ინფლაციის თარგეთირება
საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ინფლაციის თარგეთირების რეჟიმით ახორციელებს. ამ რეჟიმის ფარგლებში, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი წინასწარ განისაზღვრება. მონეტარული პოლიტიკა იმგვარად წარიმართება, რომ საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყოს. მოკლევადიან პერიოდში კი, შოკების გამო, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლისაგან შესაძლებელია განსხვავდებოდეს.
მოკლევადიან პერიოდში, ინფლაცია მიზნობრივი მაჩვენებლიდან შესაძლოა გადაიხაროს, თუმცა მონეტარული პოლიტიკა, საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის თარგეთთან დაახლოებას უზრუნველყოფს
ინფლაციის თარგეთირების შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განხორციელებისას მთავარ ორიენტირად ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელს იყენებს. ზოგადად, მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილებები ეკონომიკას ეტაპობრივად გადაეცემა და მისი ეფექტი 4-6 კვარტალის ფარგლებში სრულად რეალიზდება. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას წარმართავს იმგვარად, რომ თარგეთიდან გადახრის შემთხვევაში, ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ამ საპროგნოზო ჰორიზონტის მანძილზე დაუბრუნდეს. თუ ამ პერიოდის მანძილზე სხვა დამატებითი შოკი არ მოხდა, მაშინ ინფლაცია პერიოდის ბოლოს მართლაც დაუბრუნდება მის მიზნობრივ მაჩვენებელს. თუმცა, თუკი გაუთვალისწინებელ შოკს ექნა ადგილი, ეროვნულ ბანკს პოლიტიკის შეცვლა კვლავ მოუწევს, რათა ინფლაცია მისი მიზნობრივი ნიშნულისკენ მიმავალ ტრაექტორიაზე დააბრუნოს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ინფლაციის თარგეთირების რეჟიმზე 2009 წელს გადავიდა. ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის დანერგვის საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლიკვიდობის მართვის ინსტრუმენტები დანერგა, რითაც ფინანსური სექტორის ლიკვიდობის მართვა გაამარტივა და ამით მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმები გააძლიერა. ეტაპობრივად ინფლაციის თარგეთირების რეჟიმი უფრო მეტად მომავალზე ორიენტირებული გახდა. 2013 წელს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა დანერგა. ეს სისტემა მოიცავს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობისა და რისკების დეტალურ ანალიზს ისევე, როგორც მაკროეკონომიკურ პროგნოზირებას, რომელიც მაკროეკონომიკურ მოდელირებასა და ექსპერტულ განსჯას ეფუძნება. 2016 წლიდან საქართველოს ეროვნული ბანკი ახალ ეტაპზე გადავიდა და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის მოსალოდნელი ტრაექტორიის გამოქვეყნება დაიწყო. ამ ინსტრუმენტით მონეტარული პოლიტიკის პროგნოზირებადობა გაიზარდა და რეალურ ეკონომიკაზე მოლოდინების არხით ზეგავლენა გაძლიერდა.
სასარგებლო ბმულები