მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი

    საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2020 წლის 2 სექტემბერს დაამტკიცა "მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესი". წესის მიზანია საგადახდო მომსახურების მომხმარებლის უსაფრთხო ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფა, მათ შორის, მომხმარებლის უსაფრთხოების პერსონიფიცირებული მახასიათებლების კონფიდენციალობისა და მთლიანობის დაცვა, ასევე თაღლითობისა და სხვა უკანონო ქმედების რისკის შემცირება. 


    აღნიშნული, მიმართულია საფინანსო სექტორის სტაბილურობის ამაღლებისკენ, მომხმარებლების დაცვის გაძლიერებისკენ, საფინანსო და საგადახდო სისტემის ეფექტიანი და სანდო ფუნქციონირების ხელშეწყობისკენ, ამასთან, საგადახდო მომსახურებებისა და უნაღდო გადახდების მიმართ მომხმარებლების ნდობის ამაღლებისკენ.


    წესით გათვალისწინებული დებულებები ვრცელდება საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე, რომლებსაც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკები, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებული საგადახდო მომსახურების პროვაიდერები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები. 


    პროვაიდერი ვალდებულია უზრუნველყოს ძლიერი ავთენტიფიკაცია თავისი მომხმარებლის - გადამხდელის მიერ გარკვეული ქმედებების განხორციელებისას. ეს ქმედებებია:

    ა) გადამხდელის მიერ დისტანციურად ონლაინ რეჟიმში თავის საგადახდო ანგარიშზე წვდომა;
    ბ) ელექტრონული გადახდის ოპერაციის ინიციირება;
    გ) დისტანციური არხის საშუალებით ნებისმიერი ისეთი ქმედების განხორციელება, რომელიც თაღლითობის ან/და სხვა უკანონო ქმედების რისკის მატარებელია.


    წესი განსაზღვრავს იმ გამონაკლისებსა და გარემოებებს, რომლების დაკმაყოფილების შემთხვევაშიც, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი უფლებამოსილია არ განახორციელოს მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაცია. 


    წესში განსაზღვრულია გარდამავალი დებულებები - სხვადასხვა საკითხთან მიმართებაში შესაბამისობის უზრუნველყოფის ვადები.