ბანკის შესახებ

    საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. 


    პირველი ცენტრალური ბანკი საქართველოში 1919 წელს შეიქმნა და როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ცენტრალური ბანკი, 1991 წლიდან არსებობს. 

     

    საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვთ მის საქმიანობაში ჩარევის უფლება. საქართველოს ეროვნული ბანკის, როგორც ქვეყნის ცენტრალური ბანკის უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი და დამოუკიდებლობის გარანტია განისაზღვრება "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით.


    საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად. იგი ფლობს, მართავს და განკარგავს ქვეყნის ოფიციალურ საერთაშორისო რეზერვებს. საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, მის ხელთ არსებული მარეგულირებელი და მონეტარული ინსტრუმენტებით უზრუნველყოს მასზე კანონმდებლობით დაკისრებული ძირითადი ფუნქციებისა და მიზნების შესრულება.


    საფინანსო სექტორის ფინანსური მდგრადობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობისათვის, სექტორის მომხმარებელთა და ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით ეროვნული ბანკი ზედამხედველობას უწევს საფინანსო სექტორს. ეროვნული ბანკი ასევე ახორციელებს "ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული ანგარიშვალდებული პირების მიერ, აღნიშნული კანონის და მის საფუძველზე ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნების შესრულების პროცესის ზედამხედველობას. ზედამხედველობა ხორციელდება რისკზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, როგორც დისტანციური, ასევე, ადგილზე შემოწმებების გზით. ამასთანავე, საქართველოს ეროვნული ბანკი არის მთავრობის ბანკირი და ფისკალური აგენტი.


    საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხისმგებელია, საერთაშორისო სტანდარტებისა და მეთოდოლო­გიების შესაბამისად აწარმოოს და გაავრცელოს ქვეყნის საფინანსო და საგარეო სექტორის სტატისტიკა, აგრეთვე, უზრუნველყოს ქვეყანაში საგადახდო სისტემების ეფექტიანი და გამართული ფუნქციო­ნირება. საქართველოს ეროვნულ ბანკს აქვს ექსკლუზიური უფლება, განახორციელოს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის ნიშნების, როგორც გადახდის კანონიერი საშუალების, ემისია. ასევე, მიმოქცევისათვის ან ნუმიზმატიკური მიზნებისათვის სამახსოვრო მონეტების მოჭრა.


    საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საბანკო მომსახურება გაუწიოს სხვა ქვეყნების მთავრობებს, ცენტრალურ ბანკებსა და ფულად-საკრედიტო ორგანოებს, აგრეთვე, საერთაშორისო ორგანიზაციებს. საქართველოს ეროვნული ბანკი მონაწილეობს იმ საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში, რომელთა მიზანია საერთაშორისო თანამშრომლობის გზით მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა.