პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა

    როგორ ხორციელდება პროგნოზი?

     

    პროგნოზის შემუშავება მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრებთან ურთიერთშეთანხმებით ხდება. პროგნოზი მაკროეკონომიკურ მოდელირებას და სებ-ის პროფესიონალთა ექსპერტულ განსჯას ეფუძნება. 

     

    პროგნოზის მომზადება სებ-ის ეკონომისტთა გუნდის მიერ ხორციელდება, რომელიც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს შეხვედრებს მენეჯერული რგოლის მაღალ დონეზე. თავდაპირველ შეხვედრებზე განიხილება პროგნოზის საწყისი პირობები, კერძოდ ხდება ადგილობრივი და საგარეო ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი, ასევე განიხილება დაშვებები ეგზოგენურ ფაქტორებსა და საგარეო სექტორის განვითარების მოსალოდნელი ალტერნატიული სცენარებზე. ამ უკანასკნელისთვის, სებ-ი ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების პროგნოზებს იყენებს, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, Bloomberg-ი და სხვა. პროგნოზის საწყისი ეტაპი არსებითად მნიშვნელოვანია საბოლოო შედეგებისთვის. 

     

    საწყისი პირობების შეფასებასთან ერთად, თავდაპირველ შეხვედრებზე ასევე ხდება მოკლევადიანი პროგნოზის ანალიზი, რომელიც შეეხება ეკონომიკის მოსალოდნელ დინამიკას მომდევნო 1-2 კვარტალის განმავლობაში. მოკლევადიანი პროგნოზი ეფუძნება მონაცემთა ანალიზის სტატისტიკურ მიდგომებსა და სებ-ის სპეციალისტთა ექსპერტულ განსჯას. შემდგომ ეტაპზე მოკლევადიანი პროგნოზი გაითვალისწინება მაკროეკონომიკურ მოდელში, რომელიც ეკონომიკის საშუალოვადიან დინამიკას აღწერს.

     

    პროგნოზირების ინსტრუმენტები

     

    ეროვნული ბანკის პროგნოზირებისა და მონეტარული პოლიტიკის ანალიზის სისტემა მოიცავს რამდენიმე ანალიტიკურ ინსტრუმენტს, რომლებიც პირობითად სამ კატეგორიად შეიძლება დაიყოს: მოკლევადიანი პროგნოზირების ინსტრუმენტები, ძირითადი მაკროეკონომიკური მოდელი (სისტემის ბირთვი) და დამატებითი სატელიტური მოდელები. 

     

    მოკლევადიანი პროგნოზირების ინსტრუმენტები - მოკლევადიან პერიოდში ეკონომიკურ ცვლადებს ინერცია ახასიათებს. სწორედ ამ მიზეზით, მოკლევადიანი პროგნოზირებისათვის ეკონომეტრიკული მოდელების გამოყენება არის მიზანშეწონილი. ცდომილების შესწორების მოდელის (ECM), ARIMA-ს და ფაქტორული მოდელის საშუალებით საქართველოს ეროვნული ბანკი ერთი ან ორი კვარტალის ინფლაციასა და რეალური მშპ-ს ზრდას პროგნოზირებს. ამავდროულად, რეალური მშპ-ის ოფიციალური მონაცემის გამოქვეყნებას დროითი ლაგი აქვს და, შესაბამისად, წინა კვარტალის შეფასებაც სწორედ ამ ინსტრუმენტით ხორციელდება. მოკლევადიანი პროგნოზები თავის მხრივ მთავარ მაკროეკონომიკურ მოდელს მიეწოდება და საშუალოვადიან პროგნოზირებაში გამოიყენება, როგორც უფრო ხანგრძლივი პროგნოზის საწყისი პირობა. 

     

    მაკროეკონომიკური მოდელი, FPAS-ის მთავარი ნაწილი, ნახევრად სტრუქტურული მოდელია. იგი დაბალანსებულია, ერთი მხრივ, ემპირიულად სასურველი თვისებებით და, მეორე მხრივ, დინამიკური სტოქასტური ზოგადი წონასწორობის (DSGE) მიდგომით. მასში გათვალისწინებულია მიკროეკონომიკური საფუძველი და ბაზრის მოლოდინები, რაც მოდელს მომავალზე ორიენტირებულს ხდის. მოდელის განტოლებები არის სტრუქტურული და მის შემადგენელ ყველა განტოლებას  ეკონომიკური შინაარსი გააჩნია. ამასთან, მოდელი აგებულია საქართველოს ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით, რაც ანალიზის ფართო შესაძლებლობებს იძლევა. პროგნოზირების გარდა, ამ მოდელის გამოყენებით შესაძლებელია საბაზისო და ალტერნატიული სცენარების განხილვა და ანალიზი, სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური შოკების მოდელის შედეგებზე გავლენის შესწავლა, განსხვავებული რისკების ანალიზი, კონტრფაქტიური ანალიზი და ა.შ. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მოდელის სტრუქტურა საშუალებას იძლევა მოხდეს მისი მუდმივი განვითარება და გაუმჯობესება.

     

    სატელიტური მოდელი - ამ მოდელის საშუალებით  რეალური მშპ-ს  კომპონენტების პროგნოზირება ხდება. 

     

    მაკროეკონომიკური მოდელის პროგნოზი ენდოგენურად ითვალისწინებს ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკას, როგორც მაკროეკონომიკური გარემოს ერთ-ერთ ფაქტორს. შესაბამისად, მოდელის პროგნოზში ასახულია ეროვნული ბანკის მიმდინარე და მოსალოდნელი ქცევა. მონეტარული პოლიტიკის რეაქციის ფუნქცია არის ტეილორის ტიპის მარტივი წესი და შესაბამისობაშია ეროვნული ბანკის ორგანული კანონით განსაზღვრულ მიზანთან.

     

    პროგნოზირებისა და პოლიტიკის ანალიზის სისტემის დეტალური აღწერა იხილეთ აქ