ინფლაციის თარგეთირების ძირითადი პრინციპები

     

    მონეტარული პოლიტიკის წარმატებით და ეფექტიანად განხორციელებისათვის ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა აუცილებელი პირობაა.

    დამოუკიდებლობა

     

    აუცილებელია, რომ ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი - ფასების სტაბილურობა - დამოუკიდებელი იყოს მთავრობის სხვა მიზნებისაგან, როგორებიცაა, მაგალითად, მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის შემცირება. სხვა შემთხვევაში, შეიძლება გაჩნდეს მოლოდინი, რომ ეროვნულ ბანკი ეცდება მაღალი მოულოდნელი ინფლაციის ხარჯზე მიიღოს მოკლევადიანი ნახტომი ეკონომიკურ ზრდაში. თავის მხრივ, რადგან ინფლაციით სტიმულირებული ეკონომიკური ზრდა დროებითია და, როგორც წესი, ამას ეკონომიკის ვარდნა და უფრო მაღალი ინფლაცია მოყვება, ასეთი მოლოდინი თავისთავად ამცირებს როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან ზრდას და უარყოფითად აისახება დასაქმებაზე.  ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა გრძელვადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის აუცილებელი პირობაა. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით: "საქართველოს ეროვნული ბანკი დამოუკიდებელია მის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება".

    გამჭვირვალობა

     

    ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა. საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველწლიურად აქვეყნებს და პარლამენტს წარუდგენს წლიურ ანგარიშს, სადაც შეჯამებულია ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები როგორც მონეტარული პოლიტიკის ასევე საზედამხედველო და ყველა სხვა ძირითადი ფუნქციის მიმართულებით. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი წელიწადში ოთხჯერ მონეტარული პოლიტიკის ძირითადი საკომუნიკაციო დოკუმენტს - მონეტარული პოლიტიკის ანგარიშს - აქვეყნებს. ანგარიშში ეროვნული ბანკის პროგნოზები და მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზების ახსნაა წარმოდგენილი. მონეტარული პოლიტიკის ნებისმიერი გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე პრესრელიზის სახით დაუყოვნებლივ ქვეყნდება. ამასთან ერთად, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, ეროვნული ბანკი პერიოდულად სხვადასხვა სახის ანალიტიკურ ანგარიშებს აქვეყნებს, როგორებიცაა თვის მიმოხილვა, მიმდინარე მაკროეკონომიკური ინდიკატორები, ფინანსური სექტორის ინდიკატორები და სხვ.