ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემები

     

    GSSS სისტემა (Georgian Securities Settlement System - GSSS)

     

    GSSS სისტემა წარმოადგენს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების ცენტრალიზებულ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო ფასიანი ქაღალდების უსაფრთხო შენახვასა და მომენტალურ ანგარიშსწორებას. აღნიშნული სისტემით სარგებლობა შეუძლიათ ფინანსური ბაზრის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მონაწილეებს.

    GSSS სისტემა ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებულ შემდეგ ოპერაციებს: 

    • ფასიანი ქაღალდების ემისიის, დაფარვის, კუპონებისა და დივიდენდების გადახდის ოპერაციების ავტომატურ ანგარიშსწორებას;
    • ფასიანი ქაღალდების ელექტრონულ რეესტრს;
    • ყიდვა-გაყიდვას;
    • რეპო ოპერაციებს;
    • დაგირავების ოპერაციებს;
    • ფინანსური გირაოს დასაკუთრების  ოპერაციებს.

     

    უსაფრთხო, სწრაფი და ეფექტური მომსახურება

    GSSS სისტემა მჭიდროდ არის ინტეგრირებული "დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემასთან", რომლის საშუალებით შესაძლებელია ფასიანი ქაღალდისა და მასთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება განხორციელდეს ერთდროულად, ე.წ. DvP პრინციპის დაცვით, ცენტრალურ ბანკში არსებული საბანკო ანგარიშებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ანგარიშსწორების რისკს.

     

    GSSS სისტემას აქვს ანგარიშსწორების ოპტიმიზაციის ინსტრუმენტები, როგორიცაა ნეტ პრინციპით ანგარიშსწორება, ნაწილობრივი ანგარიშსწორება და ავტომატური დაგირავების მექანიზმი. ამ ინსტრუმენტების გამოყენებით ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორება და ლიკვიდობის მართვა ბევრად უფრო ეფექტური ხდება.

     

    ფასიანი ქაღალდების ერთიანი ბაზარი

    GSSS სისტემა არის ერთიანი, ინტეგრირებული სივრცე, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო და კორპორაციული ფასიანი ქაღალდების, მათ შორის აქციების, გამოშვება, შენახვა და ანგარიშსწორება.

     

    GSSS სისტემაში ჩართულია ფინანსური ბაზრის ყველა ძირითადი მონაწილე: ეროვნული ბანკი, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, კომერციული ბანკები და ბროკერები. სისტემა ინტეგრირებულია ბლუმბერგისა და სამომავლოდ საფონდო ბირჟის  სავაჭრო პლატფორმებთან, რაც ბაზრის მონაწილეებს საშუალებას აძლევთ ამ სავაჭრო სისტემებში დადებული ფასიანი ქაღალდის გარიგებები ავტომატურად გადაგზავნილ იქნას GSSS სისტემაში საბოლოო ანგარიშსწორებისთვის. ამ ინტეგრაციის შედეგად, ფასიანი ქაღალდის ინვესტორს დაუბრკოლებლად შეუძლია შეიძინოს და შეინახოს ყველა ტიპის ფასიანი ქაღალდი, როგორც პირველად ასევე მეორად ბაზარზე, GSSS სისტემაში გახსნილი ფასიანი ქაღალდების ერთი ანგარიშის გამოყენებით.

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ავტომატიზაცია

    GSSS სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების ავტომატიზაცია. სისტემის მეშვეობით ბანკები მათთვის მოსახერხებელი ფორმით აგირავებენ თავიანთ პორტფელში არსებულ ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკიდან სესხის აღების მიზნით. "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემასთან ინტეგრაცია საშუალებას აძლევს ეროვნულ ბანკს სასესხო და ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ოპერაციები განახორციელოს ავტომატურად, რაც ამცირებს საოპერაციო რისკებს და ზრდის მონეტარული ოპერაციების ეფექტურობას.

     

    GSSS სისტემის უპირატესობები

    GSSS სისტემა საფუძველს უქმნის ფასაინი ქაღალდების ერთიან ბაზარს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ფინანსური ბაზრის ინტეგრაციას. შედეგად:

    • ინვესტორისთვის ბევრად უფრო უსაფრთხო და მარტივია ფასიანი ქაღალდის შეძენა;
    • მნიშვნელოვნად მცირდება ფასიანი ქაღალდის გამოშვების, ფლობისა და ანგარიშსწორების ხარჯები;
    • კომერციული ბანკისთვის მარტივდება ფინანსური გირაოს მობილიზაცია და მართვა;
    • ანგარიშსწორება ეროვნული ბანკში გახსნილი საბანკო ანგარიშებით ხორციელდება, რაც ამცირებს ანგარიშსწორების რისკს და ზრდის ფინანსურ სტაბილურობას.

     

    GSSS სისტემის მართვა

    საქართველოს ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (GSSS) სისტემის მესაკუთრე და ოპერატორია საქართველოს ეროვნული ბანკი. სისტემა აგებულია ინტერნეტ ტექნოლოგიებზე. სისტემაში ინფორმაციის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ციფრული ხელმოწერის საშუალებით.

     

    GSSS სისტემის საოპერაციო საათები არის 9:40 საათიდან 18:40 საათამდე. სისტემა არ მუშაობს შაბათ-კვირას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სადღესასწაულო დღეებში.

     

    GSSS სისტემის მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარი, სახელმწიფო ხაზინა, RTGS სისტემის მონაწილე ყველა კომერციული ბანკი და ფასიანი ქაღალდების ბროკერები.

     

    GSSS სისტემის ოვერსაიტი

    GSSS სისტემის ოვერსაიტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემების ოვერსაიტის წესის და ფინანსური ბაზრის ინფრასტრუქტურის ოვერსაიტის პრინციპების (PMFI) გამოყენებით.

     

    აღნიშნული მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი პერიოდულად ახდენს GSSS სისტემის თვითშეფასებას. თვითშეფასების ზოგადი მიმოხილვა/შედეგები გამოქვყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

     

    Global Custodian Questionnaire 2011 

    Global Custodian Questionnaire 2012
    Global Custodian Questionnaire 2013
    Global Custodian Questionnaire 2014
    Global Custodian Questionnaire 2015
    Global Custodian Questionnaire 2016
    Global Custodian Questionnaire 2017
    Global Custodian Questionnaire 2018
    Global Custodian Questionnaire 2019
    Global Custodian Questionnaire 2020
    Global Custodian Questionnaire 2021
    Global Custodian Questionnaire 2022
    Global Custodian Questionnaire 2023
    Global Custodian Questionnaire 2024