IOSCO-ს წლიურ შეხვედრაზე დავით აბესაძემ კაპიტალის ბაზრის მხარდამჭერი პროგრამის შესახებ ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა, დავით აბესაძემ, თურქეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ანკარაში ფასიანი ქაღალდების კომისიების საერთაშორისო ორგანიზაციის (IOSCO) მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტის წლიურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
IOSCO-ს მიწვევით ღონისძიების ფარგლებში დავით აბესაძე ასევე მონაწილეობდა ბაზრის განვითარების ინიციატივებისადმი მიძღვნილ სამუშაო შეხვედრაში, სადაც მან GEMC-ის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კორპორაციული ობლიგაციების ბაზრის განვითარების კუთხით საქართველოს ბოლო წლების წარმატებული გამოცდილება გაუზიარა.
თავის გამოსვლაში დავით აბესაძემ 2022-2023 წლებში განხორციელებული „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამის“ შესახებ მოხსენება წარადგინა, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი საქართველოს ეროვნული ბანკია და რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით EBRD-ის მიერ განხორციელდა. პროგრამა მოიცავდა როგორც საგანმანათლებლო, ისე ფინანსურ კომპონენტებს. აღსანიშნავია, რომ ფინანსური კომპონენტის ფარგლებში ემიტენტებს ფასიანი ქაღალდების საჯარო ემისიასთან დაკავშირებული ტრანზაქციული ხარჯები დაუფინანსდათ. დავით აბესაძემ ყურადღება გაამახვილა კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების შესახებ ემიტენტების ცნობიერების ამაღლების მიზნით პროგრამის ფარგლებში გაწეულ სამუშაოზე და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას ფინანსური წახალისების მექანიზმებთან ერთად.
წლიური შეხვედრის ფარგლებში ასევე შედგა GEMC-ის მდგრადობის ანგარიშგების სტანდარტების დანერგვის ქსელის საინაუგურაციო შეხვედრა. ახალი ქსელი, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკიც შეუერთდა, კომიტეტის წევრ ორგანიზაციებს საერთაშორისო მდგრადობის სტანდარტების საბჭოს (ISSB) მიერ შემუშავებული ანგარიშგების ჩარჩოს იმპლემენტაციაში გაუწევს მხარდაჭერას.
საქართველოს ეროვნული ბანკი IOSCO-ს სრული წევრი 2021 წელს გახდა და ამჟამად იგი IOSCO-ს ორ კომიტეტში-ევროპის რეგიონულ კომიტეტსა და მზარდი და განვითარებადი ბაზრების კომიტეტშია წარმოდგენილი. საქართველოს ეროვნული ბანკი GEMC-ის წევრი მიმდინარე წლის ნოემბრიდან გახდა. აღნიშნული კომიტეტი IOSCO-ს ქოლგის ქვეშ არსებული ყველაზე მსხვილი კომიტეტია და იგი 91 იურისდიქციას მათ შორის, დიდ ოცეულში შემავალ 10 სახელმწიფოს აერთიანებს.