"Top-down" სტრეს-ტესტი

    სტრეს ტესტის მეთოდოლოგია


    სტრეს-ტესტი ფინანსური სექტორის მდგრადობის შესაფასებლად გამოიყენება. სტრეს-ტესტის დაშვებები და სტრეს სცენარები არ არის და არ შეიძლება ჩაითვალოს ეროვნული ბანკის პროგნოზებად. ეს დაშვებები მხოლოდ თეორიული სიმულაციაა, რომელიც, მათი რეალიზაციის შემთხვევაში, ფინანსური სექტორის მდგრადობის შესაფასებლად გამოიყენება. სტრეს-ტესტის განმარტებიდან და მიზნიდან გამომდინარე, მისი დაშვებები უნდა იყოს საკმარისად მძიმე, ნაკლებ სავარაუდო, თუმცა შესაძლებელი.

    საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების მიერ ეკონომიკური სტრესის გადალახვის უნარს სამი სხვადასხვა სცენარის მიხედვით აფასებს. მაკროეკონომიკური სცენარები ერთ-ერთი მთავარი ნაწილი და სტრეს-ტესტის ჩატარების საწყისი ეტაპია. სტრეს-სცენარების აგება მაკროეკონომიკური სტრეს-სცენარების სიმულატორის (MESS) საშუალებით ხდება, ხოლო საბაზო სცენარი ძირითად მაკროეკონომიკურ მოდელს (GEMO) ეყრდნობა. სცენარების დაშვებები მოიცავს მშპ-ს ზრდის, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების, როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში, ნომინალური ეფექტური საპროცენტო განაკვეთისა (NEER) და უძრავი ქონების ფასის ინდექსის საპროგნოზო მაჩვენებლებს.

    "Top-down" ("ზემოდან-ქვემოთ") სტრეს-ტესტის სხვა ნაწილები მოიცავს საკრედიტო და საბაზრო რისკის შეფასებებს, არასაპროცენტო შემოსავლის პროგნოზს და საბოლოოდ, კაპიტალის კოეფიციენტზე პოტენციური გავლენის შეფასებას, რაც მოგება-ზარალის ანგარიშისა და საბალანსო უწყისის კომპონენტების პროგნოზირებული დინამიკით მიიღება. აღსანიშნავია, რომ სტრეს-ტესტი სტატიკური საბალანსო უწყისის დაშვებას ეფუძნება და ბანკების მხრიდან შოკების საპასუხოდ აქტიურ რეაგირებას ან ბიზნეს მოდელის ცვლილებას არ განიხილავს. სტრეს-ტესტი სამ წლიან პერიოდს მოიცავს და ამ პერიოდში აქტივების ან ვალდებულებების ვადიანობების კორექტირებას არ ითვალისწინებს.

     

    საკრედიტო რისკი


    საქართველოში ბანკების კაპიტალის კოეფიციენტზე მოქმედ მთავარ ფაქტორად საკრედიტო რისკი მიიჩნევა, რომელიც მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობითაა გამოწვეული. საბანკო სექტორის ძირითადი საქმიანობა ეკონომიკის დაკრედიტებასთან არის დაკავშირებული. ამავდროულად, იმ პირობებში, როცა საბანკო სექტორი სავალუტო პოზიციას ნულთან ახლოს ინარჩუნებს და ფასიან ქაღალდებს ვადიანობის ამოწურვამდე ფლობს, რისკების მთავარ წყაროდ სესხების ხარისხი განიხილება. საკრედიტო დანაკარგების ზრდა შესაძლოა გამოიწვიოს როგორც საშინაო, ისე საგარეო უარყოფითმა მაკროეკონომიკურმა ტენდენციებმა. შესაბამისად, საკრედიტო რისკის მოდელირება სტრეს-ტესტის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. შოკის სიმძიმიდან გამომდინარე, კომერციული ბანკების საბალანსო უწყისი და მოგება/ზარალის ანგარიში შესაძლოა დრამატულად შეიცვალოს, რაც, თავის მხრივ, კაპიტალზე უარყოფითად აისახება.

    სხვადასხვა სცენარის პირობებში საკრედიტო დანაკარგების შეფასებისათვის საქართველოს ეროვნული ბანკი დინამიკური ტიპის ეკონომეტრიკულ მოდელებს იყენებს. მაღალი დოლარიზაციისა და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ შინამეურნეობები და კომპანიები ეკონომიკურ შოკებზე განსხვავებულად რეაგირებენ, საკრედიტო რისკის მოდელების შეფასება შინამეურნეობებისა და კომპანიებისათვის ცალ-ცალკე, ვალუტების ჭრილში ხორციელდება. აღნიშნულ მოდელებში დამოკიდებული ცვლადები უმოქმედო სესხების ფარდობის გამოყენებით ფორმირდება, რომელთა პროგნოზირებული მნიშვნელობები საკრედიტო რისკის ანალიზის პროცესში შუალედურ მაჩვენებლებს წარმოადგენს.

    უმოქმედო სესხების შეფასების შემდეგ გამოითვლება სესხების შესაძლო დანაკარგები სხვადასხვა სცენარის პირობებში. ამისათვის გამოიყენება დარეზერვების ნორმები, რომლებიც განსხვავებულია ბანკების, მსესხებელი სექტორისა და ვალუტების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ დარეზერვების ნორმა დამოკიდებულია მაკროეკონომიკური ცვლადების დინამიკაზეც. გარდა ამისა, სესხების შესაძლო დანაკარგების შესწორება ხდება სესხების ჩამოწერის მიხედვით, ისტორიული მონაცემებისა და ექსპერტული შეფასების გათვალისწინებით.

     

    საპროცენტო რისკი


    საპროცენტო რისკი არის პოტენციური ზარალი, რომელიც გამოწვეულია საბაზრო საპროცენტო განაკვეთებში ცვლილების შედეგად. საპროცენტო განაკვეთების მკვეთრი ცვლილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბანკების მომგებიანობაზე. კაპიტალის კოეფიციენტზე საპროცენტო განაკვეთის რისკის გავლენის შესაფასებლად ეროვნული ბანკი ვადიანობის გეპის მეთოდოლოგიას იყენებს. სტრეს-ტესტის ჰორიზონტზე, საპროცენტო განაკვეთის შოკი წმინდა საპროცენტო შემოსავალზე საპროცენტო აქტივებისა და ვალდებულებების გადაფასების მომენტისათვის ახდენს გავლენას. ამასთან, სტრეს სცენარებში საპროცენტო მარჟები დამატებით ისტორიული განაწილების საფუძველზე ისტრესება. საპროცენტო განაკვეთების ზრდა წმინდა საპროცენტო შემოსავალს ამცირებს იმ ბანკებისთვის, რომელთაც აქტივებთან შედარებით ჭარბი მოკლევადიანი საპროცენტო ვალდებულებები აქვთ.

     

    გაცვლითი კურსის რისკი


    გაცვლითი კურსის გაუფასურების ეფექტი გაითვალისწინება ღია სავალუტო პოზიციის გადაფასების დროს, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს წმინდა მოგებაზე და შედეგად, ბანკის კაპიტალზე. ამასთან, გაცვლითი კურსის ცვლილება საბალანსო უწყისის კომპონენტებზე ახდენს გავლენას და დოლარიზაციის მაღალი მაჩვენებლის გამო, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების ზრდაში აისახება. აღნიშნული კი კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებლის გაუარესებას იწვევს.

     

    კაპიტალის ადეკვატურობა


    ბანკების მდგრადობის შესაფასებლად, კაპიტალის კოეფიციენტი გამოითვლება როგორც კაპიტალისა და რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების პროგნოზირებული მნიშვნელობების შეფარდება. კაპიტალის პროგნოზი მიმდინარე კაპიტალისა და პროგნოზირებული წმინდა შემოსავლის ჯამს წარმოადგენს, შესაძლო დანაკარგების გათვალისწინებით. ამავე დროს, რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების შეფასებისას გაითვალისწინება საკრედიტო დანაკარგებისა და გაცვლითი კურსის მერყეობის შედეგად გამოწვეული აქტივების ცვლილება. უნდა აღნიშნოს, რომ საზედამხედველო კაპიტალის ნაწილი უცხოურ ვალუტაშია წარმოდგენილი და, შესაბამისად,  სტრესული სცენარის დროს გაცვლით კურსის ცვლილება ასევე გაითვალისწინება კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტის გამოთვლისას.