მიკრობანკების ზედამხედველობა
"საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით, მიკრობანკი არის სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებული იურიდიული პირი, რომელიც ლიცენზირებულია ეროვნული ბანკის მიერ და ახორციელებს "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბანკო საქმიანობას.
საქართველოში ლიცენზირებული მიკრობანკებისთვის ნებადართულ საქმიანობათა ჩამონათვალს განსაზღვრავს "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლი, რომლის საფუძველზეც, მიკრობანკი უფლებამოსილია, მათ შორის, "დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ზღვრის ფარგლებში მოიზიდოს პროცენტიანი და უპროცენტო დეპოზიტები (მოთხოვნამდე, ვადიანი და სხვა სახის), გასცეს სესხები (მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში) და ა.შ.
მიკრობანკის ბიზნესმოდელი ეფუძნება სამეწარმეო საქმიანობიდან (მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან) შემოსავლის მიმღები პირების დაკრედიტებას. კერძოდ, მიკრობანკის საკრედიტო პორტფელის არანაკლებ 70 პროცენტისა უნდა შედგებოდეს სამეწარმეო მიზნით გაცემული სესხებისგან ან/და იმ სესხებისგან, რომელთა დაფარვის წყაროც სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავალია.
მიკრობანკის მართვა და მისი საოპერაციო საქმიანობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის თანახმად დასაბუთებული ადმინისტრაციული და სააღრიცხვო პროცედურების, მიკრობანკის საქმიანობის ლიცენზიისათვის დართული პირობებისა და შეზღუდვების, აგრეთვე ეროვნული ბანკის დადგენილებების, წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად.
მიკრობანკების ზედამხედველობასთან და რეგულირებასთან დაკავშირებული მოთხოვნები განსაზღვრულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით, "მიკრობანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონითა და სხვა კანონქვემდებარე აქტებით.