების იდენტიფიკაციის, შეფასების, მონიტორინგისა და კონტროლის გაუმჯობესებას | პრესრელიზი
    • გაიზარდა ურთიერთდაკავშირებულ საცალო საკრედიტო მომხმარებელთა ჯგუფის რისკის პოზიციის თანხის ლიმიტი 350,000 ლარიდან 2 მილიონ ლარამდე. აღნიშნულმა ბანკებს შესაძლებლობა მისცა მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესისათვის გაცემული სესხები საცალო კლასში მოიცვან, რამაც მათ ამ ტიპის სესხებზე საზედამხედველო ტვირთი შეუმსუბუქა.
    • სტანდარტულად კლასიფიცირებულ საცალო სესხებზე განისაზღვრა სესხის მომსახურების (PTI) და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტების (LTV) ზღვრები. ზემოაღნიშნული განახლებების მიზანი  საბანკო სექტორში დაკრედიტების სტანდარტების გაუმჯობესებაა.
    • 2018 წელს პასუხისმგებლიანი დაკრედიტების სტანდარტების დანერგვისათვის, შემოსავლის დადასტურების გარეშე გაცემულ სესხებზე დაწესდა შემდეგი ლიმიტები: ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა არაუმეტეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-სა, ხოლო გადამხდელუნარიანობის გარეშე გაცემული უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი ყველა სესხის საერთო თანხა არაუმეტეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 15%-სა | პრესრელიზი
    • საფინანსო სექტორის ზედამხედველობის გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით, 2018 წლიდან, სებ-მა ზედამხედველობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო | პრესრელიზი
    • 2018 წელს, ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა "კომერციული ბანკებისათვის უძრავი ქონების შეფასების ინსტრუქცია", რომლის მიზანია, საბანკო სექტორში უძრავი ქონების შეფასების ხარისხის გაუმჯობესება და შეფასების პროცესისა და პრინციპების გამჭვირვალობა. ინსტრუქცია შემუშავდა "შეფასების საერთაშორისო სტანდარტების" (IVS) შესაბამისად.
    • დამტკიცდა "ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების კოდექსი კომერციული ბანკებისთვის", რომელიც საბანკო სექტორში ეთიკისა და პროფესიული ქცევის სტანდარტებს განსაზღვრავს | პრესრელიზი
    • სებ-მა, ბაზელის სტანდარტთან და ევროდირექტივასთან შესაბამისად, დაამტკიცა კომერციული ბანკებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი და ლევერიჯის კოეფიციენტის მოთხოვნების შესახებ დებულება | პრესრელიზი
    • ეროვნულმა ბანკმა "კომერციულ ბანკებში რისკის პოზიციების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულება" დაამტკიცა, რომლის მიზანი კომერციული ბანკებისა და საფინანსო სექტორის სტაბილური და ჯანსაღი ფუნქციონირების ხელშეწყობაა.
    • 2019 წელს, კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განისაზღვრა. რეგულაცია (და დაკავშირებული მოთხოვნები) მეტწილად NIST (5 ძირითადი ფუნქცია) სტანდარტს დაეფუძნა და სხვა საკითხებთან ერთად, ინციდენტებზე რეაგირებისა და აღმოფხვრის საკითხებს ფარავს.
    • 2019 წელს, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, ფინანსური კონგლომერატების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ კანონის პროექტი შემუშავდა, რომელიც ფინანსური კონგლომერატების კაპიტალის ადეკვატურობასთან, რისკების კონცენტრაციასთან, შიდა-ჯგუფურ ტრანზაქციებთან, შიდა კონტროლთან და რისკების მართვასთან დაკავშირებულ მოთხოვნებს განსაზღვრავს.
    • 2019 წელს, ეროვნულმა ბანკმა "წმინდა სტაბილური დაფინანსების კოეფიციენტის რეგულაცია" (NSFR) დაამტკიცა, რომელიც ლიკვიდობის რისკის ზედამხედველობის ერთ-ერთი მექანიზმია | პრესრელიზი
    • ეროვნულმა ბანკმა სტრეს-ტესტების სახელმძღვანელო გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიზანია სტრესული პერიოდში კომერციული ბანკებისთვის კაპიტალის ადეკვატურობის განსაზღვრის მეთოდოლოგიის, გამოყენებული სცენარის/დაშვებებისა და თითოეული რისკის მიმართ გამოსაყენებელი მიდგომების დაინტერესებული მხარეებისათვის გამჟღავნება.
    • 2021 წლის 1-ლი იანვრიდან საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის სრულფასოვანი ჩარჩო აქვს, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საფინანსო სისტემის სტაბილურობას | პრესრელიზი
    • საზედამხედველო სტრატეგიის პირველი დოკუმენტი ეროვნულმა ბანკმა 2020 წელს გამოაქვეყნა და ის 2020-2022 წლების სტრატეგიულ პრიორიტეტებსა და მათი შესრულების მიზნით დაგეგმილ საქმიანობებს მოიცავს. დოკუმენტი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისათვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სამომავლო ღონისძიებებზე სექტორისთვის პროგნოზირებადობის ზრდას, ინვესტორებისათვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისათვის და სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტი განახლდება და გამოქვეყნდება ყოველწლიურად,  წლის პირველ ნახევარში | პრესრელიზი
    • 2020 წელს ეროვნულ ბანკში წარსადგენი ანგარიშგების ფორმები IFRS-ის შესაბამისად განახლდა. შემუშავდა დარეზერვების ახალი წესი და საწყის კაპიტალთან დაკავშირებული მიდგომები | ფასს - ზე გადასვლის გზამკვლევი
    • "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონსა და "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებებით დაზუსტდა ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები კონკურენციის პოლიტიკის განხორციელების პროცესში.  კონკურენციის პოლიტიკებზე მუშაობის თვალსაზრისით 2020 წელი მნიშვნელოვანი წელი იყო საქართველოს ეროვნული ბანკისთვის. 2021 წელს სებ-მა ორი აქტი შეიმუშავა და გამოაქვეყნა. აღნიშნული წესები საერთაშორისო მოწინავე პრაქტიკებს დაეფუძნა | პრესრელიზი
    • 2021 წელს, ეროვნულმა ბანკმა ESG საკითხების უკეთ ასახვის მიზნით, რეგულაციებში ცვლილებები განახორციელა. განისაზღვრა სამეთვალყურეო საბჭოს პასუხისმგებლობა ESG საკითხების ბანკის სტრატეგიასა და რისკების მართვის ჩარჩოში ინტეგრირებასთან და მათ ეფექტიან განხორციელებასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელო პრინციპებად ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ESG საკითხების ანგარიშგებისა და გამჟღავნების პრინციპები განისაზღვრა.
    • 2021 წელს, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსის ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებები შეეხო სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებსა და ბანკის ანაზღაურების პოლიტიკასთან დაკავშირებულ ცვლილებებს.
    • ეროვნული ბანკი მუშაობს კონსოლიდირებული ზედამხედველობის ჩარჩოზე, კონსოლიდირებული კაპიტალის მოთხოვნების მიმართულებით დღესდღეობით ბანკები საზედამხედველო კაპიტალის შესახებ რეპორტინგს ახორციელებენ განცალკევებულად, ადგილობრივი GAAP-ის საფუძველზე. ისინი ასევე  კონსოლიდირებულ IFRS ანგარიშგებებს აქვეყნებენ.
    • ეროვნული ბანკი აგრძელებს საგადახდო მომსახურების შესახებ კანონმდებლობისა და მოთხოვნების ევროდირექტივებთან და რეგულაციებთან დაახლოებაზე მუშაობას, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებელთა ნდობის გაზრდას და ფინტექ-მიმართულებების განვითარებას, ასევე ახალი ტიპის საგადახდო სისტემის პროვაიდერების ბაზარზე გამოჩენას.

     

     

    არასაბანკო ზედამხედველობა

     

    • 2017 წელს ცვლილებები შევიდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონში. ამ ცვლილებებმა საკანონმდებლო და საზედამხედველო ჩარჩო გააუმჯობესა და მარეგულირებელი ნორმები გარკვეულწილად გამკაცრდა. კერძოდ, ცვლილებების შედეგად, სარეგისტრაციო მოთხოვნები, რაც ასევე მოიცავს მინიმალურ კაპიტალთან დაკავშირებულ მოთხოვნას, გამკაცრდა (მინიმალური კაპიტალის მოთხოვნა 250 000 - დან 1 მილიონ ლარამდე გაიზარდა). მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საქმიანობის ზოგადი მარეგულირებელი ჩარჩო დაიხვეწა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები გაუმჯობესდა. 
    • განისაზღვრა სესხის გამცემი ორგანიზაციის ცნება (პირი/ერთეული რომელსაც დამოუკიდებლად ან სხვა დაკავშირებულ პირებთან ერთად გაცემული აქვს 20-ზე მეტი სესხი). 2019 წლის იანვრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციები  ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაექვემდებარნენ. 

     

    ცვლილებები რეგულაციებში

     

    • 2018 წელს მნიშვნელოვნად დაიხვეწა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და სხვა არასაბანკო ორგანიზაციების საზედამხედველო ჩარჩო.
    • 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა დაამტკიცა ფიზიკურ პირების დაკრედიტების დებულება, რომლის მიზანიც საქართველოს ფინანსური სისტემის სტაბილური და მდგრადი ფუნქციონირების ხელშეწყობა და სესხის გამცემი ორგანიზაციების მიერ ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების უზრუნველყოფაა.
    • 2020 წელს სებ-მა  დაასრულა მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტების ადმინისტრატორებისთვის ჯარიმების დაკისრების და იმპლემენტაციის ჩარჩოზე მუშაობა.
    • სებ-ი აგრძელებს  რამდენიმე სამართლებრივ აქტზე მუშაობას, რომელთა შემუშავებაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არასაბანკო ზედამხედველობის მარეგულირებელ ჩარჩოს.
    • 2021 წლის განმავლობაში, ეროვნული ბანკი მუშაობდა ახალი საზედამხედველო სუბიექტის - მიკრო ბანკის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნაზე. საკანონმდებლო პაკეტის მიზანი საფინანსო სექტორში საშუალო ზომის, სტაბილური ბიზნეს მოდელისა და მაღალი რეპუტაციის მქონე ახალი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, სამეწარმეო და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაკრედიტების ხელშეწყობა, კონკურენციის ზრდა და საკრედიტო პროდუქტებზე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაა.

     

     

    ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიები (FinTechs)

     

     

    • 2020 წელს ეროვნულმა ბანკმა რეგულირების ლაბორატორიის (სენდბოქსი) შესახებ დებულება შეიმუშავა.  ლაბორატორიის მიზანი სწრაფად მზარდი  ინოვაციური ფინანსური სერვისებისა და ტექნოლოგიურ ბაზარზე შექმნილი პროდუქტების ტესტირება, მათი განვითარებისა და ბაზარზე უფრო დაბალი ხარჯით წვდომის ხელშეწყობაა | პრესრელიზი
    • 2020 წელს შემუშავდა მონაცემებზე დაფუძნებული სტატისტიკური, ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების მოდელის რისკის მართვის შესახებ რეგულაცია, რომელიც მოდელებისა და მისი ძირითადი კომპონენტების შექმნისა და გამოყენების პროცესს განსაზღვრავს | პრესრელიზი
    • ეროვნულმა ბანკმა შექმნა ფინანსური ინოვაციების ოფისი, რომელიც ფინანსურ ინოვატორებთან კომუნიკაციისთვის ეროვნული ბანკის  ეფექტურ პლატფორმას წარმოადგენს. ოფისი განკუთვნილია მათთვის, ვინც ჩართულია ან აპირებს ჩაერთოს ფინანსური ტექნოლოგიების ბაზარზე და ვისზეც სებ-ის საზედამხედველო ჩარჩოს, პირდაპირი ან ირიბი გავლენა შეიძლება ჰქონდეს | პრესრელიზი
    • 2020 წელს, ეროვნულმა ბანკმა ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპები შეიმუშავა და გამოაქვეყნა. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით, ეროვნული ბანკი ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას უწყობს ხელს | პრესრელიზი
    • ეროვნული ბანკი აქტიურად მუშაობს ღია ბანკინგის საკითხებზე. ღია ბანკინგის იმპლემენტაციის პირველი ეტაპის მოთხოვნების განხორციელებისთვის კომერციულ ბანკებს განსაზღვრული აქვთ ვადა 2021 წლის 31 მარტამდე. პირველი ეტაპის წარმატებით განხორციელების შემდეგ ეტაპობრივად იგეგმება ღია ბანკინგის გამოყენების გაფართოება | პრესრელიზი
    • საქართველოს ეროვნული ბანკი, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობისათვის, საგადახდო  სისტემის ეფექტიანობისა და ფინანსური ჩართულობის  გაუმჯობესების მიზნით, ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებას განიხილავს. CBDC ცენტრალური ბანკის ვალდებულებაა და მას გადახდის საშუალების სტატუსი ექნება. პროექტის ფარგლებში, ეროვნული ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს, ფინტექ კომპანიებთან და დაინტერესებულ ფინანსურ ინსტიტუტებთან ითანამშრომლოს |პრესრელიზი

     

     

    საკრედიტო ბიუროს ზედამხედველობა

     

    ცვლილებები საკანონმდებლო აქტებში და რეგულაციებში

     

    • 2018 წლის სექტემბრიდან, ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველი გახდა. ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელსაც  სესხის / კრედიტების შესახებ ინფორმაციის შეგროვება სურს, ეროვნული ბანკის მიერ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროდ უნდა იყოს რეგისტრირებული. საკრედიტო ინფორმაციის ფრაგმენტაციის თავიდან არიდების მიზნით, ეროვნულმა ბანკმა  ახალი სტანდარტები განსაზღვრა. რეგულაციის თანახმად, ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილებას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტები ვალდებული არიან ბიუროს ყველა იმ კლიენტის შესახებ სასესხო / საკრედიტო ინფორმაცია მიაწოდონ, რომლის ჯამური ვალდებულების ოდენობა 3 000 000 (სამი მილიონი) ლარს არ აღემატება, ხოლო აღნიშნული ინფორმაციის გამოქვეყნება ბიუროს ვალდებულებაა | პრესრელიზი
    • 2020 წლის დასაწყისში "საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესში" ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების მიზანი იყო საკრედიტო ბიუროში მარკეტინგული შეთავაზების მიზნით გადამოწმების ნებაყოფლობითი თანხმობა გაეჩინა და ელექტრონული თანხმობის მოთხოვნები დაეზუსტებინა. 

     

     

    ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობა

     

    2016 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საქართველოს მთავრობასთან ერთად საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რამაც ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან ცვლილებებს დაუდო საფუძველი. აღნიშნული სტრატეგიის ქვაკუთხედს ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს რეფორმა და კანონმდებლობის ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) პრინციპებსა და ევროკავშირის დირექტივებთან (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) შესაბამისად) დაახლოება წარმოადგენდა. 2018-2021 წლებში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საქართველოს მთავრობასთან ურთიერთთანამშრომლობით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების კუთხით და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს "პირველი თაობის რეფორმა" განახორციელა. აღნიშნულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მუდმივი წევრობის მოპოვების პროცესს, რის შედეგადაც 2021 წლის აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიზანს მიაღწია - IOSCO-ს მუდმივი წევრი და შესაბამისად აღნიშნული ორგანიზაციის მრავალმხრივი ურთიერთგაგების მემორანდუმის (MMoU) ხელმომწერი გახდა.

     

     

    ცვლილებები საკანონმდებლო აქტებში

     

    • "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონში შემდეგი ფუნდამენტური ცვლილებები განხორციელდა:
      • 2018 წლიდან არარეგულირებული "ფორექს" საქმიანობა ეროვნული ბანკის ზედამხედველობისა და რეგულირების ქვეშ მოექცა. შესაბამისად, ე.წ. "ფორექს კომპანიებს" ვალდებულება დაეკისრათ მოიპოვონ საბროკერო საქმიანობის ლიცენზია;
      • 2020 წელს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონმდებლობის "პირველი თაობის რეფორმა" განხორციელდა. ცვლილებების მიზანს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა  და მისი ევროდირექტივებთან და ემიტენტთა გამჭვირვალობის დირექტივა დაახლოება წარმოადგენს.
    • 2019 წელს დამტკიცდა "ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ" საქართველოს კანონი, რომელიც მომზადდა საერთაშორისო პრაქტიკასა და სვოპებისა და დერივატივების საერთაშორისო ასოციაციის (ISDA) რეკომენდაციებზე დაყრდნობით;
    • 2020 წელს დამტკიცდა "საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასა და მარეგულირებელ მოდელებს, მათ შორის, მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდის დირექტივით (UCITS) დადგენილ პრინციპებსა და დებულებებს. 

     

    ცვლილებები რეგულაციებში


    2018-2021 წლებში ეროვნულმა ბანკმა ფუნდამენტურად განაახლა ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩო და საზედამხედველო პროგრამა  ფასიანი ქაღალდების ბაზრის რეგულირებული სუბიექტებისათვის (საინვესტიციო ფირმები, აქტივების მმართველი კომპანიები, საინვესტიციო ფონდები, ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები, საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი)

     

    საინვესტიციო ფირმები (საბროკერო კომპანიები)

    • 2018 წლის ივლისში განახლდა საბროკერო კომპანიების სალიცენზიო და მარეგულირებელი ჩარჩო, რომელიც, თავის მხრივ, ფინანსური ინსტრუმენტების ბაზრების (MIFID II) 2014/65/EU დირექტივის შესაბამის პრინციპებს ასახავს. ძირითადი ცვლილებები ეხება შესაფერისობისა და შესაბამისობის კრიტერიუმებსა და კლიენტების აქტივების განკარგვას:
    • 2019 წელს საბროკერო კომპანიებისათვის და საბროკერო საქმიანობის განმახორციელებელი კომერციული ბანკებისათვის დაინერგა ყოველთვიური ანგარიშგების ჩარჩო; აღნიშნული ანგარიშგების სისტემა ეროვნულ ბანკს აძლევს საშუალებას ზედამხედველობა გაუწიოს საბროკერო ფირმების საქმიანობას, მათი კლიენტების ოდენობას, სახეობებსა და კლიენტების აქტივებს, რომლებიც საბროკერო კომპანიებთან/ბანკებთან არის აღრიცხული.
    • 2020 წლის დეკემბერში დამტკიცდა "პირის გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარების" წესი, რომელიც უფრო დეტალურად ადგენს იმ მოთხოვნებს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდნენ პირები, გამოცდილ/გათვითცნობიერებულ ინვესტორად აღიარებისთვის.
    • 2021 წლის თებერვალში დამტკიცდა საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეთათვის ეთიკისა და პროფესიული ქცევის კოდექსი. 

     

    საინვესტიციო ფონდები და საპენსიო სქემები (პილარ II)

    • 2018 წლის ნოემბერში დამტკიცდა "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები.

    2020 წლის სექტემბერ-ნოემბერში დამტკიცდა "საინვესტიციო ფონდების შესახებ" საქართველოს კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე აქტები. აღნიშნული წესებით შემუშავებული მარეგულირებელი ჩარჩო ევროკავშირის დირექტივებთან / რეგულაციებთან (AIFM, UCITS) შესაბამისობაშია და ამავდროულად, ითვალისწინებს საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის განვითარების დონეს. 


    ემიტენტები

     

    • 2019-2020 წლებში განახლდა პროსპექტის წესი (ფასიანი ქაღალდების საჯარო შეთავაზებისა და განთავსების ანგარიშის წარდგენის წესი), რომელიც ასახავს ევროკავშირის (EU) 2017/1129 რეგულაციის ძირითად პრინციპებს. წესი მოიცავს პროსპექტის შედგენის დეტალურ სახელმძღვანელოსა და ფორმატს და  ამარტივებს პროსპექტის მომზადებისა და დამტკიცების პროცედურას.
    • 2020 წელს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ბუღალტრული აღრიცხვისა და აუდიტის სამსახურთან (SARAS/სარასი), რომლის მიზანს წარმოადგენს საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებთან დაკავშირებული თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაძლიერება. დამატებით, სარასთან ერთად დაინერგა ანგარიშგების ერთი ფანჯრის სისტემა, რომელიც საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს საშუალებას აძლევს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გამჭვირვალობისა და ანგარიშგების მოთხოვნები  სარასის ანგარიშების პორტალის მეშვეობით შეასრულონ.
    • 2020 წელს ფუნდამენტურად შეიცვალა საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის დადგენილი მოთხოვნები ინფორმაციის წარმოდგენასთან და რეგისტრატორის დანიშვნასთან დაკავშირებით. აღნიშნული წესი ასახავს "გამჭვირვალობის მოთხოვნების ჰარმონიზაციის შესახებ" ევროპარლამენტისა და ევროკომისიის 2004/109/EC დირექტივით დადგენილ მოთხოვნებს.
    • 2020 წლის ოქტომბერში დამტკიცდა წესი ინსაიდერული ვაჭრობასთან, ინსაიდერული ინფორმაციის არამართლზომიერ გამჟღავნებასთან და ბაზრის მანიპულაციასთან დაკავშირებული წესი. აღნიშნული წესი მიზნად ისახავს ემიტენტების გამჭვირვალობის და ინფორმაციის ხარისხის გაუმჯობესებას ინსაიდერული ინფორმაციის გამოქვეყნების გზით. წესით დადგენილი მოთხოვნები ასევე, ვრცელდება ბაზრის შუამავლებზეც.
    • 2021 წლის დეკემბერში დამტკიცდა "საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი". კოდექსი ასახავს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. კოდექსის მიზანს წარმოადგენს საწარმოების პასუხისმგებლობის გაზრდის ხელშეწყობა მათი მხრიდან დაინტერესებულ მხარეებთან უფრო აქტიური კომუნიკაციის, გამჭვირვალობისა და ინვესტორთა უფლებების დაცულობის უზრუნველყოფის გზით. 

     

    ბაზრის ინფრასტრუქტურა (საფონდო ბირჟა/რეგისტრატორები)

     

    • 2018 წლის სექტემბერში, შეიცვალა და განახლდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორების რეესტრის წარმოების მარეგულირებელი ჩარჩო, რომლითაც მოხდა პროცესების სტანდარტიზება და ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებს დაუწესდათ შესაბამისი მოთხოვნები რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით;
    • 2018 წლის თებერვალში დამტკიცდა ფინანსური ინსტრუმენტების სავაჭრო სისტემის ორგანიზებულ ბაზრად აღიარების წესი, რომელიც ასახავს MIFID II-ის რეგულაციით დადგენილ ზოგად პრინციპებს საფონდო ბირჟებისათვის. 

     

    ფასიანი ქაღალდების ბაზრის სამომავლო საკანონმდებლო და მარეგულირებელი/ საზედამხედველო ცვლილებები: 

     

    • საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც არეგულირებს იპოთეკით დაცული ობლიგაციების (mortgage covered bonds) გამოშვებასა და იმ კომერციული ბანკების საჯარო ზედამხედველობას, რომლებიც  ამგვარ ობლიგაციებს უშვებენ. აღნიშნული პაკეტი საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციის ბაზრის განვითარების საფუძველს ქმნის.
    • "დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების შესახებ" საქართველოს კანონის მარეგულირებელი პაკეტის პროექტი, რომელიც მოიცავს საჯარო ფასიანი ქაღალდების ფლობის განახლებულ რეჟიმს, ცენტრალური დეპოზიტარის ლიცენზირებისა და მარეგულირებელ ჩარჩოს, განახლებულ ნომინალური მფლობელობის წესსა და რეგისტრატორის მიერ რეესტრის წარმოების მარეგულირებელ ჩარჩოს, ასევე, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვისა და შენახვის წესებს;
    • "ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის ლიცენზირებული საბროკერო კომპანიების საქმიანობის სახეობებთან დაკავშირებით ცვლილების მიზანს წარმოადგენს კანონის დაახლოება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, IOSCO-ს პრინციპებსა და ევროკავშირის ფასიანი ქაღალდების ბაზრის მარეგულირებლის (ESMA) რეკომენდაციებთან. 

     

    ფულის გათეთრების ინსპექტირება და ზედამხედველობა

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის თანმიმდევრული და ეტაპობრივი ქმედებების შედეგად, საზედამხედველო პროცესი რისკზე დამყარებული გახდა. განხორციელებულმა ცვლილებებმა, როგორც საბანკო, ისე არასაბანკო სექტორის მიმართულებით, მნიშვნელოვნად უზრუნველყო საზედამხედველო პროცესის ეფექტიანობის ამაღლება.

     

    • 2017 წელს დაინერგა საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რისკზე დამყარებული ზედამხედველობა.
    • 2017 წელს შემუშავდა ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორებისა და საბროკერო კომპანიების ადგილზე ინსპექტირების ახალი მეთოდოლოგია, რომელიც შემოწმების დაგეგმვის პროცესს, ტიპებს, შემოწმების თემატიკასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, რისკზე დაფუძნებული მიდგომის გათვალისწინებით განსაზღვრავს.
    • 2017 წლიდან, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა არასაბანკო სექტორის წარმომადგენლების ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისა და დაკისრების წესებში, რამაც სანქციათა რეჟიმის ეფექტიანობის გაზრდა განაპირობა. შემუშავდა "საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესი".
    • 2018 წელს შემუშავდა "საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო". დოკუმენტმა დაადგინა რისკზე ორიენტირებული ზედამხედველობის პროცესის ორგანიზების ძირითადი პრინციპები, რომელიც საფუძვლად უდევს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების შესრულებას.
    • 2018 წელს დაინერგა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების დისტანციური ზედამხედველობა.
    • 2018 წლიდან, ფუნქციონირებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის დისტანციური ზედამხედველობის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც საშუალებას იძლევა დამუშავდეს და გაანალიზდეს ზედამხედველობას დაქვემდებარებული თითოეული სუბიექტისგან მიღებული ინფორმაცია და დისტანციურად განისაზღვროს როგორც ინდივიდუალური სუბიექტის რისკ-პროფილი, ისე შესაბამის ფინანსურ სექტორთან დაკავშირებული რისკები. დისტანციური ზედამხედველობის პროგრამულმა უზრუნველყოფამ, რომელიც სექტორის წარმომადგენლებთან დროული, დაცული და სწრაფი კომუნიკაციის საშუალებას იძლევა, სექტორთან კომუნიკაციის ეფექტიანობის გაზრდას შეუწყო ხელი. აღსანიშნავია, რომ ზედამხედველობასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და დოკუმენტების დაცული და სწრაფი მიმოცვლის შესაძლებლობამ, პანდემიის დროს, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობა უზრუნველყო.
    • გამოვლენილი დარღვევების გამოსწორებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლის მიზნით, 2019 წელს დაინერგა დისტანციური ტიპის საკონტროლო (ე.წ. follow-up) შემოწმება, რამაც საზედამხედველო რესურსების კიდევ უფრო ეფექტიან გადანაწილებას შეუწყო ხელი.
    • 2019 წელს, ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა "კომერციული ბანკების და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების" წესში, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა სანქციათა რეჟიმის ეფექტიანობის ამაღლება. 

     

    2019 წელს შემუშავდა და განახლდა სახელმძღვანელო დოკუმენტები:

     

     

    • 2020 წელს დაინერგა სესხის გამცემი სუბიექტების დისტანციური ზედამხედველობა.
    • 2020 წელს შემუშავდა "ანგარიშვალდებული პირის მიერ კლიენტის მფლობელობისა და კონტროლის სტრუქტურის შესწავლის და ბენეფიციარი მესაკუთრის იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის წესი".
    • 2020 წლიდან, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მოთხოვნების დარღვევის გამო საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის დაკისრებული სანქციების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება.
    • 2020 წელს, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (MONEYVAL) საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში დაამტკიცა. ანგარიშში ხაზი გაესვა MONEYVAL-ის წინა ვიზიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესს, როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების ეფექტიანობის, ისე მის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ფინანსური ინსტიტუტების შესაბამისობის დონის ამაღლების მიმართულებით (იხ. დეტალურად).
    • კომერციული ბანკების  შესაბამისობის კონტროლის სისტემების ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის კანონმდებლობასთან, ასევე, ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ მოთხოვნებსა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის დისტანციურად შეფასების მიზნით, 2021 წლიდან, საქართველოში მოქმედი ბანკები ეროვნულ ბანკს აწვდიან კომერციული ბანკის შესაბამისობის კონტროლის სისტემის ზედამხედველობის კითხვარს.
    • 2021 წელს, ევროკავშირის ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკის ანალიზის საფუძველზე, ცვლილებები განხორციელდა ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული არასაბანკო სექტორების ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესებში, რამაც არასაბანკო სექტორის სანქციათა რეჟიმის ეფექტიანობის ამაღლება მნიშვნელოვნად განაპირობა.
    • 2021 წელს შემუშავდა "ანგარიშვალდებული პირის მიერ პრევენციული ღონისძიებების ელექტრონულად განხორციელების წესი".