არხები

     

    დისტანციური  მომსახურება

    საგადახდო ინსტრუმენტებთან ერთად პარალელურად ვითარდება დისტანციური მომსახურების არხები, რომლებიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს  ოპერაციები განახორციელონ სხვადასხვა ელექტრონული არხის გამოყენებით. დღეისათვის შეიძლება გამოვყოთ ქვეყანაში მოქმედი დისტანციური მომსახურების შემდეგი ყველაზე გავრცელებული სახეობები, რომელბსაც მომხმარებელს სთავაზობენ კომერციული ბანკები და არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერები:

     

    ინტერნეტ-ბანკინგი - საგადახდო და სხვა მომსახურების გაწევა ინტერნეტის საშუალებით. მომხმარებელს აქვს წვდომა თავის საგადახდო და სხვა ანგარიშებზე და შეუძლია სხვადასხვა ოპერაციის განხორციელება ინტერნეტში ჩართული კომპიუტერიდან, პლანშეტიდან და სხვა მოწყობილობიდან.

     

    ბანკი-კლიენტი - სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის საშუალებითაც კლიენტებს საშუალება ეძლევათ აწარმოონ სხვადასხვა ოპერაციები მათ კომპიუტერზე წინასწარ დაყენებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.

     

    მობაილ-ბანკინგი -  მობილური ტელეფონის აპლიკაცია, რომელიც  შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს მობილური ტელეფონის საშუალებით მართოს და აკონტროლოს თავისი  ანგარიშები, ასევე განახორციელოს გადახდის და სხვა ოპერაციები.

     

    ვიდეო ბანკინგი - შემუშავებული პროცედურების ერთობლიობა, რომელიც ვიდეო ზარის საშუალებით  მომსახურების მიღებას ხდის შესაძლებელს.

     

    სატელეფონო ბანკინგი - სატელეფონო ხმოვანი კომუნიკაციის საშუალებით მომსახურების მიღება. მომხმარებლის ავთენტიფიკაციისათვის საგადახდო მომსახურების პროვაიდერები განსხვავებულ მეთოდებს იყენებენ. სატელეფონო ბანკინგის საშუალებით მომხმარებელს საშუალება აქვს მიიღოს შემდეგი სახის მომსახურებები: ზოგადი საინფორმაციო სერვისი, ასევე მის  ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია, როგორიცაა.: ანგარიშზე არსებული ნაშთი და ბრუნვა, ანაბრის ვადა, საპროცენტო განაკვეთი, სესხის გრაფიკი და სხვა. მომხმარებელს ასევე შესაძლებლობა აქვს განახორციელოს საგადახდო ბარათის დაბლოკვა, თანხის კონვერტაცია, ანგარიშებს შორის გადარიცხვა, სწრაფი გზავნილების განაღდება და სხვა.

     

    SMS ბანკინგი - გულისხმობს SMS-ის საშუალებით მომხმარებლისთვის მარტივი მომსახურებების გაწევას, როგორიცაა ინფორმირება მის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ, ანგარიშზე არსებული ნაშთის შესახებ, მარტივი გადახდის ოპერაციების განხორციელება (მაგ. მობილური ტელეფონის ბალანსის შევსება), ბარათის დაკარგვის შემთხვევაში საგადახდო ბარათის დაბლოკვა (ან ადრე დაბლოკილ ბარათზე ბლოკის მოხსნა) და სხვა.

     

    ელექტრონული კომერცია

    საგადახდო ბარათების ბაზრის განვითარებასთან ერთად, საქართველოში ვითარდება ელექტრონული კომერციის ბიზნესიც.

    დღეისათვის საქართველოში მოქმედი  რამდენიმე კომერციული ბანკი ფლობს სხვადასხვა საერთაშორისო საგადახდო სისტემების (ვიზა, მასტერქარდი, ამერიკან ექსპრესი,...) ინტერნეტ-ექვაირინგის ლიცენზიას და  ექვაირინგის მომსახურებას უწევენ  ელექტრონული კომერციის ობიექტებს - კერძო და სახელმწიფო სფეროს წარმომადგენლებს.