საკრედიტო ბიუროს ზედამხედველობა

    "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში 2018 წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების საქმიანობის რეგულირებას და ზედამხედველობას  ეროვნული ბანკი ახორციელებს.

     

    2020 წლის დასაწყისში "საქართველოს ტერიტორიაზე საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ბაზაში ინფორმაციის აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესში" ცვლილებები შევიდა. აღნიშნული ცვლილებების მიზანი იყო საკრედიტო ბიუროში მარკეტინგული შეთავაზების მიზნით გადამოწმების ნებაყოფლობითი თანხმობა გაეჩინა და ელექტრონული თანხმობის მოთხოვნები დაეზუსტებინა.

     

    საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში აღრიცხული მონაცემების სიზუსტეს და დამუშავების წესების დაცვას დიდი ყურადღება ექცევა. ხდება მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიების სრულყოფილი შესწავლა და შესაბამისი რეაგირება. საზედამხედველო მანდატის ფარგლებში სისტემატიურად მოწმდება როგორც ბიურო, ისე სესხის გამცემი ორგანიზაციები.

     

    აღსანიშნავია, რომ წლის განმავლობაში საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა მომხმარებელთა ცნობადობის ამაღლებას. 2020 წელს ჩატარდა საჯარო პრეზენტაცია თემაზე "მონაცემთა სუბიექტის თანხმობა მისი მონაცემების საკრედიტო ბიუროში გადამოწმებაზე". გარდა ამისა, საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა მომხმარებლებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში რეგისტრაციის გავლა შესთავაზეს.