ოპტიმალური სავალუტო რეჟიმი

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს ფარგლებში, საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს. ამ რეჟიმის დროს გაცვლითი კურსი ბაზრის მოთხოვნა-მიწოდებისა და, შესაბამისად, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების საფუძველზე ყალიბდება. 

     

    საქართველოსათვის მცურავი გაცვლითი კურსი ოპტიმალური სავალუტო რეჟიმია. ინფლაციის თარგეთირებისა და კაპიტალის თავისუფალი მობილობის პირობებში საჭიროა მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის ფუნქციონირება. ერთი მხრივ, აუცილებელია კაპიტალის თავისუფალი მობილობა, რადგანაც ეს ქვეყანაში პროდუქტიულობის ზრდასა და, შედეგად, ეკონომიკის გრძელვადიან ზრდას უწყობს ხელს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია დამოუკიდებული მონეტარული პოლიტიკის არსებობა, რათა მონეტარული პოლიტიკის რეაგირება საქართველოს ეკონომიკური ციკლების შესაბამისად წარიმართოს. დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა მიზანშეწონილია, რადგანაც საქართველოს ეკონომიკური ციკლები არ ემთხვევა სხვა განვითარებული ქვეყნების, მათ შორის აშშ-ს, ეკონომიკურ ციკლებს. დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკა ანელებს ბიზნეს ციკლით გამოწვეულ ეკონომიკურ მერყეობას. შედეგად, ინფლაცია და დასაქმება უფრო სტაბილურია, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების წინაპირობაა. 

    ისეთი მცირე და ღია ტიპის ეკონომიკისათვის, როგორიც საქართველოა, საგარეო შოკები გარდაუვალია. მცურავი გაცვლითი კურსი საგარეო შოკების ეფექტს არბილებს და ეკონომიკის მერყეობას ამცირებს.

    ზოგადად მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის დროს სავალუტო ინტერვენციებს ნაკლებად მიმართავენ. თუმცა სავალუტო ინტერვენციები, როგორც მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტი, რიგი მიზნების მისაღწევად კვლავ გამოიყენება. საქართველოს ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმართვას.

     

    • რეზერვების ადეკვატურ დონეზე შესანარჩუნებლად 
    • კაპიტალის გადინება/შემოდინებით გამოწვეული მოკლევადიანი მერყეობის დასაბალანსებლად 
    • სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დასაბალანსებლად
    • ფასების სტაბილურობის მხარდასაჭერად