ბოლო ინსტანციის სესხი (ELA)
ბოლო ინსტანციის სესხი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით ნებადართული სესხების გარდა, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებსა და მიკრობანკებზე.
ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის მიზანია ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საბანკო სექტორში სისტემური პრობლემებისა და ფინანსური კრიზისის შესაძლო განვითარების თავიდან აცილება ან/და ასეთის არსებობის შემთხვევაში მათი ნეგატიური შედეგების შეძლებისდაგვარად შემცირება.
"საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო ინსტანციის სესხის გაცემის წესისა და პირობების შესაბამისად".
ეროვნული ბანკი სესხს გასცემს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის შეფასებით:
ა) ბანკი არის გადახდისუნარიანი და მისი ბიზნეს მოდელი არის მომგებიანი და სიცოცხლისუნარიანი;
ბ) ბანკს შეექმნა ან უახლოს მომავალში შეიძლება შეექმნას ლიკვიდური სახსრების დროებითი მწვავე უკმარისობა;
გ) ბანკს აქვს უნარი და შესაძლებლობა გონივრულ ვადებში გაატაროს ლიკვიდობის გაუმჯობესებისათვის აუცილებელი ადეკვატური ღონისძიებები, რაც ასახული უნდა იყოს ბანკის სამომავლო სამოქმედო გეგმაში;
დ) ბანკს აღარ აქვს სხვა წყაროებიდან ფინანსური რესურსების მიღების საშუალება და აქვს დასაბუთება სესხის აღების აუცილებლობისა და სესხის დროულად და სრულად დაბრუნების შესაძლებლობების შესახებ.
ეროვნული ბანკი, მათ შორის, უფლებამოსილია, ფინანსური სისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად გასცეს სესხი იმ კომერციულ ბანკზე, რომლის გადახდისუნარიანობა საეჭვოა, მათ შორის, რეზოლუციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკზე. ასეთ შემთხვევაში, სესხის გაცემისთვის აუცილებელია ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი გარანტია.