მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტები
მაკროპრუდენციული პოლიტიკის ამოცანაა ფინანსური სექტორის პროციკლურობის, ჭარბი დაკრედიტების, დოლარიზაციის, ჭარბი კონცენტრაციისა და სხვა სისტემური რისკების შემცირება. გარდა ამისა, მაკროპრუდენციული პოლიტიკის მიზანია არსებული რისკების მიმართ ფინანსური სისტემის მდგრადობის ზრდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითადი ინსტრუმენტებია კაპიტალის ბუფერები, რომლებიც დანერგილია ბაზელ III-ის სტანდარტის და ევროკავშირის საზედამხედველო ჩარჩოსთან დაახლოების ფარგლებში. გარდა კაპიტალის ბუფერებისა, მაკროპრუდენციული პოლიტიკის მიზნებისთვის ეროვნული ბანკი ასევე იყენებს სესხის მომსახურებისა და სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტებს, სექტორული რისკის წონებს და სხვა ინსტრუმენტებს.
მაკროპრუდენციული პოლიტიკის ნაწილია ასევე, ეროვნული ბანკის მიერ სტრეს ტესტებისთვის გამოყენებული მაკროეკონომიკური სცენარები, რომლებიც კონტრციკლურად იცვლება. აღნიშნული სცენარები მოიცავს შოკების განაწილებას ეკონომიკური სექტორების მიხედვით, რაც მსესხებლების ფინანსური მდგრადობის ეფექტიანად ანალიზის საშუალებას იძლევა.
ცალკეული ინსტრუმენტის გამოყენების მიზანშეწონილობასა და მისი ცვლილების სიდიდეს განაპირობებს ფინანსური სტაბილურობის კონკრეტული ამოცანები.