საზედამხედველო რეჟიმი

    ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების ზედამხედველობასა და რეგულირებას რისკზე დაფუძნებული ზედამხედველობის  შემდეგი პრინციპების დაცვით წარმართავს:

     

    • მატერიალურ რისკებზე კონცენტრირება - რისკებზე მათი მატერიალურობის პროპორციულად ფოკუსირება, კერძოდ, კონცენტრაცია ისეთ რისკებზე, რომლებიც ყველაზე არსებით საფრთხეს უქმნის ფინანსური სექტორის სტაბილურობას ან დეპოზიტორების, კრედიტორებისა და ინვესტორების ფინანსური სახსრების დაცულობას (კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი რიგითობის გათვალისწინებით);
    • მომავალზე ორიენტირებული მიდგომა - საფინანსო სექტორის საფრთხეებისა და პრობლემების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირება და მათ აღმოსაფხვრელად სათანადო მაკორექტირებელი ღონისძიებების დროული გამოყენება;
    • დიალოგი რეგულირებად ფინანსურ ინსტიტუტებთან - აღნიშნული საშუალებას აძლევს ზედამხედველს, გაეცნოს ფინანსური ინსტიტუტის შიდა კულტურას, სტრატეგიასა და მოტივაციას, ხელს უწყობს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მხრიდან შიდა კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას, და, ასევე, რისკების მართვის დახვეწას;
    • მიკრო და მაკროპრუდენციული ზედამხედველობის კოორდინაცია - ზედამხედველობის პროცესში მიკროპრუდენციული ანალიზისას ჯამურად ფინანსური სექტორის მიმდინარე სისტემური ხასიათის რისკების, მათი შემცირებისკენ მიმართული ღონისძიებების, ბიზნეს და საკრედიტო ციკლებისა და მაკროპრუდენციული პოლიტიკის სხვა საკითხების გათვალისწინება;
    • თანმიმდევრულობა, შესაბამისობა და თავსებადობა - ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს შორის შესაბამისობის უზრუნველყოფა, ერთნაირი მახასიათებლების მქონე ინსტიტუტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში ერთგვაროვანი მოთხოვნებისა და მიდგომების გამოყენება, რისკებზე პროპორციული რეაგირება;
    • შიდა რესურსების ეფექტიანი გამოყენება - რისკებზე დაფუძნებული საზედამხედველო პროცესი და პრინციპებზე დაფუძნებული რეგულირება გულისხმობს საზედამხედველო რესურსების ყველაზე ეფექტიან გამოყენებასა და წესებთან შესაბამისობის პასიური შეფასების პროცესის ნაცვლად რისკებსა და მათი მიტიგაციის პრაქტიკულ გზებზე ფოკუსირებას.