მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
ინფლაციის თარგეთირების პირობებში, საქართველოს ეროვნული ბანკის მთავარი ინსტრუმენტი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთია (რეფინანსირების განაკვეთი). მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება, საბაზრო საპროცენტო განაკვეთების არხით ერთობლივ მოთხოვნას ცვლის. ეს კი, საბოლოო ჯამში, ინფლაციის დინამიკაზე აისახება. გარდა საპროცენტო განაკვეთებისა, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე ზეგავლენას საკრედიტო, გაცვლითი კურსის და მოლოდინების არხებითაც ახდენს.
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ორიენტირი საპროგნოზო ინფლაციაა, რადგანაც მიღებული გადაწყვეტილების ეკონომიკაზე სრულად ასახვას გარკვეული დრო სჭირდება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილება ეკონომიკაზე გავლენას ეტაპობრივად ახდენს და მისი ეფექტი სრულად 4-6 კვარტალში რეალიზდება. ამის გათვალისწინებით, თუ პროგნოზირებული ინფლაცია მიზნობრივ დონეს აღემატება, ეროვნული ბანკი მონეტარულ პოლიტიკას გაამკაცრებს და რეფინანსირების განაკვეთს გაზრდის. რეფინანსირების განაკვეთის მატება საბაზრო საპროცენტო განაკვეთებს გადაეცემა. შედარებით მაღალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, სესხებზე მოთხოვნა მცირდება და ამ არხით ერთობლივი მოთხოვნა იზღუდება. შედარებით დაბალი მოთხოვნა საბოლოოდ ინფლაციას ამცირებს. ამის საპირისპიროდ, როდესაც საპროგნოზო ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამორჩება, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკას არბილებს და რეფინანსირების განაკვეთს ამცირებს. შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთის პირობებში, სესხებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ერთობლივი მოთხოვნის სტიმულირებას განაპირობებს. საბოლოოდ, მაღალი ერთობლივი მოთხოვნის პირობებში, ფასები იზრდება და ინფლაცია მის მიზნობრივ მაჩვენებელს უბრუნდება.