ინსტრუმენტები

     

    საკრედიტო დავალება

    გადამხდელის მიერ ინიციირებულ გადახდის დავალებას საკრედიტო საგადახდო დავალება ეწოდება. ის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული საგადახდო ინსტრუმენტია საქართველოში. მომხმარებლის მიერ მათი წარდგენა ხდება როგორც დოკუმენტური, ასევე ელექტრონული ფორმით (იხ. დისტანციური მომსახურება).

     

    საბარათე ინსტრუმენტი 

    საბარათე ინსტრუმენტი არის საგადახდო ინსტრუმენტი, მათ შორის, საგადახდო ბარათი, მობილური ტელეფონი, კომპიუტერი ან სხვა ტექნოლოგიური მოწყობილობა, რომელშიც ჩაწერილია/ინტეგრირებულია შესაბამისი საგადახდო აპლიკაცია და რომლის საშუალებით გადამხდელს შეუძლია საბარათე ოპერაციის ინიციირება. საბარათე ინსტრუმენტს წარმოადგენს ასევე ბარათის ფუნქციონალით აღჭურვილი აქსესუარები მაგ.: სტიკერი, სამაჯური, საათი და სხვა.

     

    ვირტუალური ბარათი - ფიზიკური ბარათის რეკვიზიტების (სულ მცირე - ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა, უსაფრთხოების კოდი) ერთობლიობა, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს საშუალება აქვს შეასრულოს გადახდები.

     

    საგადახდო აპლიკაცია – მოწყობილობაში ჩაწერილი პროგრამული უზრუნველყოფა ან მისი ეკვივალენტი, რომლითაც შესაძლებელია საბარათე ოპერაციის ინიციირება და გადამხდელის მიერ საგადახდო დავალების გაცემა.

     

    უკონტაქტო საბარათე ინსტრუმენტი - წარმოადგენს საბარათე ინსტრუმენტს, რომელიც ინფორმაციას გადასცემს უკონტაქტო გადაცემის ტექნოლოგიით.

     

    საქართველოში ამჟამად გამოშვებული საგადახდო ბარათების უმეტესობა წარმოადგენს უკონტაქტო ბარათებს. უკონტაქტო საბარათე ინსტრუმენტის უპირატესობაა გადახდების განხორციელების სიმარტივე და სისწრაფე.

     

    იხ. საბარათე ინსტრუმენტების სტატისტიკა

     

    ელექტრონული ფული

    ელექტრონული ფული წარმოდგენს ფულადი სახსრების ექვივალენტურ ღირებულებას, რომელიც მისი გამომშვების მიერ შენახულია ელექტრონულად. ელექტრონული ფულის გამოყენება შესაძლებელია საქონლის/მომსახურების შესაძენად ასევე ფულადი სახსრების გადასარიცხად. ელექტრონული ფული შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ვალუტაში.

     

    საქართველოში  ფუნქციონირებს ელექტრონული ფულის რამდენიმე პროვაიდერი, რომლებიც თავის მომხმარებლებს საშუალებას აძლევენ მათი ელექტრონული ფულის ანგარიშზე არსებული ნაშთის ფარგლებში განახორციელონ გადახდები ინტერნეტ სივრცეში, სხვადასხვა მომსახურების და პროდუქციის შესაძენად ან გადარიცხონ თანხა სხვა მომხმარებლის ელექტრონული ფულის ანგარიშზე.

     

    საგადახდო მომსახურების პროვაიდერები მომხმარებელს ელექტრონული ფულის გამოყენების მიზნით ასევე სთავაზობენ მობილურ აპლიკაციებს, წინასწარი გადახდის ბარათებს, რომლებიც დაკავშირებულია ელექტრონული საფულის ანგარიშთან. წინასწარი გადახდის ბარათებზე შესაძლებელია არსებობდეს გარკვეული შეზღუდვები მისი გამოყენების არეალის, მიზნობრიობის, ელექტრონულ საფულეზე შესანახი თანხის ლიმიტის, ფულადი სახსრების გადარიცხვების ლიმიტის სახით.

     

    საინკასო დავალება

    საინკასო დავალება თავისი შინაარსით წარმოადგენს გარკვეული ტიპის სადებეტო საგადახდო დავალებას, რომლის გაცემა გადამხდელის ბანკისთვის ხდება საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი პირის მიერ. საინკასო დავალების გამცემი პირი არ მოქმედებს როგორც გადამხდელი და რიგ შემთხვევაში არც თანხის მიმღებია.  საინკასო დავალების გაცემა დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში, როგორიცაა სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ან იმ შემთხვევაში, თუ გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება და სხვა.