საინვესტიციო ფონდები

    საინვესტიციო ფონდი

     

    საინვესტიციო ფონდი არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა,  რომელიც ინვესტორებისგან იზიდავს კაპიტალს, რათა აღნიშნული კაპიტალის ინვესტირება მოახდინოს განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად, ინვესტორების სასარგებლოდ. 

     

    საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდები იყოფა ორ კატეგორიად: 

    • ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი - ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი (მიმოქცევად ფასიან ქაღალდებში კოლექტიური ინვესტირების ფონდი (UCITS) ან გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების საინვესტიციო ფონდი), რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს საჯარო შეთავაზება და ჰყავდეს 20-ზე მეტი გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი;
    • რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი - ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი, რომელსაც უფლება აქვს განახორციელოს მხოლოდ კერძო შეთავაზება და ჰყავდეს არაუმეტეს 20 გაუთვითცნობიერებელი ინვესტორი. 

     

     

    საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც უფლება აქვთ განახორციელონ საქართველოში საჯარო შეთავაზება, იყოფა  ორ კატეგორიად:

    • ავტორიზებული საინვესტიციო ფონდი;
    • უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც აღიარებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ.

     

     

    საინვესტიციო ფონდები, რომლებსაც უფლება აქვთ განახორციელონ საქართველოში კერძო შეთავაზება, იყოფა ორ კატეგორიად:

    • რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდი;
    • უცხოური საინვესტიციო ფონდი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკს წინასწარ შეატყობინებს შეთავაზების განხორციელების თაობაზე.

     

     

     

    აქტივების მმართველი კომპანია

     

    აქტივების მმართველი კომპანია არის იურიდიული პირი, რომლის ძირითადი საქმიანობაა საინვესტიციო ფონდის (ფონდების) მართვა (კოლექტიური პორტფელის მართვა).

     

    საქართველოში დაფუძნებული აქტივების მმართველი კომპანიები იყოფა ორ კატეგორიად:

    • ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია - ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც უფლება აქვს მართოს როგორც ავტორიზებული, ისე რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდები, აგრეთვე განახორციელოს კანონით გათვალისწინებული დამატებითი საქმიანობა;
    • რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია - ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული აქტივების მმართველი კომპანია, რომელსაც უფლება აქვს მართოს მხოლოდ რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდები. 

     

    უცხოურ აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს მართოს საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მისი აღიარების საფუძველზე.

     

     

     

    სპეციალიზებული დეპოზიტარი 

     

    სპეციალიზებული დეპოზიტარი არის იურიდიული პირი, რომელიც საინვესტიციო ფონდს უზრუნველყოფს დეპოზიტარული მომსახურებით შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.

     

    კანონის თანახმად, სპეციალიზებული დეპოზიტარი მომსახურებას უნდა უწევდეს ავტორიზებულ საინვესტიციო ფონდს. რეგისტრირებულ საინვესტიციო ფონდს არ ევალება ჰყავდეს სპეციალიზებული დეპოზიტარი.

     

    ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება იყოს საქართველოში ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი (კომერციული ბანკი ან სხვა იურიდიული პირი, რომელსაც უფლება აქვს, განახორციელოს ფინანსური ინსტრუმენტების შენახვის მომსახურება), აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკი. ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია ავტორიზებული საინვესტიციო ფონდის სპეციალიზებული დეპოზიტარის საქმიანობის განსახორციელებლად მოიპოვოს ეროვნული ბანკისგან შესაბამისი თანხმობა.

     

    სპეციალიზებული დეპოზიტარის ძირითადი ფუნქციებია: 

    • საინვესტიციო ფონდის კუთვნილი ფასიანი ქაღალდების მიღება/შენახვა;
    • საინვესტიციო ფონდის საქმიანობის კონტროლი (მათ შორის, საინვესტიციო ფონდის ფულადი ნაკადების კონტროლი, საინვესტიციო ფონდის ტრანზაქციების მარეგულირებელ კანონმდებლობასთან, საინვესტიციო ფონდის სადამფუძნებლო დოკუმენტთან და პროსპექტთან შესაბამისობის კონტროლი და სხვა).

     

    საინვესტიციო ფონდის, ისევე როგორც, საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის ზედამხედველობას ახორციელებს საქართველოს  ეროვნული ბანკი. ზედამხედველობის ფარგლებში ხორციელდება ევროკავშირისა და სხვა ამ დარგში წარმატებული იურისდიქციების მიერ შემუშავებული სტანდარტების და პრინციპების დანერგვა.

     

    მხოლოდ ეროვნული ბანკის ვებგვერდზე მითითებულ საინვესტიციო ფონდებს, აქტივების მმართველ კომპანიებს და სპეციალიზებულ დეპოზიტარებს აქვთ შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილება.