საბარათე საგადახდო სისტემები

     

    საბარათე ოპერაციების დამუშავებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს საბარათე საპროცესინგო ცენტრს. იგი არის ტექნოლოგიური პლატფორმა, რომელიც უზრუნველყოფს საბარათე სქემაში ჩართულ მონაწილეებს (ემიტენტებსა და ექვაირერებს) შორის კომუნიკაციას. ზოგ შემთხვევაში საპროცესინგო ცენტრები აწარმოებენ საბარათე ოპერაციების კლირინგსა და ანგარიშსწორებას. ამ შემთხვევაში საპროცესინგო ცენტრებს საგადახდო სისტემის სტატუსი ენიჭებათ.

     

    დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს ორი იურიდიული პირი, "ჯორჯიან ქარდი" და "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია", რომელიც ოპერირებს საბარათე საპროცესინგო სისტემებს. მათ მიერ ხორციელდება ქვეყანაში საბარათე ოპერაციების უდიდესი ნაწილის შესრულება. ისინი მხარდაჭერას უწევენ როგორც ლოკალური, ასევე საერთაშორისო ბარათებით შესრულებული ოპერაციების დამუშავებას. ამ ორი საბარათე სისტემის მონაწილეები არიან კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები.  აღნიშნული კომპანიები საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრირებულნი არიან, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორები. "ჯორჯიან ქარდი" და "გაერთიანებული საფინანსო კორპორაცია", გარდა საბარათე სისტემის ოპერირებისა, უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის ბარათების (საგადახდო, ფასდაკლების, საკლუბო, დაგროვების, საიდენტიფიკაციო და ა.შ.) პერსონალიზაციას, სავაჭრო/მომსახურების ობიექტების ექვაირინგის მომსახურების მხარდაჭერას, ბანკომატების ქსელის მხარდაჭერას და მართვას, ტოკენიზაციის სერვისს და საგადახდო ბარათებთან დაკავშირებულ სხვა სერვისებს.

     

    გარდა ზემოთაღნიშნული რეგისტრირებული საბარათე სისტემებისა, საქართველოში არსებობს ლიბერთი ბანკის და ბანკი ქართუს საპროცესინგო ცენტრები. ისინი წარმოადგენენ ბანკის საკუთრებას და იმართებიან ბანკის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ. ლიბერთი ბანკის საპროცესინგო ცენტრი მომსახურებას უწევს სხვა საგადახდო მომსახურების პროვაიდერებსაც.

     

    საბართე ინსტრუმენტებით შესრულებული საპროცესინგოთაშორისი ოპერაციების კლირინგი ხორციელდება ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო საგადახდო სისტემების საკლირინგო ცენტრებში. უცხოურ ვალუტაში შესრულებული ოპერაციების ანგარიშსწორება სრულდება საერთაშორისო საბარათე სისტემების უცხოურ ანგარიშსწორების ბანკებში ხოლო ეროვნულ ვალუტაში შესრულებული ოპერაციების ანგარიშსწორება - საქართველოს ეროვნული ბანკის დროის რეალურ რეჟიმში ბანკთაშორის ანგარიშსწორების სიტემაში ( RTGS).