სამართლებრივი აქტები

    გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს სრულყოფის მიზნით შემუშავებული კანონქვემდებარე აქტები ქვეყნის საფინანსო სექტორის კონტექსტის გათვალისწინებით ისეთ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკას დაეფუძნა, როგორიცაა ფინანსური სტაბილურობის საბჭოს (FSB), ევროპის საბანკო უწყებისა (EBA) და ევროპის კავშირის ერთიანი სარეზოლუციო ბორდის (SRB) შესაბამისი ტექნიკური სტანდარტები, მარეგულირებელ აქტები და სახელმძღვანელოები, ევროპის კომისიის დელეგირებული რეგულაციები და ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 15 მაისის 2014/59/EU დირექტივა.

     


    პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტების რიგითობა


    2019-2020 წლებში გატარდა რეზოლუციის მექანიზმის დანერგვის რეფორმა და ეროვნულმა ბანკმა შეიძინა კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია. რეფორმის ფარგლებში, რეზოლუციის საკანონმდებლო ჩარჩო ევროკავშირის შესაბამის სტანდარტებსა და კანონმდებლობაზე დაყრდნობით შემუშავდა. არსებული კანონდებლობით, კერძოდ, "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, გათვალისწინებულია კრედიტორთა შემდეგი რიგითობა:

    • პირველად დანაკარგებს კომერციული ბანკის აქციონერები (CET1) იღებენ და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) და მეორადი კაპიტალის (Tier2) მიერ დანაკარგის მიღება.
    • კრედიტორები ზარალს იღებენ ლიკვიდაციისას დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების რიგითობის საპირისპირო მიმდევრობით.
    • კანონით განსაზღვრულია პრინციპი, რომ უნდა მოხდეს კომერციული ბანკის ერთი და იმავე რიგის კრედიტორთა ინტერესების თანაბარზომიერი დაცვა. ამასთანავე, რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა მიიღონ იმაზე დიდი დანაკარგი, ვიდრე ისინი მიიღებდნენ კომერციული ბანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში.


    რაც შეეხება, რეზოლუციის რეჟიმის გარეთ, დამატებითი პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტის ჩამოწერის ან საზედამხედველო კაპიტალში კონვერტაციის შესაძლებლობას, აღნიშნული შესაძლებელია მოხდეს მხოლოდ მაშინ, თუ ეს მხარეთა შორის ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული და ავტომატურად იწყებს მოქმედებას კონკრეტული გარემოების დადგომისას (როგორც წესი, ეს არის ძირითადი პირველადი კაპიტალის (CET1) 5,125%-იანი ზღვრის პირობა).


    დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით - policy@nbg.gov.ge.