ციფრული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსური სტაბილურობის და მომხმარებელთა ფინანსური ჩართულობის გაზრდისთვის, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვატორული მიდგომების განვითარებას. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი რისკებისადმი ტექნოლოგიურად ნეიტრალურ საზედამხედველო მიდგომას და ღია რეგულირების პრინციპებს ნერგავს. აღნიშნული პრინციპები ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების საზედამხედველო სტრატეგიის შემადგენელი ნაწილია
ამჟამად, საქართველოს ეროვნული ბანკი საქართველოში ციფრული ბანკის ლიცენზირების პრინციპების განვითარებას განიხილავს. ციფრული ბანკის მოდელის განვითარებით ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს: ინოვაციური ბიზნეს მოდელების განვითარებას; ფინანსური პროდუქტების მრავალფეროვნებას; დიდი მონაცემების უკეთ გამოყენებას; მომხმარებლის გარშემო არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურაზე მორგებული, მოხერხებული, სწრაფი და ხელმისაწვდომი ციფრული ფინანსური ეკოსისტემის განვითარებას; ღრუბლოვანი სერვისების ეფექტურ გამოყენებას; ტექნოლოგიურ კომპანიებთან ინტეგრაციის გამარტივებას და საბითუმო ბაზარზე საბანკო საქმის როგორც სერვისის მოდელის განვითარებას; ახალი ტექნოლოგიური მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის გაზრდას საფინანსო სექტორში. ამავე დროს, საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიზნებია: ახალი ციფრული საბანკო მოდელის ჩამოყალიბების პროცესში რისკების მიტიგაციის ახალი მექანიზმების დანერგვა, კიბერ სივრცეში მომხმარებელთა პირადი მონაცემების უსაფრთხოების თანამედროვე სანდო სტანდარტების განვითარება და სისტემური რისკის და ფინანსური სტაბილურობის რისკის მართვის გაუმჯობესება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი სისტემური რისკებში მოიაზრებს მომხმარებელთა უფლებების და მათი ინტერესების დაუცველობას, რამაც შესაძლებელია, პოტენციურად, ფინანსური სისტემის განვითარებაზე და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.