ზედამხედველობა
"ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის მანდატის ფარგლებში, ეროვნული ბანკის ამოცანაა საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა, მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვა. ამ ამოცანის შესასრულებლად ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სისტემის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას, კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებას, სისტემური რისკის კონტროლს და რისკების შემცირებას.
ეროვნული ბანკის საზედამხედველო მანდატის მოქმედება ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე: კომერციული ბანკი, საბანკო ჯგუფი, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულება, საბროკერო კომპანია, ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი, აქტივების მმართველი კომპანია, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ანგარიშვალდებული საწარმო, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს და სესხის გამცემი სუბიექტები.
ჩამოთვლილ ინსტიტუტებზე ეროვნული ბანკის მიერ, თითოეული ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობის რისკებისა და სპეციფიკურობების გათვალისწინებით, შემუშავებულია ეფექტური საზედამხედველო რეჟიმი და განსაზღვრულია ის საზედამხედველო მოთხოვნები, რომლებიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს მათ და ზოგადად, საფინანსო სექტორის მდგრად და ეფექტურ ფუნქციონირებას.
თითოეული სექტორისთვის საზედამხედველო მოთხოვნები ამ მიმართულებით საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობითაა შემუშავებული და მაქსიმალურად გათვალისწინებულია სექტორის მახასიათებლები, ქვეყნისა და სექტორის კონტექსტი.
ეროვნული ბანკის ფინანსური სექტორი გარკვეული პერიოდულობით ფასდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი მისიის მიერ "ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამის" (FSAP) ფარგლებში. აღნიშნული, როგორც წესი, მოიცავს ფინანსური სექტორის სტაბილურობისა და სიჯანსაღის, ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმების, განვითარებისა და ზრდის პერსპექტივების შეფასებასა და, ეროვნული ბანკის საზედამხედველო ჩარჩოს შემდგომი განვითარებისა და დახვეწის კუთხით, რეკომენდაციებს.
გარდა ამისა, ეროვნული ბანკის საქმიანობას აფასებენ ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), სარეიტინგო კომპანიები, (Moody’s, Fitch Ratings), მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა.