საქართველოს ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების რეგულირების პროექტებს აქვეყნებს
07 აგვისტო, 2018
ფინანსური სექტორის ზედამხედველობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების გამოქვეყნების ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკი "საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგისტრაციის, რეგისტრაციის გაუქმებისა და რეგულირების წესის" და "საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდების, ბაზაში აღრიცხვის და ხელმისაწვდომობის წესის" პროექტებს აქვეყნებს. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების მიზანია ფინანსური სტაბილურობისა და ეროვნული ბანკის მანდატის ფარგლებში მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფა. შემუშავებულმა მარეგულირებელმა აქტებმა ხელი უნდა შუწყოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროსათვის სანდო, უტყუარი, ობიექტური და მაქსიმალურად სრული ინფორმაციის მიწოდებას, აღრიცხვას და ხელმისაწვდომობას. ეროვნული ბანკი საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად იმუშავებს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროში დაცულ მონაცემებში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, რამაც უნდა გააუმჯობესოს მონაცემთა ხარისხი და, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყოს პოტენციური მსესხებლების/მომხმარებლების გადახდისუნარიანობის შეფასებას.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს მარეგულირებელი აქტები განსაზღვრავს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროების ნებადართული საქმიანობის ჩამონათვალს, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებს, კაპიტალის მინიმალურ ოდენობას, საოპერაციო და სხვა რისკების მართვის მოთხოვნას და ინფორმაციის მიღების, აღრიცხვა/დამუშავებისა და გაცემის მკაცრად გაწერილ ნორმებს. პროექტებში ასევე განსაზღვრულია საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებები საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობის კუთხით.
მნიშვნელოვანია, რომ კონცეპტუალურად იცვლება ამჟამად დამკვიდრებული პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც ვადაგადაცილების შემთხვევაში საკრედიტო ამონაწერში მომხმარებელს "ნეგატიური" სტატუსი ენიჭება. ცვლილებების შედეგად, საკრედიტო ამონაწერში "ნეგატიური" სტატუსის ნაცვლად ასახული იქნება ფაქტობრივი მონაცემები მომხმარებლის/მსესხებლის საკრედიტო ისტორიის შესახებ. საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების პროექტები შესაბამისობაშია ბიუროს რეგულირების კუთხით არსებულ ძირითად საერთაშორისო პრინციპებთან და შემუშავდა მსოფლიო ბანკის ტექნიკური დახმარების ფარგლებში.
შეგახსენებთ, რომ საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილება საქართველოს ეროვნული ბანკს, მისივე მოთხოვნით, "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში განხორციელებული ცვლილებით მიენიჭა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა და 2018 წლის 11 იანვარს შევიდა ძალაში. საქართველოს ეროვნულ ბანკს დაევალა 2018 წლის 1 სექტემბრამდე გამოსცეს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს საქმიანობის ზედამხედველობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები. ამავე ცვლილებით, საქართველოს ეროვნულ ბანკს მიენიჭა უფლებამოსილება 2018 წლის 1 სექტემბრიდან განახორციელოს საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს ზედამხედველობა.
საკრედიტო საინფორმაციო ბიუროს რეგულირების წესის პროექტის გაცნობა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე - სამართლებრივი აქტების პროექტები. დაინტერესებული მხარეებისგან შემოთავაზებების, შენიშვნებისა და კითხვების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2018 წლის 7 აგვისტოდან 21 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: CreditBureau@nbg.gov.ge.