რას ვაკეთებთ

    საქართველოს ეროვნული ბანკი მისი საქმიანობის უმთავრესი მიზნის - ფასების სტაბილურობის მისაღწევად და ეფექტიანი მონეტარული პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად, ხელმძღვანელობს მის მიერ შემუშავებული, ინფლაციის საპროგნოზო და საქართველოს ეკონომიკის ზოგადი მაკროეკონომიკური მოდელით.

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის სტრატეგია 2025-2027 წლებისთვის განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის დადგენილებით "2025-2027 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ". კერძოდ:

     

    ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2025-2027 წლებისთვის შეადგენს 3 პროცენტს.

     

    საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2025-2027 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი), რომლის ცვლილება ეკონომიკას გადაეცემა მონეტარული პოლიტიკის შემდეგი ინსტრუმენტებით: რეფინანსირების სესხები, ღია ბაზრის ერთთვიანი ინსტუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მეორადი ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები.

     

    2025-2027 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია: მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ მკაცრი პოლიტიკიდან მოსალოდნელზე ნელი ტემპით გამოსვლა და სხვა.  საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა არ მოახდენს რეაგირებას გარეგანი ფაქტორების შედეგად ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გადახრა იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტალურ ფაქტორებზე.

     

    საქართველოს ეროვნული ბანკის კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა უზრუნველყოს საფინანსო სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი უნდა შეუწყოს ქვეყანაში მდგრად ეკონომიკურ ზრდას. თუ ეს შესაძლებელია ისე, რომ საფრთხე არ შეექმნას მისი ძირითადი ამოცანის - ფასების სტაბილურობის - შესრულებას. ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა გულისხმობს მთლიანად საფინანსო სისტემის წინაშე არსებული და მოსალოდნელი რისკების განსაზღვრას და მათ შემცირებას.