მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია

    ფინანსური სტაბილურობის ჩარჩოს ფარგლებში ეროვნულმა ბანკმა მაკროპრუდენციული პოლიტიკის სტრატეგია შეიმუშავა. აღნიშნული სტრატეგია ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს ასახავს და გადაწყვეტილების მიღების პროცესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ ანგარიშვალდებულების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სტრატეგია იზიარებს ევროპის სისტემური რისკის კომიტეტის რეკომენდაციებსა (ESRB/2013/11) და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და თავსებადია ევროკავშირის დირექტივებთან.


    ეროვნული ბანკის მაკროპრუდენციული პოლიტიკის უმთავრეს მიზანს ფინანსური სისტემის სტაბილურობის ხელშეწყობა წარმოადგენს. ქმედითი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ეროვნული ბანკი თავის სტრატეგიაში შუალედურ მიზნებს განსაზღვრავს. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ESRB/2013/1-ის რეკომენდაციებისა და საქართველოს სპეციფიკის გათვალისწინებით მაკროპრუდენციული პოლიტიკის ხუთი შუალედური მიზანი განსაზღვრა:

     

    • ჭარბი საკრედიტო ზრდისა და ლევერიჯის შემცირება და თავიდან აცილება.
    • ბაზრის არა-ლიკვიდურობისა და ვადიანობის ჭარბი შეუსაბამობის შემცირება და თავიდან აცილება.
    • პირდაპირი და არაპირდაპირი პოზიციის კონცენტრაციის შეზღუდვა.
    • არასწორი სტიმულების (misaligned incentives) სისტემური ზემოქმედების შეზღუდვა მორალური რისკის (moral hazard) შემცირების მიზნით.
    • ფინანსური სისტემის დოლარიზაციის შემცირება.

     

    აღნიშნული შუალედური მიზნები დაკავშირებულია შესაბამის ინდიკატორებთან და ამ მიზნების მისაღწევად საჭირო მაკროპრუდენციულ ინსტრუმენტებთან. შესაბამისად, სტრატეგია მაკროპრუდენციული პოლიტიკის უმთავრესი მიზნის - საქართველოში ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფას ემსახურება.