RTGS სისტემა
საქართველოს ავტომატიზებული გადარიცხვებისა და ელექტრონული ანგარიშსწორების სისტემა წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოპერირებულ საგადახდო ინფრასტრუქტურას. იგი აერთიანებს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორებისა (RTGS) და კლირინგის სისტემებს.
სისტემა უზრუნველყოფს როგორც მაღალი, ასევე დაბალი თანხობრივი მოცულობის გადარიცხვების უსაფრთხო, სწრაფ და ეფექტიან დამუშავებას. ტრანზაქციების მიღება და დამუშავება ხდება როგორც პაკეტურ (bulk), ისე ინდივიდუალურ რეჟიმში.
სისტემის მონაწილეები არიან საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, კომერციული ბანკები და მიკრობანკები. სისტემა ფუნქციონირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული წესებისა და საოპერაციო გრაფიკის შესაბამისად.
2026 წლის 11 მაისს განხორციელდა სისტემის მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური განახლება, რომლის ფარგლებშიც სისტემა სრულად გადავიდა ISO 20022 საერთაშორისო შეტყობინებების სტანდარტზე. აღნიშნულმა ცვლილებამ გააუმჯობესა ფინანსური შეტყობინებების სტრუქტურა, მონაცემთა ხარისხი, საერთაშორისო თავსებადობა და გადახდების დამუშავების ეფექტიანობა.
განახლების ფარგლებში გაფართოვდა ეროვნული ბანკის საგადახდო სისტემის ინფრასტრუქტურაზე წვდომა. კერძოდ, არასაბანკო საგადახდო მომსახურების პროვაიდერებს მიეცათ შესაძლებლობა, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გახდნენ სისტემის მონაწილეები.
აღნიშნული სიახლე ხელს უწყობს საგადახდო სისტემის ხელმისაწვდომობის ზრდას, კონკურენტული გარემოს განვითარებას და ფინანსური სექტორის უფრო ფართო ინტეგრაციას.
სისტემის მოდერნიზაციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ბანკთაშორისი ანგარიშსწორების პროცესი. სისტემაში მინიმუმამდეა დაყვანილი საოპერაციო და ანგარიშსწორების რისკები, ხოლო გადახდების დამუშავება ხორციელდება უწყვეტ რეჟიმში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უსაფრთხოების მექანიზმების გამოყენებით.
ახალი ინფრასტრუქტურა ქმნის კარგ საფუძველს მომავალი ინოვაციური სერვისების, მათ შორის, მყისიერი გადახდების სისტემისა (IPS) და დამატებითი ციფრული მომსახურებების განვითარებისთვის.
სისტემაში ინტეგრირებულია ლიკვიდობის მართვისა და ჩიხური სიტუაციების (gridlock) ავტომატური გადაწყვეტის მექანიზმები. მონაწილე ბანკებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ დღის შიდა ლიკვიდობის ინსტრუმენტებით წინასწარ დაგირავებული ფასიანი ქაღალდების საფუძველზე.
სისტემის მჭიდრო ინტეგრაცია GSSS სისტემასთან უზრუნველყოფს, რომ ფასიანი ქაღალდების გადაცემა და მასთან დაკავშირებული ფულადი სახსრებით ანგარიშსწორება განხორციელდეს ერთდროულად, ე.წ. DvP პრინციპის დაცვით, რის შედეგადაც მთლიანად აღმოფხვრილია ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების რისკი.
ცენტრალური ბანკი უზრუნველყოფს RTGS სისტემის ეფექტურ, უსაფრთხო და საიმედო ფუნქციონირებას საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად.
საქართველოს ეროვნულ ბანკში პირველი ბანკთაშორისი ანგარიშსწორების სისტემის (დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის) დანერგვა 2001 წელს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების (სავალუტო ფონდისა და USAD-ის) მხარდაჭერით განხორციელდა.
2009 წელს ექსპლუატაციაში შევიდა დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) ახალი სისტემა, რომელმაც ჩაანაცვლა 9 წლის წინ დანერგილი სისტემა. RTGS სისტემასთან ერთად დაინერგა CSD სისტემაც (ორივე ერთად GPSS (Georgian Payment and Settlement System)). პროექტი ასევე მსოფლიო ბანკისა და USAID-ის მხარდაჭერით მიმდინარეობდა.
მოგვიანებით, 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ CSD-ის კომპონენტის ფუნქციონალის გაფართოვება განახორციელა, რათა არსებულ პლატფორმა GSSS ორ CSD-ის (ეროვნული ბანკის CSD-ის და კერძო ცენტრალური დეპოზიტარის) მომსახურებოდა.
| RTGS ხელმისაწვდომობა | 2019 | 2020 | 2021 | 2022 | 2023 | 2024 |
2025 |
| RTGS | >99.9% | >99.9% |
99.9% |
>99.9% |
>99.9% |
>99.9% |
>99.9% |
საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს RTGS სისტემის ეფექტურ, უსაფრთხო და საიმედო მომსახურებას. სისტემის მართვა ხორციელდება შესაბამისი კანონმდებლობის, საერთაშორისო საუკეთესო საბაზრო სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად. RTGS სისტემის მიმართ არსებობს ძალიან დაბალი ტოლერანტობის ზღვარი ფინანსურ და არაფინანსურ რისკებთან მიმართებაში.
Covid-19-ს გავლენა არ მოუხდენია RTGS სისტემის ოპერაციულ მდგრადობაზე და 2020 წელსაც კვლავ მაღალი დონე შეინარჩუნა. პერსონალი ძირითადად მუშაობდა დისტანციურ რეჟიმში სახლიდან. ნებისმიერი ოპერატიული საკითხის მოგვარება ხდებოდა კოორდინირებულად ვირტუალური შეხვედრებისა და დისტანციური კომუნიკაციის საშუალებით.