დაფინანსებული ემისიები

    დაფინანსებული ემისიების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტი


    საქართველოს საფინანსო სექტორში, მდგრადი დაფინანსების განვითარების ხელშეწყობის მიზნითა და გარემოსდაცვითი რისკების მართვის პროცესების დანერგვის მხარდასაჭერად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ფონდ შპარკასე საქართველოსთან თანამშრომლობით, საქართველოს საფინანსო სექტორისთვის "დაფინანსებული ემისიების" გამოთვლისა და ანგარიშგების მეთოდოლოგია და ინსტრუმენტი შეიმუშავა.


    ფინანსური ინსტიტუტები თავიანთი ძირითადი საქმიანობით პირდაპირ თუ ირიბ ზემოქმედებას ახდენენ გარემოზე. თუმცა, ფინანსური ინსტიტუტების შემთხვევაში სათბური გაზების (GHG) ემისიების მთავარ წყაროს წარმოადგენს არა ის ემისიები, რომელიც  უშუალოდ ფინანსური ინსტიტუტების, როგორც კომპანიის მიერ ბიზნეს ოპერაციების წარმოებისა და ენერგიის მოხმარების ხარჯზე წარმოიქმნება, არამედ ის, რაც ამ ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან სხვადასხვა სექტორისთვის დაფინანსების მიწოდებით იქმნება. ემისიების ასეთ კატეგორიას "დაფინანსებული ემისიები" ეწოდება. აქედან გამომდინარე, საფინანსო სექტორში, გარემოსდაცვითი რისკების მართვის პროცესში "დაფინანსებული ემისიების" სისტემატური შეფასება და ანგარიშგება დიდ მნიშვნელობას იძენს.


    დაფინანსებული ემისიების ინსტრუმენტი კომერციული ბანკების მხრიდან დაკრედიტების პროცესში "დაფინანსებული ემისიების" გამოთვლას ემსახურება და მისი მუშაობის პრინციპი საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებზე, კერძოდ PCAF-ის (The Partnership for Carbon Accounting Financials) მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიაზეა დაფუძნებული. აღნიშნული მეთოდოლოგია სხვადასხვა კლასის აქტივებისთვის გამოიყენება, მათ შორის ნებისმიერი ბანკებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი აქტივისთვის როგორიცაა ბიზნეს სესხების პორტფელი. კომპანიებისთვის ბანკის მხრიდან სესხის სახით მიწოდებული კაპიტალი გამოიყენება როგორც ბიზნეს პროცესების, ასევე კომპანიის მიერ წარმოქმნილი სათბურის აირების ემისიის დასაფინანსებლად. აღნიშნული ინსტრუმენტი საშუალებას იძლევა, გამოვთვალოთ დაფინანსებული ემისიები, როგორც ბანკის მთლიანი ბიზნეს სესხების პორტფელის, ასევე სექტორულ ან ინდივიდუალური მომხმარებლის ჭრილში. გარდა ამისა, იგი შედარებითი ანალიზის კარგი ინსტრუმენტიცაა.


    "დაფინანსებული ემისიების" ინსტრუმენტი ფინანსურ ინსტიტუტს საშუალებას აძლევს გაანალიზოს მისი საკრედიტო პორტფელი, განსაზღვროს მასში შემავალი "დაფინანსებული ემისიების" წილი და აღმოაჩინოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული რისკები და შესაძლებლობები, რაც მას გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მიმართულებით ბიზნეს პროცესების სრულყოფისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმარება.



    დაფინანსებული ემისიების მეთოდოლოგია

    დაფინანსებული ემისიების ინსტრუმენტი